Baby Bag

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

დედებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ერთდროულად სხვადასხვა საქმიანობის შესრულება, კარანტინი ახალ გამოწვევად იქცა. ერთ-ერთი მათგანია გვანცა ხადილაშვილი. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ამავდროულად სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორი და ინგლისურის მასწავლებელია. მისი საქმიანობა ყოველდღიურად დიდ ენთუზიაზმსა და ენერგიას მოითხოვს. გვანცა აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციის პერიოდმა მისი საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა: ,,ონლაინ რეჟიმში, ბავშვებთან ერთად მუშაობა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული,“ - აღნიშნავს გვანცა. 

კითხვაზე თუ როგორ ასწრებს სამ შვილთან ერთად ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას გვპასუხობს: „დილით ბავშვები შედარებით გვიან იღვიძებენ, ამიტომ მაქვს შესაძლებლობა, რომ მათ საუზმე მშვიდად მოვუმზადო, შემდეგ მეწყება ონლაინ გაკვეთილები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როდესაც დედები დროის ნახევარს კომპიუტერთან ატარებენ, ეს ბავშვებს თრგუნავთ. ისინი ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ, ამიტომ ხანდახან შვილებთან ერთად ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს. ისინი ასისტენტის როლს ასრულებენ. პატარებს ყოველთვის უხარიათ, როდესაც დიდების მსგავსად მუშაობენ“.

გვანცა აღნიშნავს, რომ ონლაინ გაკვეთილები გამოწვევაა, არა მარტო მისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც: „ბავშვები ძალიან იღლებიან ონლაინ კომუნიკაციისას. რთულია საგაკვეთილო პროცესის წარმართვა კომპიუტერისა და ტელეფონის საშუალებით. ისინი მონატრებული არიან მასწავლებელთან და მეგობრებთან ურთიერთობას. აუცილებელია ვეცადოთ, რომ ბავშვები ზედმეტი დავალებებით არ გადავტვირთოთ. რადგან სახლში არიან და მეტი დრო აქვთ, ეს არასწორი იქნება და მათ სტრესულ გარემოს შეუქმნის.''

კარანტინის პერიოდში ბავშვები საბავშვო ბაღში არ დადიან, ვერ ნახულობენ თანატოლებს, ამიტომ გვანცას აზრით: „მნიშვნელოვანია უფრო ხშირად ვითამაშოთ მათთან ერთად, ხშირად წავუკითხოთ ლექსები და მოთხრობები, ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ჩვენთან ერთად ამზადებენ საჭმელს და ერთად ვშლით სუფრას. თუ საჭიროა, უნდა გადავდოთ სახლის საქმეც და მეტი დრო დავუთმოთ შვილებს. მათთვის თვითიზოლაციის პერიოდი ისედაც რთულია და ვეცადოთ, რომ ყოველდღიურობა გავუფერადოთ. მათი ღიმილი და სიხარული მეხმარება უფრო მეტი ენთუზიაზმით შევასრულო ჩემი მოვალეობები“.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა კარანტინის პერიოდამდე მისი პროფესიული საქმიანობისა და დედის მოვალეობების ერთმანეთისთვის შეთავსებას გვპასუხობს: ,,მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა ფიქრის ნაცვლად, სჯობს იმოქმედო. ამ ყველაფრის გამკლავებაში მეხმარება ჩემი პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული და მონდომება. მიუხედავად იმისა რომ სამი შვილი გავაჩინე, არც ერთხელ არ ვყოფილვარ დეკრეტულ შვებულებაში, არ გამიცდენია საგაკვეთილო პროცესი და ტრენინგები. უნდა გახსოვდეს შენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ჩემი შვილები ყოველდღიურად მაძლევენ სტიმულს, რომ ამდენ საქმეს გავუმკლავდე. ასევე, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების გვერდში დგომა, ალბათ, ვერც შევძლებდი ამ ყველაფერს.“

კარანტინთან ეფექტურად გამკლავებისთვის გვანცა გვეუბნება, რომ: „მნიშვნელოვანია, დრო სწორად, პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილოთ. მოვალეობებს კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ, თუ ოჯახის წევრები გადაინაწილებენ ფუნქციებს. მთავარია, მოვინდომოთ და თვითიზოლაციას აუცილებლად გადავაქცევთ მხიარულ და ნაყოფიერ პერიოდად“.


ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების გასაგონად არ თქვათ, რომ უიღბლო ხართ და არასდროს არაფერში გიმართლებთ - როგორ ვასწავლოთ შვილს პოზიტიურად აზროვნება

ბავშვების გასაგონად არ თქვათ, რომ უიღბლო ხართ და არასდროს არაფერში გიმართლებთ - როგორ ვასწავლოთ შვილს პოზიტიურად აზროვნება

ოპტიმისტ ადამიანებს ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება უადვილდებათ. ისინი ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავენ და პრობლემების წინაშე ქედს არასდროს იხრიან. ბავშვს სამყაროს ოპტიმისტური აღქმა ადრეული ასაკიდანვე უნდა განუვითაროთ, რათა მან ძლიერ და გამბედავ პიროვნებად ჩამოყალიბება შეძლოს. ჩვენს სტატიაში საინტერესო მეთოდებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით თქვენს შვილს პოზიტიურად აზროვნებას მარტივად ასწავლით.


ბავშვების თანდასწრებით ნუ იწუწუნებთ

თუ ბავშვები მშობლებისგან პესიმისტურ ფრაზებს ხშირად ისმენენ, ისინი ნეგატიურ აზროვნებას ეჩვევიან. როდესაც შვილებთან ერთად საცობში მოხვდებით, წუწუნს ნუ დაიწყებთ. ბავშვების გასაგონად არ თქვათ, რომ სახლამდე ვერასდროს მიაღწევთ, რომ უიღბლო ხართ და არასდროს არაფერში გიმართლებთ. თუ სამსახურში საქმე ცუდად მიგდით, თქვენი შვილების თანდასწრებით ამაზე ხმამაღლა საუბარს არ გირჩევთ. ბავშვები უფროსების ნათქვამ თითოეულ სიტყვას ისრუტავენ. თუ თქვენ გამუდმებით ნეგატივზე ორიენტირდებით, მომავალში თქვენი შვილებიც ასევე მოიქცევიან. ყოველთვის ისაუბრეთ თქვენს წარმატებებზე, იყავით მაქსიმალურად პოზიტიური და თქვენს შვილებს მომავლის იმედი ჩაუნერგეთ.

ყოველთვის გქონდეთ განსაკუთრებული მოლოდინები

ბავშვებს გამუდმებით მიეცით დავალებები. მათ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ბაღში მიიყვანდეთ, თქვენს შვილს უკვე ბევრი რამ უნდა ასწავლოთ. შეგიძლიათ მას საკუთარი საწოლის მოწესრიგება, კბილების გახეხვა და ხელ-პირის დაბანა დაავალოთ. ბავშვი უნდა დაარწმუნოთ, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. თქვენს შვილს ოპტიმიზმს სხვაგვარად ვერ ჩაუნერგავთ. ის საკუთარ შესაძლებლობებში თავად უნდა დარწმუნდეს. ყოველთვის გქონდეთ განსაკუთრებული მოლოდინები. მიეცით მას საშუალება დაგიმტკიცოთ, თუ რა შეუძლია. აუცილებლად შეაქეთ თქვენი შვილი, როდესაც დაინახავთ, თუ როგორ ასრულებს მიცემულ დავალებებს.

