განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის სტრატეგია შეიმუშავა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სასწავლო პროცესის მიღმა დარჩენილი ან დარჩენის მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების და ახალგაზრდების, ასევე სხვადასხვა საჭიროების მქონე მიზნობრივი ჯგუფების ფორმალურ განათლებაში სრულფასოვანი და ეფექტური ჩართულობის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა, აქვე შეჯამდა მიმდინარე წლის შედეგებიც. ღონისძიებას დაინტერესებული და ჩართული მხარეები ესწრებოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
სკოლის ვადაზე ადრე მიტოვების პრევენციისა და აღნიშნული პრობლემის დაძლევის მიმართულებით, სამინისტრომ დონორ ორგანიზაციებთან ერთად, თანმიმდევრული და ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკა გაატარა და UNICEF-ის, „ვორლდ ვიჟენისა” და ევროკავშირის მხარდაჭერით, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის სტრატეგია შეიმუშავა; განვლილ პერიოდში ,,სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგისა და ფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის“ შეიქმნა უწყებათაშორის ინფორმაციის მიმოცვლის სახელმწიფო პროგრამის პროექტი; ასევე მიუსაფარი ბავშვებისთვის (ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის) სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი - ,,ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ ამოქმედდა.
2018 წელს 130-მდე მიუსაფარი ბავშვი იქნა უზრუნველყოფილი ზოდაგი და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობით.