„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდებათ ხელშეკრულება
პრაქტიკოს მასწავლებლებს 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდებათ შრომითი ხელშეკრულება, - ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, სამინისტრომ გაითვალისწინა მასწავლებლების დისტანციურ რეჟიმში მუშაობის სპეციფიკა, საკლასო ოთახებიდან ვირტუალურ სივრცეში ტრანსფორმაციისა და შეფასების შრომატევადი პროცესი და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები და სიახლეები შეიტანა.
სქემაში შესული ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას.