Baby Bag

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადა განისაზღვრა - მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანება

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადა განისაზღვრა - მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანება

იმ მასწავლებლებისთვის, რომლებსაც საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა უარყოფითად შეუფასდა, ელექტრონულ სისტემაში პრაქტიკის კვლევის დოკუმენტების განთავსების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 15 მაისიდან 2020 წლის 19 ივნისის ჩათვლით პერიოდი. შესაბამისი ბრძანება, რომელსაც მასწავლებლის სახლის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა. 

როგორც მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი ქრისტინე ინგოროყვა სოციალურ ქსელში წერს, ამ ეტაპზე შემოწმებულია იმ პირების კვლევებიც, რომლებიც შეფასების ჯგუფების მიერ შეფასდნენ დეკემბერში, ცენტრის დირექტორის №265 (19/11/2019) ბრძანების პუნქტი - დ შესაბამისად.

​„თითოეული კვლევის პასუხი - დადებითიც და უარყოფითიც უკვე გადაგზავნილია სკოლებში და თუ აკმაყოფილებდით წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს და ჯერ არ მიგიღიათ პასუხი, აუცილებლად გადაამოწმეთ რესურსცენტრში,“ - აღნიშნავს ქრისტნე ინგოროყვა.

იხილეთ მასწავლებლის სახლის ​ბრძანება

ცნობისთვის, გარე დაკვირვების შესახებ ​ბრძანებაში ცვლილება გუშინ შევიდა. ცვლილების თანახმად, იმ მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 2 მარტიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის შეჩერების გამო ვერ შეძლეს გარე დაკვირვების გავლა, უფლება აქვთ გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია გაიარონ 2020-2021 სასწავლო წლის განმავლობაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება... როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ,“ - პედაგოგი ნათელა ამონაშვილი

„ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება... როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ,“ - პედაგოგი ნათელა ამონაშვილი

პედაგოგმა ნათელა ამონაშვილმა, რომელსაც ბავშვებთან მუშაობის 60-წლიანი გამოცდილება აქვს, იმ მეთოდების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მოსწავლეებთან იყენებს:

„ჩემი მოსწავლეების ბრძნულ აზრებს დღემდე ვინახავ. როდესაც ვასწორებდი წერით ნამუშევრებს და შემხვდებოდა ასეთი ფრთიანი, ნაპერწკლიანი აზრი, იმას გავხაზავდი ხოლმე. შემდეგ ესენი ამოკრიბეს ბავშვებმა, გამოფენა მოვაწყვეთ ამ ბრძნული აზრების. ეს ძალიან ძვირფასია ჩემთვის. ყველაფერი მახსენდება და მიხარია.“

ნათელა ამონაშვილის თქმით, ის ბავშვებს დავალებებს მინიმუმამდე უმცირებს:

„შეიძლება, ზარმაცი ბავშვი შემხვედრია, მაგრამ მე ის ზარმაცად არ მიმიჩნევია. ვცდილობ, მინიმუმამდე დავიყვანო დავალება. კიდეც ვეტყვი ხოლმე ბავშვებს, ბავშვებო, მე ეს დავალება მოგეცით, მაგრამ თქვენ თუ გინდათ, შეიძლება უფრო საინტერესო რაღაც მოძებნოთ და უფრო რთული დავალება გააკეთოთ. როდესაც პატარა დავალებას ვაძლევ ბავშვებს, მინიმუმამდე დაყვანილს, ისინი უფრო მეტს აკეთებენ.“

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვი საკუთარ თავში ჩავახედოთ. ვქმნით საუბრების სიას. ბავშვები ემზადებიან და ერთ მშვენიერ დღეს გვაქვს საუბრები ამ თემებთან დაკავშირებით. ვთვლი, რომ ნიშნები არ უნდა იყოს. არც ხუთიანი, არც ათიანი, არც ასიანი. ნიშანი თრგუნავს ბავშვს. ანგარიშგების სრულიად ახალი ფორმა გამოვიყენეთ ჩვენ, ბავშვის სიტყვიერი შეფასება, სადაც პირველ რიგში, იწერება ბავშვის დადებითი თვისებები. ის, რასაც მიაღწია ბავშვმა, რაც შეძლო, რაშიც წარმატება მოიპოვა. შემდეგ შეიძლება ლამაზი ტონით მიუთითო იმაზე, რაც შეიძლება მომავალში გამოასწოროს. მასწავლებელი უნდა იყოს მომთმენი. გულწრფელად უნდა უყვარდეს ყველა ბავშვი,“ - აღნიშნულ საკითხზე ნათელა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

წაიკითხეთ სრულად