მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
„არ არის აუცილებელი, ყოველდღე ატაროთ 45 წთ-იანი ჩართვა, საკმარისია 10-15 წთ“ - ქართველი მასწავლებელი და ტრენერი ონლაინსწავლებაზე
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სკოლებში გახანგრძლივებული არდადეგების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. რა გამოიკვეთა ამ პროცესში, - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში მასწავლებელი და ტრენერი მანანა ჯინჭარაძე წერს.
„რა გამოიკვეთა ონლაინსწავლების მცდელობის პირველ დღეს:
- მეტი წილი მასწავლებლებისა მონდომებულები არიან და უმეტესობას აქვს მოტივაცია; - მასწავლებლების გარკვეულ რაოდენობას აქვს უნარი მოიხმაროს ტექნოლოგიები; - ზოგიერთ მასწავლებელს და სკოლას აქვს საშუალება ტექნიკურად გამართოს პროცესი; - რიგი პედაგოგებისა კმაყოფილია ინტერნეტით, რიგი - ჩივის ინტერნეტის დაბალი სიხშირის, რიგი - უინტერნეტობის გამო. - კმაყოფილი მასწავლებლები აღნიშნავენ სირთულეებზეც და ეძებენ გზებს გასაუმჯობესებლად. შუაშისტები - ეძებენ კმაყოფილი მასწავლებლების გამოცდილებას, უკმაყოფილოები ეძებენ წუწუნის მიზეზებს. - არსებობენ დამოუკიდებელი მასწავლებლები, რომლებმაც ზუსტად იციან, როგორ დაიცვან რეკომენდაციები და არ დაკარგონ ინდივიდუალობა; პარალელურად არიან ისეთებიც, რომლებიც ზუსტად მიყვებიან რეკომენდაციებს და ბოლოს - ისეთები, რომლებმაც არ იციან რა ქნან.
რისკები, რომლებიც გამოიკვეთა: - არ ვართ დაცული პერსონალური ინფორმაციის, ნებსით თუ უნებლიეთ, გაჟონვის საფრთხეებისგან; - არ ვართ დაცული კიბერაგრესიისაგან ცალკეული მოსწავლეების ინტერნეტსივრცეში გამოჩენით; - ვერ ვანაწილებთ დროს, - ეს არაა გაკვეთილის ფორმატი; - ვერ ვითვალისწინებთ, რომ ონლაინ სწავლებისას უნდა დავივიწყოთ გაკვეთილების ცხრილი და პროცესის განრიგი შევადგინოთ; - ნაკლებად ვიყენებთ სწავლების სხვადასხვა ფორმას; - არ ან ნაკლებად ვმუშაობთ თვითდისციპლინაზე; - მშობელთა განათლება გასააქტიურებელია ტექნოლოგიების, ინსტრუმენტების გამოყენების, სწავლების ფორმების მისაწვდომობის, სარგებელის და ა.შ. კუთხით.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რეკომენდაციები, რომლებიც ჩემზე უკეთ იცით:
- გააქტიურე დამოუკიდებელი სწავლების ფორმატი; ეს თვითდისციპლინასაც გამოუმუშავებს მოსწავლეს და ფიქრსაც შეაჩვევს; - მიეცით ისეთი პროექტები, რომლებსაც სახლის პირობებში გააკეთებენ; - არ არის აუცილებელი, ყოველდღე ატარო 45 წთ-იანი ჩართვა, საკმარისია 10-15 წთ; - არ არის აუცილებელი, ყოველდღე ატარო საგანი, რომელსაც დატვირთვა კვირაში 5 სთ აქვს - შეგიძლია მისცე დავალება და სირთულიდან გამომდინარე ჩაგაბაროს კვირის ბოლოს ან 3 დღის მერე; - არ არის აუცილებელი, საგაკვეთილო ეტაპები დაიცვა - შეცვალე ისე, როგორც სწორად მიიჩნევ; - დისკუსიის რეჟიმი კარგად გაჩვენებს, რა ცოდნა, უნარები და დამოკიდებულებები აქვს მოსწავლეს და პარალელურად ინდივიდუალურ დიაგნოსტირებასაც ამზადებ; - ეს არაა შეჯიბრი, ვინ მოასწრებს - არ ინერვიულო ჩაუტარებელი გაკვეთილის გამო. აპრილიდანაც მშვენივრად მოასწრებ პროგრამა აათვისებინო და შედეგზე გახვიდე; - საფეხურის მისაღწევი შედეგები თქვენთვის სასურველი მოცემულობაა - თავისუფლად შეგიძლია მე-7, მე-8 ან მე-4, მე-5 კლასების მისაღწევი შედეგები შემდეგი წლისთვის გადაიტანოთ და ეს დრო მათთვის გააზრებული კითხვის, რაოდენობრივი და სხვა წიგნიერებების სასტარტოდ გამოიყენოთ; - სასურველია, ფლობდე, მაგრამ სამყარო არ მთავრდება წინადადებასთან: ,,არ ვიცი ონლაინ სწავლება'' - მარტო არავინ გტოვებს პრობლემასთან. თქვენთვის უამრავ საინტერესო მასალას ამზადებენ, დაგეხმარებიან, სახელმღვანელოებს მოგაწვდიან და ბოლოს კოლეგებთან თანამშრომლობა უპირობო მოცემულობაა, ამ დროს, პრობლემის გადასაწყვეტად. - მიღებული რეკომენდაციით ყველა ტიპის დისტანციური საკომუნიკაციო არხის გამოყენება შეგიძლიათ. ასეთი მესიჯიც არის, ელფოსტაც, ჩატიც და ფბ ჯგუფიც. მაგ. შეიძლება მოიფიქრო თემა, დააწერინო ესსე(შედარებით სრულფასოვანი ინსტრუმენტია ცოდნის გასაზომად) და გადმოგიგზავნონ მეილზე; ან მისცე ლოგიკური ამოცანების ამოხსნის შესაძლებლობა; - ვიცი, რომ საბჭოთა პერიოდში იყო (იქნებ ახლაცაა) სახალისო მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ა.შ. შედეგების მისაღწევად ძალიან დაგეხმარებათ ეს წიგნები და უფრო სახალისოს გახდის სწავლის პროცესს; - დაიხმარე მოხალისე მშობელი და იმედი არ დაკარგო, - წაბაძულობით მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება; - ერთხელ რომ აღელვებით წაიკითხავ სამინისტროს რეკომენდაციებს, მოისროლე გვერდზე, ჩაისუნთქე, გაიარ-გამოიარე, ეზო თუ გაქვს ჩადი ეზოში, თუ - არა ფანჯრიდან გახედე ბუნებას ან მეზობელ კორპუსს, შემობრუნდი 10 წთ-ის შემდეგ და ახლა უკვე მშვიდად გადაიკითხე თავიდან. მიხვდები, რომ რაც იქ წერია, ყველაფერი შენი გასაკეთებელი არაა და შენი შესასრულებელი შენივე შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა ამოკრიბო მიღებული რეკომენდაციებიდან.
p.s. მადლობა, ვისაც არ დაგეზარათ და წაიკითხეთ. უფრო მადლობელი ვიქნები, თუ თქვენს რეკომენდაციებსაც დაამატებთ/გაგვიზიარებთ. გახსოვდეთ, ამ ომს (კორონასთან, ონლაინ სწავლებასთან, ცვლილებების შიშთან, დეპრესიასთან და სხვ.) დისტანციურად, მაგრამ მაინც ჩვენ ვიგებთ: დედები და მასწავლებლები! ახლა უკვე მამებიც...“ წერს მანანა ჯინჭარაძე.