ასწავლეთ ბავშვს რისკზე წასვლა

მშობლები შვილების ჯანმრთელობას და ფსიქიკას ძალიან უფრთხილდებიან. როდესაც პატარებს ველოსიპედით გასეირნების ან ციგურებით სრიალის სურვილი აქვთ, მშობლებს შვილების გამოუცდელობა აშინებთ და შესაძლოა, მათ ამის გამო გარკვეული შეზღუდვები დაუწესონ, რაც დაუშვებელია. ბავშვები, რომლებსაც მშობლები გამოუცდელობის გამო ზღუდავენ, როგორც წესი, გაუბედავ და არათავდაჯერებულ პიროვნებებად ყალიბდებიან. ბავშვს სიახლეებისადმი გახსნილობის უფლება უნდა მისცეთ. ნუ გაჰყვებით მას სასკოლო ექსკურსიებზე, ნება დართეთ ციგურებით დამოუკიდებლად ისრიალოს, გამოსცადოს ყველაფერი, რაც აინტერესებს (ცხადია, ასაკის შესაფერისი აქტივობები იგულისხმება).

მიეცით ბავშვს საშუალება საკუთარი პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვაროს

თუ თქვენი შვილი გეტყვით, რომ მას სკოლაში დასცინიან ან შეურაცხყოფას აყენებენ, შესაძლოა, რისხვა ვერ დაიოკოთ და მჩაგვრელი ბავშვების მშობლებთან აგრესიული სატელეფონო ზარი განახორციელოთ, ან სკოლაში მიხვიდეთ და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ. გირჩევთ, მსგავსი ქცევისგან თავი შეიკავოთ და თქვენს შვილს საკუთარი თავის დაცვა ასწავლოთ. უთხარით მას, როგორ მოიქცეს, როდესაც მის დაჩაგვრას ცდილობენ, დაეხმარეთ თქვენს შვილს მეტი სიმამაცისა და გამბედაობის გამოჩენაში. როდესაც ის თავისი პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ისწავლის, მისი თავდაჯერება ერთიორად მოიმატებს.

ბავშვი ხშირად გაამხნევეთ

თუ თქვენი შვილი ამტკიცებს, რომ მას მათემატიკის სწავლის უნარი არ აქვს ან ხატვის ნიჭი არ გააჩნია, მის გულგატეხილობას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. უთხარით, რომ მათემატიკა გარკვეულ ეტაპზე საკმაოდ რთული ასათვისებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სწავლა მარტივდება, ხოლო ხატვა ყველა ადამიანს შეუძლია, თუ ამის სურვილი აქვს. გაახსენეთ თქვენს შვილს დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა მან წარმატებით შეძლო და უთხარით, რომ თქვენ მის შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ.

ბავშვს მოვლენების რეალისტური აღქმა ასწავლეთ


თუ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადახვედით და თქვენი შვილი მეგობრების დანაკლისს განიცდის, მას არარეალურ მოლოდინებს ნუ შეუქმნით. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ ის ძალიან მალე უამრავ მეგობარს შეიძენს და მისით ყველა აღფრთოვანდება. თუ თქვენს შვილს ცრუ დაპირებებით ხშირად დააიმედებთ, ის თქვენს ნათქვამ სიტყვას აღარ დაიჯერებს. უმჯობესია, ბავშვს მოვლენების რეალისტური აღქმა ასწავლოთ. უთხარით თქვენს შვილს, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ ნელ-ნელა ის მეგობრების შეძენას აუცილებლად შეძლებს. მართალია, ყველასთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება გაუჭირდება, მაგრამ მარტო ნამდვილად არ დარჩება. როდესაც თქვენი შვილი დაინახავს, რომ თქვენი ნათქვამი ყველა სიტყვა საბოლოოდ სიმართლე აღმოჩნდა, ის სამყაროს რეალისტური თვალით შეხედავს და სამომავლოდ იმედგაცრუებებისგან დაზღვეული იქნება. ოპტიმისტი ადამიანები ილუზიებით არ იკვებებიან, ისინი მოვლენებს ყოველთვის სწორად და ობიექტურად აფასებენ, რის გამოც პრობლემებთან გამკლავება უადვილდებათ.

მომზადებულია parents.com-ის მიერ
თარგმნა ია ნაროუშვილმა
წაიკითხეთ სრულად