Baby Bag

განათლების სამინისტრომ უნდა დაიწყოს შექმნილი პრობლემების გადაწყვეტისათვის მექანიზმების შემუშავება - პროფკავშირი სამინისტროს კონკრეტული წინადადებით მიმართავს

განათლების სამინისტრომ უნდა დაიწყოს შექმნილი პრობლემების გადაწყვეტისათვის მექანიზმების შემუშავება - პროფკავშირი სამინისტროს კონკრეტული წინადადებით მიმართავს
კორონავირუსმა არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა განათლების სისტემა. პედაგოგთა ნაწილს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა. რა სახის დახმარებას სთავაზობს მათ პროფკავშირი და რა კონკრეტული წინადადებით მიმართავს განათლების სამინისტროს. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე გაეცანით ინტერვიუს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის თავმჯდომარესთან, მაია კობახიძესთან.
- ქალბატონო მაია, სწავლა-სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც ვიცით, პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს სხვადასხვა სახის პრობლემა შეექმნა - რა სახის დახმარებას სთავაზობს მათ პროფკავშირი?
- უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, განსაკუთრებით აქტუალური გახდა ციფრული ტექნოლოგიები. გლობალური პანდემიის შედეგად, საგანმანათლებლო სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, დაინერგა დისტანციური სწავლება. სწავლის პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა, მართალია, ვერ ჩაანაცვლებს რეალურ საკლასო სოციუმს, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სწავლების ალტერნატიული – დისტანციური მეთოდების გაზიარება და ადაპტირება მნიშვნელოვანი კომპონენტია. შექმნილ ვითარებაში, იმისათვის, რომ ჯანმრთელობის კრიზისი არ გადაიქცეს განათლების კრიზისად, დისტანციური სწავლება უნდა განვიხილოთ, როგორც გადაუდებელი სასწრაფო დახმარება, გარდაუვალი სწავლება.
მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრომ საფუძვლიანი მუშაობა ჩაატარა დისტანციური სწავლა-სწავლების დანერგვასთან დაკავშირებით, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, პედაგოგთა გარკვეულ ნაწილს შეექმნა პრობლემები დისტანციური სწავლების წარმართვის დროს. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ-ს) „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრმა“ შეიმუშავა ტრენინგ-მოდული – „გამოწვევები დისტანციური სწავლების პროცესში“ და დაიწყო ონლაინ ტრენინგები. პრობლემები უკავშირდებოდა როგორც ინტერნეტკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების, ისე დისტანციური სწავლების მეთოდიკის უნარ-ჩვევებს, ასევე, განსაკუთრებით რეგიონებში, მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის ხელმიუწვდომობას და გამომდინარე აქედან, ინტერნეტის მოხმარების ალტერნატიული გზების ძიებას. მაგალითად, ოჯახში კომპიუტერის ან ინტერნეტის არქონის შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია სმარტფონის გამოყენება, მაგრამ დისტანციური სწავლების სხვა ტექნოლოგიებთან ერთად, ეს მათ უნდა ასწავლო.
- თუ მიმართავენ პედაგოგები დასახმარებლად რაიონულ და საქალაქო ორგანიზაციებს და ძირითადად, რა სახის პრობლემებზე?
- ჩვენი ორგანიზაცია წარმომადგენლობითია ყველა დონეზე, რაიონულ და საქალაქო სტრუქტურებში, სკოლებში, საბავშვო ბაგა-ბაღებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული წევრების მიერ არჩეული თავმჯდომარეების სახით. სტრუქტურული მოწყობიდან გამომდინარე, ბუნებრივია, სპმთპ-ს წევრები, პირველ რიგში, მიმართავენ საგანმანათლებლო დაწესებულების პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, უმეტეს შემთხვევაში, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების ლიდერებს. რა თქმა უნდა, ეს გარემოება არ გამორიცხავს იმას, რომ წევრი, თავისი გადაწყვეტილებით, იურიდიული კონსულტაციის და სხვა სახის დახმარებისათვის, მიმართავს სპმთპ-ის პრეზიდენტს ან სათავო ოფისის წარმომადგენლებს. საგანამანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა პრობლემებია როგორც ინდივიდუალური, ასევე კანონმდებლობაში არსებული ბუნდოვანების ან ხარვეზის შედეგად წარმოქმნილი, ასევე, დამსაქმებლის მხრიდან კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფა. არის ისეთი საკითხები, რომელიც ადგილზე, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარის ჩართულობის საფუძველზე გადაიჭრება.
პრობლემათა უმრავლესობა ეხება შრომითი, სამართლებრივი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დარღვევას. სპმთპ-ს კვალიფიციური სპეციალისტები, პედაგოგთა მოთხოვნების საფუძველზე, სიღრმისეულად სწავლობენ პრობლემებს და შეიმუშავებენ წინადადებებს ხელისუფლებასთან, ძირითადად, განათლების სამინისტროსთან წარსადგენად. პრობლემების გადაჭრა ხდება განათლების სამინისტროსთან მიმდინარე სოციალური დიალოგის, სამინისტროსა და სპმთპ-ს შორის გაფორმებული დარგობრივი შეთანხმების საფუძველზე. არსებობს დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ისეთი ფაქტები, სადაც იძულებული ვართ, სასამართლოს მივმართოთ.
მიუხედავად კანონითა და ნორმატიული აქტებით მკაცრად დარეგულირებული საკითხებისა, მაინც ვაწყდებით ისეთი სახის პრობლემებს, როგორიცაა საჯარო სკოლის მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების არასწორად გამოთვლა, დროებითი შრომისუუნარობის (ბიულეტენის), დეკრეტული შვებულების მიცემისა და ანაზღაურების დროს მინიჭებური უფლებების შელახვა; უხელფასო/არაანაზღაურებადი შვებულების უფლების ჩამორთმევა; დროებით მოვალეობის შემსრულებელი პირისთვის შრომის ანაზღაურების არასწორი გამოთვლა ან საერთოდ, არგაცემა და სხვა.
მასწავლებლები მოგვმართავენ არა მხოლოდ უფლებების შელახვის დროს, არამედ ითხოვენ კარიერული წინსვლისათვის მათ პროფესიულ საჭიროებებზე მორგებულ დახმარებებს.
- როგორც აღნიშნეთ, სპმთპ-ს ტრენინგცენტრმა მოამზადა დისტანციური ტრენინგ-მოდულები, მასწავლებელთა სხვადასხვა საჭიროების მიხედვით, ტარდება თუ არა უკვე ტრენინგები და რა ინტენსივობით?
- მსოფლიო პანდემიით შექმნილი მდგომარეობის საპასუხოდ, უმოკლეს ვადაში, შევისწავლეთ პედაგოგთა პროფესიული საჭიროებები, დავგეგმეთ ღონისძიებები და სპმთპ-ს ტრენინგ-ცენტრმა შეიმუშავა ონლაინ სატრენინგო მოდულები, რაც ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს. სპმთპ-ს რაიონული/საქალაქო/აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციების თავმჯდომარეები, ტრენინგ-ცენტრთან შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, უზრუნველყოფენ ონლაინ ტრენინგების ორგანიზება/ჩატარებას. სპმთპ-ს ტრენინგ-ცენტრმა მოამზადა დისტანციური ტრენინგ-მოდულები, სკოლების მასწავლებელთა და სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა საჭიროებების მიხედვით: ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა სტატუსის პედაგოგებისთვის პროგრამა „ტეამს“-ში მუშაობის სწავლება როგორც ქართულ, ასევე აზერბაიჯანულ ენაზე; მოსწავლის განმსაზღვრელი, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასება; პრაქტიკოსი მასწავლებლების საგამოცდოდ მოსამზადებლად; ეთნიკური უმცირესობებისთვის – ქართული, როგორც მეორე ენა; აზერბაიჯანულენოვანი პედაგოგებისათვის – საგნობრივ და პროფესიულ უნარებში; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულთათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების პედაგოგებისთვის გააქტიურდა Microsoft-TEAMS-ის პროგრამები, არაერთი ვიდეოინსტრუქციებით, დავინახეთ ჩვენი როლი მასწავლებლების მხარდაჭერის კუთხით და ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობისათვის შეიქმნა TEAMS-ში მუშაობისთვის სპეციალური ტრენინგ-მოდული. ეს მცირე ჩამონათვალია, რადგან ტრენინგ-ცენტრი უწყვეტ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ტრენინგ-მოდულების შემუშავების მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა დაიწყო თანადგომისა და მხარდაჭერის პროექტი „სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში“, რომლის მიზანია დანიური პრაქტიკის დანერგვა და ადაპტაცია ქართულ რეალობაში. აღნიშული საერთაშორისო პროექტის ერთ-ერთი თემა სწავლა-სწავლების პროცესში ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენებაც არის. პროექტში ჩართულმა პედაგოგებმა, პროფესიული ზრდასთან ერთად, დანიელი ექსპერტ-მასწავლებლების ტრენინგებზე მიღებული ცოდნა გამოიყენეს სტატუსის ასამაღლებლად, სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით. 21-ე საუკუნის სწავლა-სწავლების კომპეტენციების დანერგვა-განვითარება, კოლეგებისათვის გამოცდილებების გაზიარება, ამჟამად, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. სიამაყით და სრული ობიექტურობით მინდა განვაცხადო, რომ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პირველია, ვინც 2017 წლიდან დაიწყო პედაგოგთა გადამზადება „განმავითარებელი შეფასების“ მექანიზმების შესწავლა-დანერგვის მიმართულებით. შექმნილია ჩვენ მიერ გადამზადებულ პედაგოგთა ჯგუფები, რომლებიც ენთუზიაზმით მუშაობენ მიღებული ცოდნის კოლეგებთან გაზიარების მიზნით.
- სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს ცალკეული ორგანიზაციები პედაგოგებს, ფასიანი ტრენინგების გავლის სანაცვლოდ, კრედიტქულებს სთავაზობენ. თქვენ განაცხადეთ, რომ პროფკავშირის იურისტები იკვლევენ ამ საკითხს, ხომ არ დასრულებულა მოკვლევა?
- დაგვიკავშირდნენ პედაგოგები, რომლებსაც აინტერესებდათ, გამოადგებოდათ თუ არა 4-კრედიტიანი ტრენინგები კარიერული წინსვლისთვის, რასაც სთავაზობდა ორგანიზაცია „ცოდნა“. აღნიშნული ტრენინგები ფასიანია და საკმაოდ სოლიდურ თანხას შეადგენს. ჩვენ შეგნებულად არ შევეხებით ამ ტრენინგების ხარისხს და სარგებლიანობას, ცოდნის მიღების თვალსაზრისით. პედაგოგებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა კონკრეტული თანხის გადახდა იმ ცოდნის სანაცვლოდ, რასაც ამ ტრენინგების შედეგად მიიღებენ. თუმცა, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ განმარტება იმის შესახებ, რომ ასეთი ორგანიზაციების დაპირება, კრედიტების მინიჭების თაობაზე, წარმოადგენს სიცრუეს და პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ფულადი სარგებლის მიღების მიზნით.
ყველასთვის ცნობილია, რომ კრედიტქულების მინიჭების უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, ან მის ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მაგალითად, სპმთპ-ს ტრენინგ-ცენტრმა, გასულ წლებში, ორჯერ განახორციელა მასწავლებლის სახლის მიერ აკრედიტირებული ტრენინგ-პროგრამები და მონაწილეებს კრედიტქულები მიანიჭა. გადავამოწმეთ მასწავლებლის სახლთან და გაირკვა, რომ ორგანიზაცია „ცოდნის“ მიერ დაპირებული კრედიტები მასწავლებლებს კარიერული წინსვლისთვის არ გამოადგებათ. საგანგაშოდ მივიჩნიეთ ის გარემოება, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების გარკვეული ნაწილი, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად სავალდებულო აქტივობები განახორციელეს, მაგრამ დააკლდათ ნახევარი, ერთი ან 4 კრედიტი, აღარ ინტერესდებოდა მასწავლებლის სახლის მიერ გამოცხადებული 5-კრედიტიანი ტრენინგებით, ვინაიდან საკმარისად მიიჩნიეს ორგანიზაცია „ცოდნის“ დაპირება, 4 კრედიტის მინიჭების თაობაზე. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ორგანიზაცია „ცოდნის“ წარმომადგენლები მასწავლებლებს სასამართლოთი დაემუქრნენ, თითქოსდა დეზინფორმაციის გავრცელებისათვის, არადა მათი ფბ გვერდის სტატუსები კრედიტქულების მინიჭების დაპირებას ადასტურებს.
გაეცანით ინტერვიუს სრულად ​ახალი განათ​ლების საიტზე

შეიძლება დაინტერესდეთ

გერმანიაში პირველკლასელ მოსწავლეს დავალებები მხოლოდ იმ მიზნით ეძლევა, რომ მათ შესრულებას მიეჩვიოს, შესაბამისად, ძალიან ცოტაა

გერმანიაში პირველკლასელ მოსწავლეს დავალებები მხოლოდ იმ მიზნით ეძლევა, რომ მათ შესრულებას მიეჩვიოს, შესაბამისად, ძალიან ცოტაა

გერმანული და ქართული სკოლის მოდელის განსხვავებაზე, დავალებისა და საგაკვეთილო ბადის პრობლემატიკაზე გვესაუბრა ქართველი მშობელი გერმანიაში ეკა შანნე გელაშვილი, რომელმაც თავისი შვილების მაგალითზე დაგვანახა ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც გერმანიის საგანმანათლებლო სისტემაშია წარმოდგენილი:

- საქართველოში არსებული განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად თითოეული საგნის საკმაოდ ვრცელი პროგრამა რჩება, რომლის მოსწრებასაც მოსწავლეების და მასწავლებლების დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამ კუთხით რა ხდება გერმანიაში. რამდენად დიდია თითოეული საგნის პროგრამა და რა დროს უთმობენ ერთი თემის გავლას?

- სანამ ამ კითხვას პასუხს გავცემდე, მინდა წინასწარ აღვნიშნო - არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს გერმანიაში ყველაფერი იდეალურად იყოს. ასე ნამდვილად არ არის. ჩემი მოკრძალებული აზრით და დაკვირვებით, ამ დონის ქვეყნას გაცილებით დახვეწილი და განვითარებული განათლების სისტემა უნდა ჰქონდეს. უფრო ხშირად ბიუროკრატიაა მიზეზი, რაც განვითარებასა და წინსვლაში ხელს უშლის გერმანიას. ეს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებზე განსაკუთრებით აისახება.

კონკრეტულად თქვენს შეკითხვას რაც შეეხება, დიახ, სასწავლო მასალა აქაც გადატვირთულია და მას შემდეგ, რაც ჩემი უფროსი გოგონა სკოლაში სწავლობს (ამჯამად მე-9 კლასშია), ჯერ არ მახსოვს, რომ რომელიმე წელს სრული მასალა მოესწროთ. სასწავლო გეგმას ადგენს იმ ფედერაციული მიწის განათლების სამინისტრო, რომელ მიწაზეც მოთავსებულია სასწავლებელი (გერმანია, როგორც მოგეხსენებათ ფედერაციულ მიწებადაა დაყოფილი). რაც შეეხება თემების გავლას, ძნელია კონკრეტული დროის დასახელება. ზოგ თემაზე უფრო დიდ ხანს ჩერდებიან, ზოგს ცოტა დროს უთმობენ. ეს ყველაფერი დამოკიდებულია მასწავლებლის შეხედულებებზე, თუ რამდენად კარგად მიჰყვება კლასი და ასევე თემის სირთულესა თუ მოცულობაზე.

- საგაკვეთილო პროცესი რამდენად დიდხანს გრძელდება დღის განმავლობაში?

- ისევე როგორც საქართველოში, თითო გაკვეთილი აქაც 45 წუთი გრძელდება. რაც შეეხება გაკვეთილების რაოდენობას, დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე. რაინლანდ-ფალცში (ერთ-ერთი ფედერაციული მიწაა), სადაც მე ვცხოვრობ და ჩემი გოგონა დადის სკოლაში, პირველ და მეორე კლასებში კვირაში 19-20 გაკვეთილზე მეტი არაა დასაშვები, ანუ საშუალოდ დღეში - 4 გაკვეთილი, მესამე და მეოთხე კლასებში - კვირაში 24 გაკვეთილი. ასაკის მომატებასთან ერთად გაკვეთილების რაოდენობა თანდათან იმატებს. გარდა ასაკისა, გაკვეთილების რაოდენობა და ტიპი დამოკიდებულია სკოლის სახეობებზე. არსებობს სხვადასხვა მოწყობის სკოლები, როგორებიცაა მაგალითად, გიმნაზია, „ინტეგრირებული საერთო სკოლა“, „რეალ-სკოლა“... ითვლება, რომ გიმნაზიაში უფრო რთული და ძლიერია სწავლა და ორიენტირებულია ძირითადად ისეთ ბავშვებზე, ვისაც მიზნად აქვს სწავლის უმაღლეს სასწავლებელში გაგრძელება. „რეალ-სკოლები“ ორიენტირებულია უფრო მეტად იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სავარაუდოდ პროფესიულ სწავლას გააგრძელებენ. „ინტეგრირებული საერთო სკოლები“ ახალი შემოღებულია და ორივე ვარიანტს ითვალისწინებს. ერთი ტიპის სკოლიდან მეორეში გადასვლა გარკვეულ შემთხვევებში დასაშვებია. გაკვეთილების ხანგრძლივობას და ტიპს და ასევე გასავლელ პროგრამას სკოლის მოწყობის ზემოთ ჩამოთვლილი ფორმებიც განსაზღვრავს.

- საკმაოდ რთული საკითხია ასევე ბევრი ერთგვაროვანი დავალება, რომლებიც მშობლების და ბავშვების დიდ წუხილს იწვევს, რადგან ფატქობრივად სკოლის შემდეგ დარჩენილ დღის ნაწილს მოსწავლე მეცადინეობას უნდება და თავისუფალი დრო არ რჩება. თუ არსებობს რამე შეზღუდვა გერმანიაში და რა დროს უნდებიან თქვენი შვილები მეცადინეობას?

- დიახ, გერმანიაში ასეთი შეზღუდვა არსებობს. უფრო სწორად, ალბათ შეზღუდვას ვერ დავარქმევთ, ეს არის დირექტივა.

პირველკლასელ მოსწავლეს დავალებები მხოლოდ იმ მიზნით ეძლევა, რომ მათ შესრულებას მიეჩვიოს, შესაბამისად, ძალიან ცოტაა. ამ ასაკის ბავშვებმა ძირითადად მასალა სკოლაში უნდა გაიარონ და იქვე ივარჯიშონ. მეორე კლასში ნორმალური შესაძლებლობის ბავშვმა, მშვიდ გარემოში და კონცენტრირებული მუშაობით დღეში 30 წუთზე მეტი არ უნდა დაუთმოს გაკვეთილებს. მესამე და მეოთხე კლასებში დასაშვებია 1 საათი მეცადინეობა. მე-5 და მე-6 კლასებში - 1,5 საათი, მე-7-დან მე-9 კლასის ჩათვლით - 2 საათი, ხოლო მეათე კლასიდან ასეთი შეზღუდვები არ არსებობს. თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები არ იცავენ ამ დირექტივას, რაც მშობლების და ბავშვების დიდ უკმაყოფილებას იწვევს ხოლმე. გერმანიაშიც ითვლება, რომ თავისუფალი დრო, სუფთა ჰაერი, სკოლის გარე აქტივობები, წრეები და მეგობრებთან და ოჯახთან ურთიერთობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. თუ მოსწავლე კონცენტრირებულად მუშაობს და მოცემულ დროში მაინც ვერ ეტევა, მშობელს აქვს უფლება, მოითხოვოს მასწავლებლებთან შეხვედრა და აუხსნას სიტუაცია, რომ ერთად გამონახონ პრობლემის გადაჭრის გზები.

ჩემი გოგონა ასწრებს ამ დროში დავალებების შესრულებას და სხვა აქტივობებისთვისაც საკმაოდ დრო რჩება (ცეკვა, მუსიკა, ჭადრაკი, პატარა დაიკოსთან თამაში, ნამცხვრების ცხობა, მეგობრებთან „ჭორაობა“...)

- რამდენადაა მოცემული დავალებები შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე ან კომპლექსური დავალების ტიპებს თუ მიმართავენ?

- მე ვიტყოდი, რომ არის როგორც რუტინული დავალებები, ასევე ანალიტიკურიც. ხშირად მასწავლებელზეც არის დამოკიდებული. მაგალითისთვის, ჩემს გოგონას სოციოლოგიაში ჰყავს მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ სახელმძღვანელოს მიჰყვება და შეკითხვებზე საერთოდ არ პასუხობს ბავშვებს. არა და, სოციოლოგია სწორედ ერთ-ერთი ისეთი საგანია, სადაც მთელი გაკვეთილი მსჯელობაში შეუძლია გაატაროს მასწავლებელმა და დავალებებიც ანალიტიკური მისცეს მოსწავლეებს. მეორე მხრივ, რელიგიაში ჰყავს ისეთი მასწავლებელი, რომლისთვის მთავარია, რომ ბავშვებმა ანალიზისა და მსჯელობის უნარი შეიძინონ.

ზოგი მასწავლებელი თავისი ინიციატივით მოსწავლეებს მათი შესაძლებლობების მიხედვით სხვადასხვა დონის დავალებებს აძლევს. ვისთვისაც რუტინულიც კი რთულია, იმათ ანალიტიკურ და კომპლექსურ დავალებებს, ცხადია, არ მისცემს და უფრო წინ წასულ მოსწავლეებს კი ასეთებს ურჩევს. ამას, სამწუხაროდ, დროის ნაკლებობის გამო, ყველა მასწავლებელი არ აკეთებს და მიჰყვება საშუალო ბავშვის დონეს, რათა ისინი კლასს არ ჩამორჩნენ. ასეთი მასწავლებლების გაკვეთილები ზოგი მოსწავლისთვის, რა თქმა უნდა, მოსაწყენი ხდება ხოლმე.

- პანდემიის დროს ონლაინ სწავლებას როგორ შეხვდნენ? როგორ დაძლიეს ეკრანთან ჯდომის და ჩაკეტილობის პრობლემები ბავშვებმა და განათლების სისტემამ რა შესთავაზა მათ ამ კუთხით?

- პირადად მე ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი. არ მეგონა, თუ გერმანია ასე ცუდად შეხვდებოდა გამოწვევებს. თავიდან სრულიად ქაოსურად და მოუმზადებლად შეხვდა ყველა. მასწავლებლები 1-2 თვე მხოლოდ ემაილზე აგზავნინდნენ გასამეორებელ დავალებებს. ცოტა მოგვიანებით დაიწყეს სპეციალური პლატფორმებით ონლაინ ჩართვები, თუმცა ესეც ძალიან ქაოსურად ხდებოდა. ზოგმა მასწავლებელმა არც იცოდა, როგორ გამოეყენებინათ ეს სისტემები და ბავშვები ასწავლიდნენ. დაახლოებით ერთი სემესტრის შემდეგ დაიწყეს მონაცვლეობითი გაკვეთილები, ანუ ნახევარი კლასი ერთ დღეს დადიოდა სკოლაში, მეორე ნახევარი - მეორე დღეს, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ ნახევარი მასალის გავლას ასწრებდნენ, ამიტომ ამ მეთოდმაც არ გაამართლა. შემდეგ ისევ მოგვიწია თითქმის 5 თვე ონლაინ გაკვეთილები. ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, აქაურ ბავშვებზეც ცუდი გავლენა მოახდინა ლოკდაუნებმა. მით უმეტეს, რომ გარე სასკოლო აქტივობები და მეგობრებთან შეხვედრაც შეუძლებელი იყო. ჩვენ გვიშველა იმან, რომ ჩემს გოგონას ბევრი ჰობი აქვს. უყვარს კითხვა, ჭადრაკის თამაში, რასაც ონლაინაც ახერხებდა. ასევე კლასელებმა გააკეთეს ჩატი, სადაც საშინაო დავალებებს ერთად ასრულებდნენ და ერთობოდნენ კიდეც. გარკვეული დროის შემდეგ ზოგი არასასკოლო აქტივობაც ონლაინ დაიწყო. მაგალითად, ონლაინ ტარდებოდა ცეკვის და მუსიკის გაკვეთილები. ამჟამად გვპირდებიან, რომ სკოლების ჩაკეტვა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება, რადგან ეს ბავშვების ფსიქიკაზე ძალიან ცუდას მოქმედებს. გარდა ამისა, ბევრ ბავშვს ჰქონდა მოსწრების პრობლემა და კლასის გამეორება მოუწია. ვიქონიო თუ არა იმის იმედი, რომ მთლიანი სკოლის ჩაკეტვა არ მოგვიწევს? - მე ამ საკითხს ოპტიმისტურად ვუყურებ - ბავშვები იცავენ ჰიგიენის პირობებს და ჩემი გოგონას სკოლაში უფრო დიდი ნაწილი 12 წელზე დიდი ასაკის ბავშვებისა და თითქმის ყველა მასწავლებელი სრულად აცრილია. დროებითი ან ნაწილობრივი ჩაკეტვების დროს ონალინ სწავლება უკვე კარგად დარეგულირდა და ჩემმა გოგონამაც (და მის კლასში თითქმის ყველამ) კარგად აუღო ალღო არსებულ სიტუაციას.

​ესაუბრა ელენე ოვაშვილი

წაიკითხეთ სრულად