„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს...“
ელეონორა (ელიკო) ქუთათელაძე პირველ კლასიკურ გიმნაზიაში ინგლისურ ენას ასწავლის. მან პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„უნივერსიტეტის მერხიდან პირდაპირ სკოლაში შემოვედი. არ მქონდა დიდი ხნით დარჩენა გადაწყვეტილი, თუმცა შემოვდგი ფეხი თუ არა, ისე შემიყვარდნენ ჩემი მოსწავლეები, ისე მომეწონა ჩემი პროფესია, რომ დარჩენა გადავწყვიტე. სწორედ ამ სიყვარულმა გამაძლებინა დღემდე სკოლაში და ეს სიყვარული მაცოცხლებს. ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ამ წლების განმავლობაში ურთიერთობა მქონდა ძალიან ბევრ კარგ ახალგაზრდასთან, ინტელექტუალურ ბავშვებთან.
კარგი მასწავლებელი ბავშვის მეგობარი უნდა იყოს. მათში მოვალეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა უნდა გააღვიძოს, რაც, საბოლოოდ, მათ პიროვნებად და მოქალაქედ ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.
ძალიან მიჭირს პროფესიიდან გასვლა. ვერც კი წარმომიდგენია, რომ კლასში შესვლა აღარ მომიწევს. სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის ჯილდოს გადაცემამ დაფასებულად მაგრძნობინა თავი და პროფესიიდან გასვლა გამიადვილა,“ - აღნიშნა ელეონორა ქუთათელაძემ.