მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
როგორ გავასაჩივროთ მასწავლებელთა გამოცდის შედეგები - ინსტრუქცია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდასთან, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებასთან დაკავშირებული სააპელაციო განაცხადები მიიღება 9 დეკემბრის 10:00 საათიდან 11 დეკემბრის 18:00 საათამდე მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს აპელაციის საფასური. ერთი საგნის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან ბრუნდება). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს აპლიკანტის პირადი ნომერი და საჭიროების შემთხვევაში - გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი.
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო:
ცენტრის ვებგვერდიდან - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
„საქართველოს ბანკის“სერვისცენტრებით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
სააპელაციო განაცხადის შესავსებად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს online.naec.ge ან www.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილ ღილაკზე დაჭერის შემდეგ შესაბამის ველებში შეიყვანოთ პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) ნომერი.
მითითებული სიმბოლოების შეყვანის შემდეგ აჭერთ ღილაკს „შესვლა“და იწყებთ თქვენთვის სასურველი საგნის შერჩევას ჩამონათვალიდან (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ არჩევნის გაკეთების საშუალებას). საგნის არჩევის შემდეგ უთითებთ იმ დავალებებს, რომელთა გასაჩივრებაც გსურთ. შეგიძლიათ აირჩიოთ ყველა დავალება.
გაითვალისწინეთ: ორი (საგანი, პროფესიული უნარები) სააპელაციო განაცხადის არსებობის შემთხვევაში, სისტემიდან გამოსვლის გარეშე უნდა შეავსოთ ორივე და მხოლოდ ამის შემდეგ გააგზავნოთ იგი.
ამ აღნიშვნების შესრულების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს ინახავს, როგორც დროებითს. დროებით განაცხადში არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა.
გახსოვდეთ, დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“. აპელაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აპლიკანტი დაინახავს განაცხადისათვის მინიჭებულ ნომერს. გაგზავნის შემდეგ მასში ცვლილებებს ვეღარ შეიტანთ.