„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი?
მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.
ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მასწავლებლობის მსურველი პირები მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებენ. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს აქვთ. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება. მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც.