განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების მინისტრი სექტემბრიდან სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროგრამის დანერგვას აანონსებს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა კორპორაცია Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტ ენტონი სალსიტოსთან ვიდეოკონფერენცია გამართა და მასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილა.
„COVID-19-ის პანდემიის დროს შექმნილმა კრიზისმა დაგვანახა, რომ ურთიერთდახმარებასა და გამოცდილების გაზიარებას სერიოზული გამოწვევის დასაძლევად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აპრობირებული და მარტივად გამოსაყენებელი პროგრამის – Microsoft Teams-ის საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვამ საქართველოს განათლების სისტემის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. გამოცდილება, რომელიც კრიზისის დროს მივიღეთ, პოსტპანდემიურ პერიოდშიც გამოგვადგება. მჯერა, როდესაც სწავლების ტრადიციულ მეთოდებს დავუბრუნდებით, ახლადშექმნილი ვირტუალური ინფრასტრუქტურა საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად დარჩება,“ - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
შეხვედრაზე მხარეებმა Microsoft-ის გლობალურ ინიციატივებში საქართველოს ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო როგორც განათლების, ასევე, კულტურისა და ელექტრონული სპორტის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვას ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.
მიხეილ ჩხენკელმა Microsoft-ის განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს სამინისტროს უახლოესი გეგმებიც გააცნო, კერძოდ, მინისტრი პროგრამა Microsoft TEAMS-ის ქართულ ენაზე თარგმნის საკითხს შეეხო და ამ საქმეში ენტონი სალსიტოს მხარდაჭერაც მიიღო.
მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყების გეგმაა სექტემბრიდან საქართველოს მასშტაბით შერჩეულ 150 სკოლაში საპილოტე რეჟიმში Microsoft-ის საგანმანათლებლო პროგრამის „Minecraft Education Edition“ დანერგვა. ეტაპობრივად კი პროგრამა საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს გახდის. „Minecraft Education Edition“ პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება კი მოსწავლეებისთვის უფრო მეტად სახალისო გახდება.
ვიდეოკონფერენციას Microsoft-ის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ: რეგიონული დირექტორი ანკე დე ოინენი, რეგიონის განათლების სექტორის მენეჯერი ალბენა სპასოვა, განათლების სექტორის დირექტორი ევროპის რეგიონში პეტრონელა გოელი და Microsoft Georgia-ს განათლების მიმართულების წარმომადგენელი დავით ჭიაბერაშვილი.