მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
რამდენი ლარით იზრდება უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ხელფასები 2019-2020 სასწავლო წელს
ოქტომბრის თვიდან პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ და ეს პროცესი ყოველწლიური იქნება, - ამის შესახებ
განათლების, მეცნირების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა
პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.
უფროსი მასწავლებელი, სტატუსის გარდა, მიიღებს საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარს, წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარს, მენტორი მასწავლებელი - 1745 ლარს. მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება. პედაგოგებს, რომლებსაც 15 საგაკვეთილო საათზე ნაკლები აქვთ, საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ ანაზღაურება.
ანუ ფაქტობრივად, ყველა პედაგოგს, რომელსაც სტატუსი აქვს მინიჭებული, ხელფასის ზრდა შეეხება. პედაგოგების ანაზღაურების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება ყოველწლიურად. ხელფასების მატება მოხდება ყოველ შემოდგომაზე,“ - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრის თქმით, პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ტექპერსონალსა და
რესურსცენტრების თანამშრომლებს:
„პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ტექნიკურ მუშაკებს, საშუალოდ 20%-ით, ამ შემოდგომიდან. ეს ზრდა ყოველ შემოდგომაზე გაგრძელდება. პირველი სექტემბრიდან რესურსცენტრების ხელმძღვანელებს, თანამშრომლებს, ყველას ეზრდება ხელფასი მინიმუმ 150 ლარით“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
დღევანდელ შეხვედრაზე მასწავლებლების ხელფასების გაზრდაზე ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.
„მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანმიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით, ყველა მასწავლებელს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებს, მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებსაც. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი მიაღწევს 1700 ლარს; წამყვანი პედაგოგის - 2150 ლარს და მენტორი პედაგოგის - 2450 ლარს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.