განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
როდისთვის დამტკიცდება ახალი რეგულირების წესი და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში სპეცმასწავლებლებიც? - ბერიკა შუკაკიძის პასუხი
როდისთვის დამტკიცდება ახალი რეგულირების წესი და ჩაერთვებიან თუ არა სქემაში სპეცმასწავლებლებიც? - აღნიშნულ კითხვებს მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალი განათლებასთან'' მიცემულ ინტერვიუში უპასუხა.
მისი თქმით, ახალი რეგულირების წესი, სავარაუდოდ, ამ თვის ბოლომდე დამტკიცდება. რაც შეეხებათ სპეცმასწავლებლებს, მათ სქემაში ჩართვაზე მუშაობა მიმდინარეობს:
,,უახლოეს პერიოდში აუცილებლად დამტკიცდება რეგულირების წესი (იმედია, ამ თვის ბოლომდე), რადგან ადრინდელ ვერსიაში გამოტოვებული იყო სპეცმასწავლებელი, არ გვინდოდა ახლაც ასე მომხდარიყო - მასწავლებელი არის მასწავლებელი. მეტიც, სპეცმასწავლებელს კიდევ უფრო მნიშვნელოვნად მივიჩნევ იმ თვალსაზრისით, რომ მოწყვლად ჯგუფთან უწევს სასწავლო პროცესის წარმართვა. სამწუხაროდ, დღეს კიდევ უფრო იზრდება სსსმ ბავშვების პოპულაცია, მით უფრო ასეთ პირობებში, ახლა მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ სპეცმასწავლებელზე. ამიტომ მათი გამოტოვება სქემიდან არასწორი იქნება. პირადად ეკა დგებუაძის მოსაზრება იყო, რომ სპეცმასწავლებლები აუცილებლად ჩართულიყვნენ სქემაში. ბუნებრივია, ჩვენ ეს გავითვალისწინეთ და ახლა ამაზე მიდის გადაწყობა. იმედია, თვის ბოლომდე, სქემა დამტკიცდება,'' - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.