„მასწავლებლებზე ვიზრუნეთ, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მაგრამ არ აქვთ დაგროვებული 19 კრედიტქულა (აკლდებათ 1-დან 5 კრედიტამდე). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს დანაკლისი იმ ტრენინგების ხარჯზე შეავსონ, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ, ცხადია, უფასოდ,“ - ამის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ,,ახალ განათლებასთან'' ინტერვიუში განაცხადა.
„დაახლოებით, ერთ კვირაში დავიწყებთ ტრენინგებს და შესაძლოა, სექტემბერში მათ სტატუსი აიმაღლონ. ასეთი 1000-მდე პრაქტიკოსი მასწავლებელია,“ - დასძინა ბერიკა შუკაკიძემ.
მისივე თქმით, სქემაში განაწილებულ უფროს მასწავლებლებს, რომლებმაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიიღეს 15 კრედიტქულა და შესრულებული აქვთ ორი სავალდებულო აქტივობა, გარე დაკვირვების გარდა, 2020 წლის სექტემბრიდან მიეცემათ უფლება, გაიარონ გარე დაკვირვება. წარმატებით გავლის შემთხვევაში, თავისთავად, მათ წამყვანის სტატუსი მიენიჭებათ. ასევე, წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2020 წლის 31 იანვრისთვის მიღებული აქვთ 25 კრედიტქულა და განხორციელებული აქვთ ყველა სავალდებულო აქტივობა, ელექტრონული პროფესიული საქაღალდის მონიტორინგის განხორციელების შემდეგ, მენტორის სტატუსი მიენიჭებათ.
,,რაც შეეხება სამომავლოდ, მასწავლებლის რეგულირების წესის მიხედვით, მასწავლებელთა კარიერულ წინსვლას, აქ უკვე საჭირო იქნება შესაბამისი გამოცდის ჩაბარება პროფესიულ უნარებში, რომელიც ჯერ მზად არ არის,'' - აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი“ - მიხეილ ბატიაშვილი
„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი,“ - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა „ახალი სკოლის მოდელში” ჩართული სკოლების დირექტორებთან და მათი მხარდამჭერი ჯგუფების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტის მიზნებზე, განხორციელების გზებზე, მოსალოდნელ შედეგებზე, ადმინისტრაციულ და შინაარსობრივ საკითხებზე.
„პედაგოგებთან თანამშრომლობა, მათი ნდობა და მეტი პასუხისმგებლობა - ეს არის ჩვენი რეფორმის საფუძველი. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საპილოტე სკოლების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან შეხვედრები. ეს ის პროფესიონალებია, რომლებიც ახალი საგაკვეთილო პროცესების დანერგვაზე ყოველდღიურ რეჟიმში გააგრძელებენ სკოლებში მუშაობას. ახალი მოდელის განხორციელების დეტალებზე თითოეულ სკოლაში ინდივიდუალურად ვმუშაობთ, ვეცნობით სკოლების საჭიროებებს, რათა მაისის ბოლოს უკვე ვიხილოთ რეფორმირებული სკოლების წარმატებული მაგალითები,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტროს ექსპერტები პედაგოგებთან იმ ძირითად მიმართულებებზე მუშაობენ, როგორიცაა მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო გეგმების შემუშავება და დანერგვა, ციფრული ტექნოლოგიების სწავლა-სწავლების პროცესში ინტეგრირება და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნა.
„როგორც ცნობილია „ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია და საპილოტე რეჟიმში წარმატებით მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სასკოლო კულტურის განვითარება და ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. აღნიშნულის ხელშეწყობის მიზნით, პროექტში მონაწილე სკოლებში განხორციელდება ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მოხდება სკოლების WiFi-ით სრული დაფარვა და კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფა. პროექტის ფარგლებში შექმნილი მხარდამჭერი ჯგუფები ასევე, იმუშავებენ პედაგოგებთან სასწავლო გეგმისა და მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარების კუთხით. პროექტი „ახალი სკოლის მოდელი“ 2023 წლამდე ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება,“ - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.