Baby Bag

ონლაინ კონფერენცია მასწავლებლებისთვის - იხილეთ დეტალები

ონლაინ კონფერენცია მასწავლებლებისთვის - იხილეთ დეტალები

გიმნაზია „შავნაბადა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად აცხადებს მასწავლებელთა ონლაინკონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას.

კონფერენცია, სახელწოდებით დისტანციური სწავლების გამოწვევები, პრობლემები და მიღწევები“, გაიმართება 2020 წლის 13 ივნისს, ონლაინ რეჟიმში, ზუმის (Zoom) ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.

კონფერენციის მიზნები:

  • დისტანციურ სწავლებაში მასწავლებელთა საუკეთესო პედაგოგიური გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობა;
  • დისტანციური სწავლების პროცესებში ახალი მიდგომების, სტრატეგიებისა და სასწავლო რესურსების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება;
  • დისტანციური სწავლების პროცესებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.

მოსალოდნებლი შედეგი:

მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცემათ დისტანციური სწავლების საუკეთესო გამოცდილების საფუძველზე, საკუთარი სასწავლო პრაქტიკა მაქსიმალურად მრავალფეროვანი, თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისი და პროდუქტიული გახადონ.

მიზნობრივი ჯგუფი:

საჯარო და კერძო სკოლების ყველა დაინტერესებული მასწავლებელი, ფსიქოლოგი/სპეც.პედაგოგი.

კონფერენციის ჩატარების ეტაპები და ვადები

I. კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადისა და აბსტრაქტის გადმოგზავნის ბოლო ვადა - 20.05.2020

II. აპლიკანტებისათვის აბსტრაქტის განხილვის შედეგები ცნობილი გახდება 25.05.2020

III. აპლიკანტის მიერ საკონფერენციო თემისა და საპრეზენტაციო მასალის დასრულებული ვერსიის გადმოგზანის საბოლოო ვადა - 08.06.2020

IV. კონფერენციის გახსნა - 13.06.2020

კონფერენცია იმუშავებს 4 სექციად:

1) ტექნიკური უზრუნველყოფა და სასწავლო ინტერნეტპროგრამები დისტანციურ სწავლებაში

2) მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია

3) სასწავლო პროცესის გაციფრულება და ფსიქოლოგიური ფონი

4) სსსმ მოსწავლეები და დისტანციური სწავლება

კონფერენციაში მონაწილეებს ვთავაზობთ თემებს, რომლებიც, სავარაუდოდ, დააინტერესებს სასკოლო საზოგადოებას, თუმცა, ეს არ არის ვალდებულება და აუცილებელი პირობა. ქვემოთ მოცემული ჩამონათვალი ხელს შეუწყობს მასწავლებლებს, შეარჩიონ ან თავად შემოგვთავაზონ ის საკითხები/თემები, რომელი მიმართულებითაც მზად არიან თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სხვებს.

საკონფერენციო თემატიკა

  1. დისტანციური სწავლების პროცესში ტექნიკური და სასწავლო პროგრამების მიმართუებით გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება;
  • ტექნიკური აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა და ხარისხიანი ინტერნეტი - პრობლემები და მათი გადაჭრის გზები
  • დისტანციური სწავლების პროცესში ახალი ვირტუალური სასწავლო პროგრამების ხელმისაწვდომობა, გამოყენება და გამოწვევები.
  1. დისტანციური სწავლების პროცესში მოსწავეთა ჩართულობის, მოტივაციისა და სწავლების მეთოდების, სტრატეგიების, მიდგომების გაზიარება;
  • ონლაინ სწავლება და კლასის ორგანიზების ფორმები;
  • პროექტებით სწავლება დისტანციურად;
  • მულტიმედიური რესურსის ეფექტური გამოყენება დისტანციური სწავლების დროს;
  • განმავითარებელი შეფასება დისტანციური სწავლების პირობებში;
  • წიგნიერების უნარების განითარება დისტანციური სწავლების დროს;
  • მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლის (სწავლის სწავლა) ხელშეწყობა დისტანციური სწავლების პირობებში;
  • წერითი უნარების განვითარებაზე ზრუნვა დისტანციური სწავლების პირობებში;
  • კომპლექსური დავალებები, როგორც თემის/საკითხის შეჯამების საშუალება და მისი ეფექტური გამოყენება დისტანციურ სწავლებაში;
  • მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა დისტანციური სწავლების დროს;
  • და ა.შ.
  1. გამოცდილების გაზიარება დისტანციური სწავლების პროცესში თანხმლები სტრესის გადაჭრის გზებში (მოსწავლეებსა და მასწავლებლებში);
  • ადაპტაცია ციფრულ სივრცეში და შექმნილი ფსიქოლოგიური ფონი - პრობლემები და გადაჭრის გზები;
  • პედაგოგთა, მოსწავლეთა და მშობელთა თანამშრომლობა/მხარდაჭერა დისტანციურად;
  • მოსწავლეთა უფლებები და გამოწვევები ონლაინ საგაკვეთილო

პროცესში.

