„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა“ - გიორგი გახარია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარია პარლამენტში კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა სასწავლო პროცესის შეჩერების აუცილებლობაზე. მან ის მიზეზები განმარტა, რის გამოც შეწყდა სკოლებში სწავლა:
„სასწავლო პროცესის შეჩერებას ჰქონდა აბსოლუტურად დასაბუთებული მნიშვნელობა. მოგეხსნებათ, ჩვენი ოჯახების, ქართული ოჯახების სოციალური სტრუქტურა განსხვავდება ევროპული ოჯახების სტრუქტურისგან. ჩვენს ოჯახებში რამდენიმე თაობა ცხოვრობს ერთად და ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ უფროსი თაობა დაგვეცვა იმ გადაცემისგან, რომელიც შეეძლოთ ბავშვებს სკოლიდან მოეტანათ ოჯახში. ბავშვები, რომლებსაც მარტივად გადააქვთ ეს ვირუსი, დიდი რისკი გამხდარიყვნენ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სკოლების დახურვის შესახებ,“ - აღნიშნა გიორი გახარია.
შეგახენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სასწავლო პროცესი საქართველოში 2 მარტიდან შეწყდა და ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში სექტემბერში განახლდება.