„გარე დაკვირვების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 13 მაისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მასწავლებლებისთვის გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის გავლის ვადები და შესაბამისად, გარე დაკვირვების გავლის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით.
„ექსკურსია შეიძლება ერთი დღე და მეტი არა, მანძილის შეზღუდვა 150 კილომეტრია,“- თამარ მახარაშვილი სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით დაწესებულ შეზღუდვებზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შესახებ ისაუბრა:
„მთავარი არის უსაფრთხოება. ეს არის უსაფრთხო გარემო ბავშვებისთვის. მივესალმებით ექსკურსიებს, მაგრამ ამ დროს არსებობს საგზაო მოძრაობის კანონი, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. არსებობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ექსკურსიების წარმოების შესახებ. იქ დეტალურად არის გაწერილი, რას უნდა აკმაყოფილებდნენ და ვინ რა უნდა მოითხოვოს იმისთვის, რომ ექსკურსია შედგეს.
ჩვენ ძალიან მასშტაბურად ვიმუშავეთ ამასთან დაკავშირებით. ყველაზე მთავარი პრიორიტეტი არის სწორედ უსაფრთხოება. ექსკურსია შეიძლება ერთი დღე და მეტი არა. ექსკურსიაზე წასვლა შეიძლება მხოლოდ 150 კილომეტრის დაშორებით. აუცილებელია ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობა, შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა. ექსკურსიების დაგეგმვის დროს უნდა იყოს მშობლის თანხმობა. ექსკურსიის დროს უნდა იყოს ქმედუნარიანი პირი, რომელსაც აქვს კომპეტენცია, რომ პირველადი სამედიცინო დამხარება გაუწიოს საჭიროების შემთხვევაში ადამიანს. მდინარის ნაპირებზე, მეწყერსაშიშ ზონებზე, ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი რეკომენდაციების ქვეშ ვაძლევთ საშუალებას, რომ ექსკურსია განახორციელონ, “- მოცემულ საკითხზე თამარ მახარაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.