„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების პროცესი გრძელდება
პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 19 ივლისს გამოცდას ბიოლოგიაში, უცხოურ ენებში, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებსა და ქართულში, როგორც მეორე ენაში აბარებენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფიო გორგოძესთან ერთად, პროცესის მიმდინარეობას 103-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში პირადად გაეცნო.
გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები 10 ივლისიდან ჩაერთვნენ. წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულთაგან 20000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია. წელს უპრეცედენტოა მასწავლებელთა გამოცხადების მაჩვენებელი - 80%-ზე მეტი.
პედაგოგობის მსურველი პირი აბარებს მხოლოდ საგნის გამოცდას, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია.
კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ საგნებში:
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I – IV კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI კლასები);
მათემატიკა (I-VI კლასები);
ბუნებისმეტყველება (I-VI კლასები);
ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
ესთეტიკური აღზრდის საგნები: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, სპორტი;
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.
ტესტირება მათემატიკაში, საზოგადოებრივ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ესთეტიკური აღზრდის საგნებში, ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში, ასევე ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ტარდება რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზეც იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც ასწავლიან ან სურთ ასწავლონ შესაბამის არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებში.
მნიშვნელოვანია, რომ ყოველ გამოცდაზე აპლიკანტი დროულად გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით, რომელშიც მითითებულია თითოეული გამოცდის დრო და ადგილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.