„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია
ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ყველა მათგანის ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ. ,,ოქროს ბირჟის'' კლასტერს წარმოდგენს:
„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან. 15 არის ზუგდიდში, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი „ოქროს ბირჟის“ კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდის მკვიდრია და არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი,'' - დასძინა მალხაზ თორიამ.