განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
ყველაზე მეტად სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებლებზეა მოთხოვნა, შემდეგ მოდის მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა
Pedagogi.Ge-ზე მასწავლებლების ახალი ვაკანსიები დაიდო. დირექტორები ახალი სასწავლო წლისთვის ახალ გამოცდილ კადრების შერჩევას აპირებენ. ამ დროისთვის 200-ზე მეტი აქტიური ვაკანსიაა. აღსანიშნავია, რომ ვაკანსიები ყოველდღიურად განახლდება და რაოდენობა იზრდება.
ვაკანსიები გამოცხადებულია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, თბილისსა და რეგიონებში.
ყველაზე მეტად სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებლებზეა მოთხოვნა, შემდეგ მოდის მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური, ისტორია, ფიზიკა და გეოგრაფია. ასევე ეძებენ ქიმიის და სპორტის მასწავლებლებს. ასევეა მოთხოვნა რუსულის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ფრანგულისა და ბუნების მასწავლებლებზე.
მხოლოდ თითო ვაკანსიაა სამოქალაქო განათლების, იტალიურის, გერმანულის, მე და საზოგადოების, ასევე საგზაო ნიშნების მასწავლებლებისთვის.
მასწავლებლების გამოცდები 14 ივლისს იწყება, ათასობით პრაქტიკოს პედაგოგს გამოცდის ჩაბარების ბოლო შანსი აქვს, სწორედ მათი შედეგების გამოქვეყნების რეზულტატზე იქნება დამოკიდებული, ახალი სასწავლო წლისთვის გამოცხადდება თუ არა მასობრივად ვაკანსიები სკოლებში.