  • ონლაინ სწავლება - აღქმა და განწყობა.
  1. დისტანციური სწავლების პროცესში ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოცდილებების გაზიარება.
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ადაპტაცია ონლაინ საგაკვეთილო პროცესში;
  • განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ქცევის მართვა ონლაინ სასწავლო პროცესში;
  • სსსმ მოსწავლეების ჩართვა და სოციალიზაცია დისტანციური სწავლების პროცესში;
  • ონლაინ სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები ინკლუზიურ განათლებაში;
  • სპეც.მასწავლებლის როლი ონლაინ სწავლების პროცესში.

მოთხოვნები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად მონაწილეს უნდა ჰქონდეს ხარისხიანი ინტერნეტი, ვიდეოთვალი, მიკროფონი და აქტიურებული მომხმარებელი ზუმის (Zoom) ელექტრონულ პლათფორმაში;
  • აპლიკანტებმა პირველ ეტაპზე უნდა გამოაგზავნონ მოხსენების ერთგვერდიანი ანოტაცია (აბსტრაქტი), სადაც აღწერილი იქნება წარმოდგენილი გამოცდილება;
  • აპლიკანტის ნაშრომი თავსებადი უნდა იყოს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან, საგნობრივ სტანდარტებსა და კონფერენციის მიზნებთან;
  • შესაძლებელია, ორმა პედაგოგმა წარმოადგინოს ერთობლივი ნამუშევარი (სერთიფიკატი გადაეცემა ორივე მონაწილეს ინდივიდუალურად);
  • საკონფერენციო ნაშრომი უნდა ეფუძნებოდეს მომხსენებლის მიერ 2019-2020 სასწავლო წელს მეორე სემესტრში დისტანციურ სასწავლო პროცესში მიღებულ გამოცდილებას;
  • კონფერენციის მონაწილის ნაშრომის პრეზენტაციის რეგლამენტი - 8 - 10 წუთი, დებატები - 5 წუთი.
  • საპრეზენტაციო პროგრამა - PowerPoint ან აპლიკანტისთვის სასურველი სხვა პროგრამა;
  • კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი უფლებამოსილია, არ განიხილოს
  • აპლიკანტი, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს;
  • ერთი მონაწილის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი;
  • გუნდური (ორზე მეტი პირის მიერ წარმოდგენილი) ნაშრომი;
  • დაგვიანებით წარმოდგენილი ნაშრომი.

აბსტრაქტი უნდა მოიცავდეს:

  • თემის სახელწოდებას;
  • შესავალს (პრობლემის/საკითხის აღწერა);
  • ძირითადი ნაწილს (განხორციელებული სამუშაოები/აქტივობები, მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა);
  • დასკვნას;
  • გამოყენებულ ლიტერატურას (საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტმა გამოიყენა სხვისი ნაშრომი, აუცილებელია, მიუთითოს ავტორი და თავად ნაშრომის სახელწოდება).

აბსტრაქტი გამოგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

აბსტრაქტის გამოგზავნისას აპლიკანტებმა უნდა მიუთითონ შემდეგი მონაცემები:

  • სახელი და გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • რეგიონი, რაიონი, სკოლა
  • საგანი
  • სათაურის ველში - თემის სახელწოდება.

ნამუშევრის ტექნიკური მახასიათებლები:

ტექსტის შრიფტი - Sylfaen; ზომები - ნაშრომის სახელწოდება - 14 Bold, ძირითადი ტექსტი - 12, ინტერვალი - 1.5.

შენიშვნა: კონფერენცის მონაწილეთათვის გაიცემა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გიმნაზია „შავნაბადას“ დირექტორების მიერ დამოწმებული სერთიფიკატი.

