განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
საქართველოს მეორე არხზე მოსწავლეებისთვის ტელეგაკვეთილები გავა
საქართველოს მეორე არხი საგანმანათლებლო პლატფორმად გადაკეთდება. ამ სიახლეს ითვალისწინებს განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტი „ტელესკოლა“, - ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი პროექტისთვის ასევე გამოყენებული იქნება საქართველოს პირველი არხის სხვადასხვა მედიაპლატფორმა: ვებპორტალი 1tv.ge, საქართველოს პირველი არხის youtube და ფეისბუქგვერდები.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემუშავების პროცესშია სასწავლო საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი), რომელიც უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
„ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის ცნობილი პედაგოგები ჩაატარებენ. გამოყენებული იქნება წამყვანი კომპანიების მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებიც.
აღნიშნული პროექტის დაწყება კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებას უკავშირდება, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, იგი ვითარების განმუხტვის შემდეგაც გაგრძელდება,“ - აღნიშნულია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილების ნახვის საშუალება ექნებათ.
„უაღრესად მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ. ეს გახლავთ „ტელესკოლის“ პროექტი, სადაც ყველა მოსწავლეს განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, ექნება საშუალება, ნახოს ძალიან საინტერესო, საუკეთესო გაკვეთილები ყველა საგანში“, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, პროექტი იქნება გრძელვადიანი და მიზნად ისახავს საქართველოს მეორე არხის საგანმანათლებლო არხად გადაქცევას.
თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყარო“