„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ
მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.
,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.
მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში.
მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.