მომხსენებლებს შეარჩევს კვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით პროექტის საორგანიზაციო კომიტეტს ელექტრონულ მისამართზე:

[email protected]

[email protected]

ან ნომერზე: 598 588 859

შეიძლება დაინტერესდეთ

მშობლებისა და მოსწავლეების მადლობის წერილი ბათუმის N4 სკოლის მასწავლებელს

მშობლებისა და მოსწავლეების მადლობის წერილი ბათუმის N4 სკოლის მასწავლებელს
ბათუმის N4 სკოლის მშობელთა კომიტეტის თავჯდომარე ზეინაბ ნაკაშიძე მე-4 (დ) კლასის მშობლებისა და  შვილების სახელით მადლობას უხდის კლასის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, გულო ბასილაძეს დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში აქტიური და განსაკუთრებული ჩართულობისათვის. მადლობის წერილი ​Momsedu.ge-ს თავად ზეინაბ ნაკაშიძემ მიაწოდა:

,,ქალაქ ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის მე-4 (დ) კლასის მშობლები, ჩვენს შვილებთან ერთად უღრმეს და გულითად მადლობას ვუხდით ჩვენი კლასის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს გულო ბასილაძეს, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში აქტიური და განსაკუთრებული ჩართულობისათვის. არსებული მდგომარეობის მიუხედავად ქალბატონი გულო იმ დღიდანვე, როგორც კი გამოცხადდა ონლაინსწავლება, დაგვიკავშირდა თითოეულ მშობელს და გვაცნობა, რომ ყველა მოსწავლე დაარეგისტრირა და მზა კოდები მოგვაწოდა. ასევე ყველა გაკვეთილს ესწრება, რათა დააფიქსიროს მოსწავლეთა ჩართულობა სხვა საგნებშიც. ჩვენი კლასის თითქმის ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული ონლაინსწავლებაში და შედეგიც კარგი გვაქვს, რადან ბავშვებისთვის ეს ყველაფერი მოსაწყენი არაა. ამას განაპირობებს ის, რომ გულო მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მის მიერვე შექმნილ ონლაინრესურსებს და სხვადასხვა სახლისო დავალებებს, რითაც უფრო მეტად დააინტერესა ჩვენი შვილები. ასევე შექმნა ,,კითხვის საათი“, რათა შაბათი-კვირაც მაქსიმალურად საგანმანათლებლო ყოფილიყო. მოსწავლეებმაც არ დააყოვნეს, მასწავლებლის შრომა დააფასეს. მხატვრულად ამზადებენ სხვადასხვა მწერლების მოთხრობებს და ტვირთავენ ვიდეოებს, რომლებსაც უამრავი მნახველი ჰყავს. ასევე, მოსწავლეების დიდმა სურვილმა და მოწოდებამ, რომ ისინი შემოქმედებითები არიან, განაპირობა ისიც ,რომ დაიწყეს გამოწვევა,,ლექსის მხატვრულად კითხვაში“, რომელშიც ყველა მოსწავლეა ჩართული. აქტიურად ვატარებთ ონლაინ კლასსაათსაც. ჩვენი შვილები ხალისით უყურებენ ტელესკოლის გაკვეთილებს ყველა საგანში და ამზადებენ დავალებებს, რომელსაც შემდეგ მასწავლებელი უმოწმებს მათ. ამ კუთხით მშობლებიც დავინტერესდით და შვილებთან ერთად ვაქტიურობთ. გულო მასწავლებელს არასდროს ავიწყდება მისი მოსწავლეების წახალისება და მოსწავლეები დისტანციურად დააჯილდოვა სერთიფიკატებით, რამაც ჩვენს შვილებს უფრო მეტი მოტივაცია გაუღვივა სწავლისადმი.ესაა უდიდესი შრომა ჩვენი მასწავლებლისა, რომელიც დასაფასებელია ყველასგან. გარდა ამისა, უღრმეს მადლობას ვუხდით მათემატიკის მასწავლებელს ქალბატონ მაგული ქურიძეს, რომლიც დაუღალავად შრომობს რათა ჩვენს შვილებს გადაალახინოს ყველა დაბრკოლება, რაც შეიძლება ახლდეს დისტანციურ სწავლებას და ყველა საგნის მასწავლებელს, რომლებიც ასევე აქტიურად არიან ჩართული დისტანციურ სწავლებაში და თითოეული მოსწავლის შრომას აფასებენ. ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლის მე-4(დ)კლასის მშობლები და მოსწავლეები,'' - აღნიშნულია მადლობის წერილში.
წაიკითხეთ სრულად