მასწავლებლის სახლის დირექტორის, ბერიკა შუკაკიძის განცხადებას - ვინც სტატუსით მაღლა დგას, მას მეტი საათი უნდა ჰქონდეს, მასწავლებელთა მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მათი ნაწილი ეთანხმება ამ მოსაზრებას, ნაწილისთვის კი მიუღებელია. გთავაზობთ პედაგოგების კომენტარებს აღნიშნულთან დაკავშირებით:
„მეტი საათი უნდა ჰქონდეს გასაგებია, კი, მაგრამ ისე არა, რომ ქიმიკოსი ფიზიკას ართმევდეს საათებს. ამ პრინციპით არა, თავის საგანში კი ბატონო. ვიცი შემთხვევა, სადაც ქიმიკოსს აქვს 25 საათი იმიტომ, რომ მენტორია და ფიზიკოსს 8 საათი, იმიტომ რომ იმ მენტორმა შეითვისა ფიზიკის საათებიც. ეს ნორმალურია? - არადა, თავის საგანში ჩაბარებული აქვს გამოცდა, ფიზიკის მასწავლებელს.“
„ჩამოგვართვეს საათები იმ მასწავლებლებს, ვინც სტატუსით მაღლა ვიდექით...თანაც 10 კრედიტი გვაქვს მიღებული წლების წინ...უფროსები გახადეთ 1 კრედიტით და თანაც საათებიც მიართვით „დამსახურებულად“ ზოგიერთებს...ამაზე ვინ გამცემს პასუხს, მაინტერესებს...“
„მეც მასე გამიკეთეს და ყველაფერი რესურცენტრების ჩარევით ხდებოდა, დამცირების ფასად იმიტომ, რომ სამინისტროს თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული და რასაც უნდა იმას აკეთებენ. ვინმე დაინტერესებულა და შეუმოწმებია სკოლები?“
„რატომ იძლევით 15 საათით მანიპულირების საშუალებას? როდის გახდა 15 საათი სრული განაკვეთი? ან იქნებ ახსნათ, თუ 15 საათი განაკვეთია, ათვლის წერტილი რატომ არის 18 საათიანი დატვირთვა?“
„ყველას უფროსის სტატუსი, რომ მიაკერეთ „ვაი, კრედიტომანიით'' და ეხლა ფიზიკურად საათი არ არის და მუშტრის თვალით რომ გიყურებს, რომ უნდა გაუყო ან დაუთმო, ეგ როგორ გვარდება თქვენს გაგებაში?“
„უფროსის, წამყვანისა და მენტორის მოსწავლეებიც დადიან რეპეტიტორებთან.“
„ჯერ დაასაქმეთ ის სტატუსით მაღლა მდგომები! მეზღაპრეობენ! ჰმ! რამდენი დარღვევის შესახებ მივწერე პირადად მას და რა გააკეთა?!“
„მივესალმები მსგავს მიდგომას!!! ზუსტადაც სტატუსით მაღლა მდგომ პედაგოგს მეტი საათი უნდა ჰქონდეს! მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ასეა და ამას სამინისტრო სხვებზე უკეთ აფასებს!!!“
„რატომ არ შეიძლება, რომ სტატუსით მაღლა მდგომ დირექტორების შემთხვევაში, რომ დაუშვათ გამონაკლისი და დართოთ ნება 15 საათიანი დატვირთვის? გამოდის, რომ პრაქტიკოსი მასწავლებელი ატარებს 25 საათ, ხოლო მე, როგორც დირექტორი და ამავდროულად უფროსი მასწავლებელი, 10 საათს იმიტომ, რომ კანონი კრძალავს. რამდენად სამართლიანია ეს?“
„იმასაც გააჩნია, ვინ როგორ აიმაღლა სტატუსი, გამოცდის 1 ქულით რომ იმაღლებენ სტატუსს და თავი უფროს მასწავლებლად მოაქვთ, უსამართლობაა! უფროსია ის პედაგოგი, რომელმაც ჩააბარა გამოცდა და აიღო 10 კრედიტი, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული.“
„ჯერ დაასაქმეთ უფროსი მასწავლებლები. მიდიხარ გასაუბრებაზე და დამწყები მინდა, გეუბნება კორუმპირებული დირექტორი.. ახლა აღარც ვცდილობ დავმალო. სადაც ვიყავი გასაუბრებაზე, ყველა დირექტორი უნდა დავასახელო და მათი სამარცხვინო გასაუბრებებიც.“
საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დამტკიცდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი განსაზღვრავს საჯარო სკოლის დირექტორის ცოდნასა და უნარებს, პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მოეთხოვება საჯარო სკოლის ხელმძღვანელ პირს.
სტანდარტი შეიძლება გამოყენებულ იქნეს:
„ა) დირექტორის მიერ თავისი საქმიანობისა და პროფესიული განვითარების დაგეგმვის მიზნით – დირექტორს საშუალება ეძლევა თვითშეფასების საფუძველზე სტანდარტთან მიმართებით შეაფასოს თავისი კომპეტენციები, განსაზღვროს რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები და უზრუნველყოს პროფესიული განვითარება;
ბ) დირექტორის შერჩევის მიზნით – სტანდარტთან მიმართებით კადრების შერჩევა და მათი კომპეტენციების შეფასება სახელმწიფოს საშუალებას აძლევს გამჭვირვალედ და ობიექტურად დაგეგმოს და განახორციელოს დირექტორის სერტიფიცირება;
გ) დირექტორის შეფასების მიზნით – დირექტორის საქმიანობის შეფასება შეიძლება ხორციელდებოდეს როგორც სასკოლო საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მის პრაქტიკულ მიღწევებს ენიჭება, თუ როგორი გარემოა სკოლაში, როგორია სკოლის მოვლა-პატრონობის პრაქტიკა, როგორია სასკოლო კულტურა. ამოსავალი კი არის სწავლა-სწავლების გამართული პროცესი, რომელშიც თითოეული მოსწავლისთვის შექმნილია მისი სწავლისა და განვითარებისთვის პოზიტიური გარემო;
დ) დირექტორის მომზადების მიზნით – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სტანდარტების საფუძველზე ამზადებენ სკოლების მომავალ ხელმძღვანელებს. სტანდარტი თავის მხრივ უნივერსიტეტებისთვის არის ორიენტირი ამ სტანდარტის მოთხოვნის შესაბამისი პროგრამების მოსამზადებლად და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წარმატებით გასავლელად“.
ბრძანების თანახმად, სტანდარტის სტრუქტურა წარმოდგენილია ოთხი ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ურთიერთდამოკიდებული და თანაბრად მნიშვნელოვანია:
ა) საგანმანათლებლო ლიდერობა;
ბ) სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება;
გ) თვითგანვითარება და თანამშრომელთა პროფესიული განვითარება;
დ) თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა.
საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტი სრულად იხილეთ ბმულზე - სკოლის დირექტორის სტანდარტი
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს. სერტიფიცირების მსურველთათვის ელექტრონული რეგისტრაცია სამინისტროს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge 3 თებერვალს დაიწყება და 17 თებერვალს დასრულდება.