„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
შექმნილია Facebook-ის სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია - განათლების სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების პროცესში ეხმარება
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს დისტანციური სწავლების გამართულად წარმართვის პროცესში ეხმარება.
სამინისტროს ცნობით, შექმნილია Facebook-ის სპეციალური ჯგუფი, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
„აღნიშნულ ჯგუფში ახალი სკოლის მოდელში ჩართული ტექნოლოგიების ექსპერტები და სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) წარმომადგენლები საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის და Microsoft Office 365-ის სრულფასოვნად ათვისებისთვის დახმარებას გაუწევენ. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ონლაინ რეჟიმში გამოგზავნონ კითხვები და მიიღონ კონსულტაცია კონკრეტულ საკითხებზე,“ - აღნიშნულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.