Baby Bag

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა

2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული გამოვლინდა

განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 10 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეული სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტებმა დაასახელეს, ესენი არიან:

  • ციცინო გობაძე – წალკის მუნიციპალიტეტის, სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • სალომე გოჩოლეიშვილი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო–არქევანის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი
  • ნათელა დავითაია – სენაკის მუნიციპალიტეტის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის ისტორიის მასწავლებელი
  • ივანე დიდებელი – ორბეთის საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „ახალი თაობის“ ინგლისური ენის მასწავლებელი
  • მარინე ვართუმაშვილი – ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი
  • ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი
  • მარინე ფორჩხიძე – რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი
  • თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
  • ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯაროს სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

შეიძლება დაინტერესდეთ

„განათლების რეფორმა გაუაზრებელი და მოუფიქრებელია“ - სერგი კაპანაძე

„განათლების რეფორმა გაუაზრებელი და მოუფიქრებელია“  - სერგი კაპანაძე

​„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, სერგი კაპანაძე განათლების რეფორმას გაუაზრებელსა და მოუფიქრებელს უწოდებს. დეპუტატის თქმით, განათლების მინისტრი სწორედ ამიტომ დაიბარეს პარლამენტში.

„განათლების მინისტრთან ჩვენი კითხვები დაკავშირებულია იმ სრულიად მოუფიქრებელ და გაუაზრებელ ე.წ განათლების რეფორმასთან, რომელიც მან შემოგვთავაზა. რეალურად გულისხმობს მხოლოდ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას და ზოგადი უნარების ტესტის არასავლდებულოდ გახდომას. არცერთ ამ კონკრეტულ საკითხზე მინისტრს არგუმენტი არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, მან წერილით გვიპასუხა ჩვენ დასმულ კითხვებზე.

იმ წერილში ასევე სადღეგრძელოებია, არცერთი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი. ჩვენი შვილების მომავლით თამაში არის სახიფათო, არავის არ უნდა შერჩეს და ვაპატიოთ, ეს კითხვები გვექნება. რატომ აპირებს ამ ასე სწრაფად, ასე მოუფიქრებლად ამ კვაზი რეფორმის განხორციელებას”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში, ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ.

ბატიაშვილი „ევროპულმა საქართველომ” დაიბარა. მის მიმართ კითხვები პედაგოგების ხელფასებისა და გამოცდების გაუქმების ინიციატივას შეეხება.

პრემიერი კი ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიბარა კრიმინოგენული ვითარების საკითხთან დაკავშირებით.


წაიკითხეთ სრულად