„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
როდის დასრულდება 2019-2020 სასწავლო წელი - თარიღი ცნობილია
მეთორმეტეკლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩვეულებრივად ჩატარდა.
„მოგეხსენებათ, რომ მარტიდან სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა. ამის შემდგომ განათლების სისტემამ შეძლო ძალიან სწრაფად მობილიზება და დისტანციური, ონლაინგაკვეთილების დანერგვა და ამან თავისი შედეგი გამოიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გვყავს ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მარტივი წვდომა ინტერნეტთან, განათლების სამინისტრომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საზოგადოებრივ მაუწყებელთან ერთად შექმნა ისეთი ფორმატი, როგორიც არის „ტელესკოლა“, რომელიც არამხოლოდ საქართველში გახდა პოპულარული, მან საერთაშორისი აღიარებაც მოიპოვა. ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „ტელესკოლა“, ეს არის ფორმატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობებიც ენებზეც მაუწყებლობს და აძლევს საშუალებას საქართველოში თითოეულ მოსწავლეს, არ ჩაუვარდეს სასწავლო წელი. ამ ნაბიჯების შედეგია ის, რომ საქართველოში 2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება. საქართველოში სასწავლო წელი დისტანციურად, ონლაინ, „ტელესკოლის“ საშუალებით ჩატარდა ჩვეულებრივად, ნორმალურ რეჟიმში და მე-12 კლასელები სასწავლო წელს დაასრულებენ 20 მაისს, პირველკლასელები 27 მაისს, დანარჩენი მოსწავლეები - 15 ივნისს”, - განაცხადა გახარიამ.