„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მასწავლებლის სახლის რეკომენდაციები გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით
1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, eschool-ის ელექტრონულ სისტემაში ჩაირთვება გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია. რეგისტრაცია უნდა გაიაროს ყველამ, ვინც აკმაყოფილებს გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, წინა სემესტრში იყო თუ არა დარეგისტრირებული.
წარმოგიდგენთ მასწავლებლის სახლის რეკომენდაციებს გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით:
მასწავლებელი რეგისტრაციას გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი/საგნობრივი ჯგუფში, რომელსაც ასწავლის. რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოთ კლასი, რომელშიც სურთ გარე დაკვირვების გავლა და საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში; იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ შერჩეულ კლასში მიმდინარეობს დისტანციური სწავლება. რეგისტრაციის დროს, შენიშვნის ველში ჩაწერეთ ონლაინ გაკვეთილების განრიგი, ასევე მიუთითეთ ის ელექტრონული პლათფორმა, რომელზეც ატარებთ გაკვეთილს.
თუ მასწავლებელი დასაქმებულია, ორ ან მეტ სკოლაში, გარე დაკვირვების ველი გაეხსნება მხოლოდ იმ სკოლაში, სადაც სქემაშია ჩართული. თუ სკოლის ცვლილება გსურთ, მიმართეთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი წინა სასწავლო წელს უარყოფითად შეფასდა, რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა ატვირთოთ ხელმეორედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საბანკო რეკვიზიტები http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/243179.pdf).
რეგისტრაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში აგესახებათ დაკვირვების პერიოდი. დაკვირვების პერიოდის დაწყებამდე, 5 სამუშაო დღით ადრე, ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოთ 5 თანმიმდევრულად ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი (იხ. გაკვეთილის გეგმის ფორმა http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/105322.pdf).
გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ, ერთი დღით ადრე ვაცნობებთ შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რათა შეძლოთ წინა საგაკვეთილო შეხვედრის ჩატარება.
იმ შემთხევაში, თუ გაკვეთილის ჩატარებამდე შეიცვლება გაკვეთილზე დაკვირვების ფორმატი, შეცვლილი გაკვეთილის ფორმები, შეგიძლიათ გარე დამკვირვებლებს გადასცეთ წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე, ხელმეორედ ატვირთვა არ არის საჭირო.
ონლაინ და პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლა, გარე დაკვირვების გაკვეთილის ხანგძლივობა უნდა იყოს სკოლაში განსაზღვრული დროის შესაბამისი.
დისტანციური დაკვირვების შემთხვევაში, გაკვეთილი შეფასდება ონლაინ გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკით. პირისპირ გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკას (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელებული ცვლილებებით უმოკლეს ვადაში მიღებთ სკოლებში.
გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.