განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დისტანციური სწავლების შესაძლებლობებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტები განხორციელდა:
„დისტანციურმა სწავლებამ ბევრი რაღაც გადააფასა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. ჩატარდა უამრავი საინტერესო ვებინარი, ტრენინგი, რომლებიც შეიძლება აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისთვის, ყველა მასწავლებლისთვის. პედაგოგებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პროფესიონალი სპეციალისტების გამოცდილებას გაცნობოდნენ. ამის ფუფუნება აქამდე არ იყო. უშუალოდ ბრიტანეთიდან სპეციალისტები აძლევენ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ორგანიზებაზე რეკომენდაციებს,“ - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „ტელესკოლაზე“ და აღნიშნა, რომ „ტელესკლის“ გაკვეთილები თვალსაჩინო მაგალითია, როგორ უნდა ჩატარდეს საინტერესო გაკვეთილი:
„ძალიან კარგი შესაძლებლობა მოგვცა „ტელესკოლამ.“ თვალსაჩინო გახდა, როგორ ორგანიზდეს საინტერესო, ინტერაქტიული გაკვეთილები. ხისტი გაკვეთილები, მე არ ვამბობ, რომ ყველა საკლასო ოთახში მიმდინარეობდა, მაგრამ სწავლების ძველი მეთოდი და სტიგმა დღესაც არსებობს ჩვენს სისტემაში. ასეთი თვალსაჩინო მაგალითები არის ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი. ამიტომ ძალიან საინტერესო პერიოდში ვცხოვრობთ, რაღაცებს ვაფასებთ. პროექტი „ტელესკოლა“ კიდევ უფრო საინტერესო გახდება. გვაქვს გეგმები ზაფხულისთვის, არდადეგების პერიოდში „ტელესკოლას“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დაემატება. ზუსტად ეს არის პირველი ნაბიჯი, რომ ჩვენს მოქალექეებს, ნებისმიერი ასაკის ადამიანს, შესაძლებლობა ექნება ძალიან მაღალი ხარისხის პროექტში იყოს ჩართული,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.
„ჩვენი სასკოლო სისტემა ათასობით მსგავს მასწავლებელს მალავს... და რა დააშავა? ის თქვა ხმამაღლა, რასაც ასობით მასწავლებელი ჩუმად ფიქრობს და ეს „ჩუმად ნაფიქრი“ უფრო საშიშია, ვიდრე საჯარო პოსტი“
იცით, იმ ერთი მასწავლებლის ამბავი საიდან იღებს სათავეს? აი, იმ მცდარი აზრიდან, ქალს რომ ყველაზე მეტად მასწავლებლობა გამოუვა. განა რამე, უბრალოდ ეს პროფესია უფრო უხდება, ეს პროფესია უფრო შეეფერება. ნუთუ კაცს არ შეჰფერის მასწავლებლობა? როგორ არა, მაგრამ მაინც უფრო ქალურია. არადა, ოდესღაც ითქვა და ვამბობთ, რომ პროფესიებს სქესი არ აქვთ, მაგრამ მასწავლებლობა მაინც ქალის საქმეა.
მასწავლებლობა მარტივი არაა. მით უმეტეს, ეს ის საქმე არაა, ამ მცდარი აზრების გარემოცვაში გაზრდილმა ადამიანებმა რომ უნდა შეასრულონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ბავშვობაში ასე ჩააგონეს. ეს პროფესია ჩვენს არჩევანსა და შესაძლებლობებს შორის დგას, ჩვენს სიყვარულის უნარსა და მოთმინებას შორის დგას და აქ ყველას ადგილი ნამდვილად არაა.
ამ პროფესიაში ძალიან მამაცი ადამიანების ადგილია. ადამიანების, რომლებსაც ბოლომდე ესმით მასწავლებლობის და განიცდიან მას. ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა და შეეჭიდონ ურთულეს საქმეს. ადამიანების, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი მოსწავლეების, არ ეზიზღებათ ისინი და სულმოუთქმელად არ ელიან დროს, როდესაც მათგან თავისუფლები იქნებიან.
იქნებ, მას საერთოდ არ უნდოდა მასწავლებლობა? იქნებ, კოსმოსში გაფრენაზე ოცნებობდა ბავშვობაში, მაგრამ შემდეგ ის საქმე არჩია, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მარტივად ჩანდა - შედიხარ კლასში, გამოკითხავ მოსწავლეებს, შემდეგ გაკვეთილს ახსნი და ისევ უკან გამოდიხარ. და ყოველდღე ასე გრძელდება.
მისი არსებობა არ გამკვირვებია. ჩვენი სასკოლო სისტემა ათასობით მსგავს მასწავლებელს მალავს და დამალავს მომავალშიც. და რა დააშავა? ის თქვა ხმამაღლა, რასაც ასობით მასწავლებელი ჩუმად ფიქრობს. და ეს „ჩუმად ნაფიქრი“ უფრო საშიშია, ვიდრე საჯარო პოსტი.
მისი დასჯით არაფერი შეიცვლება - მას ხომ ისინი დასჯიან, ვინც თავად სისტემა შექმნა.