Baby Bag

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

დედებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ერთდროულად სხვადასხვა საქმიანობის შესრულება, კარანტინი ახალ გამოწვევად იქცა. ერთ-ერთი მათგანია გვანცა ხადილაშვილი. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ამავდროულად სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორი და ინგლისურის მასწავლებელია. მისი საქმიანობა ყოველდღიურად დიდ ენთუზიაზმსა და ენერგიას მოითხოვს. გვანცა აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციის პერიოდმა მისი საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა: ,,ონლაინ რეჟიმში, ბავშვებთან ერთად მუშაობა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული,“ - აღნიშნავს გვანცა. 

კითხვაზე თუ როგორ ასწრებს სამ შვილთან ერთად ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას გვპასუხობს: „დილით ბავშვები შედარებით გვიან იღვიძებენ, ამიტომ მაქვს შესაძლებლობა, რომ მათ საუზმე მშვიდად მოვუმზადო, შემდეგ მეწყება ონლაინ გაკვეთილები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როდესაც დედები დროის ნახევარს კომპიუტერთან ატარებენ, ეს ბავშვებს თრგუნავთ. ისინი ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ, ამიტომ ხანდახან შვილებთან ერთად ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს. ისინი ასისტენტის როლს ასრულებენ. პატარებს ყოველთვის უხარიათ, როდესაც დიდების მსგავსად მუშაობენ“.

გვანცა აღნიშნავს, რომ ონლაინ გაკვეთილები გამოწვევაა, არა მარტო მისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც: „ბავშვები ძალიან იღლებიან ონლაინ კომუნიკაციისას. რთულია საგაკვეთილო პროცესის წარმართვა კომპიუტერისა და ტელეფონის საშუალებით. ისინი მონატრებული არიან მასწავლებელთან და მეგობრებთან ურთიერთობას. აუცილებელია ვეცადოთ, რომ ბავშვები ზედმეტი დავალებებით არ გადავტვირთოთ. რადგან სახლში არიან და მეტი დრო აქვთ, ეს არასწორი იქნება და მათ სტრესულ გარემოს შეუქმნის.''

კარანტინის პერიოდში ბავშვები საბავშვო ბაღში არ დადიან, ვერ ნახულობენ თანატოლებს, ამიტომ გვანცას აზრით: „მნიშვნელოვანია უფრო ხშირად ვითამაშოთ მათთან ერთად, ხშირად წავუკითხოთ ლექსები და მოთხრობები, ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ჩვენთან ერთად ამზადებენ საჭმელს და ერთად ვშლით სუფრას. თუ საჭიროა, უნდა გადავდოთ სახლის საქმეც და მეტი დრო დავუთმოთ შვილებს. მათთვის თვითიზოლაციის პერიოდი ისედაც რთულია და ვეცადოთ, რომ ყოველდღიურობა გავუფერადოთ. მათი ღიმილი და სიხარული მეხმარება უფრო მეტი ენთუზიაზმით შევასრულო ჩემი მოვალეობები“.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა კარანტინის პერიოდამდე მისი პროფესიული საქმიანობისა და დედის მოვალეობების ერთმანეთისთვის შეთავსებას გვპასუხობს: ,,მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა ფიქრის ნაცვლად, სჯობს იმოქმედო. ამ ყველაფრის გამკლავებაში მეხმარება ჩემი პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული და მონდომება. მიუხედავად იმისა რომ სამი შვილი გავაჩინე, არც ერთხელ არ ვყოფილვარ დეკრეტულ შვებულებაში, არ გამიცდენია საგაკვეთილო პროცესი და ტრენინგები. უნდა გახსოვდეს შენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ჩემი შვილები ყოველდღიურად მაძლევენ სტიმულს, რომ ამდენ საქმეს გავუმკლავდე. ასევე, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების გვერდში დგომა, ალბათ, ვერც შევძლებდი ამ ყველაფერს.“

კარანტინთან ეფექტურად გამკლავებისთვის გვანცა გვეუბნება, რომ: „მნიშვნელოვანია, დრო სწორად, პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილოთ. მოვალეობებს კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ, თუ ოჯახის წევრები გადაინაწილებენ ფუნქციებს. მთავარია, მოვინდომოთ და თვითიზოლაციას აუცილებლად გადავაქცევთ მხიარულ და ნაყოფიერ პერიოდად“.


ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

შეიძლება დაინტერესდეთ

„დისტანციური სწავლების ქართული პლატფორმის Feedc Edu-ს გამოყენება მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის“

„დისტანციური სწავლების ქართული პლატფორმის Feedc Edu-ს გამოყენება მარტივია როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისთვის“

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართული მორიგი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კომენტარი გააკეთა, რომლის დროსაც ისაუბრა შექმნილი ვითარების ფონზე დისტანციური სწავლების იმ საინტერესო ფორმატებზე, რასაც სამინისტრო საზოგადოებას სთავაზობს. მათ შორის, მინისტრმა დისტანციური ონლაინ სწავლების ახალ ქართულ პლატფორმაზე, „Feed​c Edu“- ზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად სთავაზობს.

„როგორც მოგეხსენებათ კორონავირუსის გამოწვევის გამო, დროებით შეჩერებულია მეცადინეობები საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, მაგრამ ამ გამოწვევამ არ უნდა შეაჩეროს სასწავლო პროცესი. აქედან გამომდინარე სკოლები და უნივერსიტეტები გადასული არიან სწავლების დისტანციურ ფორმაზე. გუშინ დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ძალიან ძლიერი და საინტერესო პროექტი ტელესკოლა, რომელსაც ჩვენი სამინისტრო საქართველოს პირველ არხთან ერთად ახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტის ფარგლებში წვდომა ტელესკოლასთან აქვს ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა აქვთ, თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

ამ ინიციატივებს დაემატა კიდევ ერთი სიახლე და საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს სკოლებს დისტანციური სწავლების ქართული საკომუნიკაციო პლატფორმა „ფიდსი“ შევთავაზეთ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „ფიდსს“ გამოჩენილი მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

„Feedc Edu“-ს პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი.

დისტანციური სწავლების მეთოდებზე საუბრისას, მიხეილ ჩხენკელმა ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის თანამშრომლობით დაწყებულ პროექტზე „ტელესკოლა“ და აღნიშნა, რომ ამ პროექტით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად საინტერესო და ეფექტიანი.

„ტელეკსოლის მეთოდით მიღებული განათლება იქნება აუცილებლად ეფექტიანი, რადგანაც გაკვეთილებში ჩართული გვყავს ჩვენი საუკეთესო, გამოცდილი პედაგოგები. პროექტი დიდი წარმატებით დაიწყო გუშინ და დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ძალიან წარმატებით გაგრძელდება. უაღრესად საინტერესო გაკვეთილებია შემოქმედებითი მიდგომით და ეს პლათფორმა მიაღწევს საკმაოდ საინტერესო აკადემიურ შედეგებს. ამ პროექტის ფარგლებში ტარდება აბიტურიენტის საათი, სადაც წამყვანი სპეციალისტები კონსულტაციებს გაუწევენ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. გაკვეთილები ტარდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათ-კვირას ტელესკოლა მთელ საზოგადოებას შესთავაზებს ძალიან საინტერესო შემეცნებით პროგრამებს - როგორც საქართველოში მომზადებულ პროგრამებს, ასევე უცხოურ პროგრამებს ნათარგმნს ქართულ ენაზე. ეს საინტერესო იქნება არამხოლოდ სკოლის მოსწავლეებისთვის, არამედ მათი მშობლებისა და მთელი საზოგადოებისთვის“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“ 
წაიკითხეთ სრულად