„საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის პროგრამა უნდა გაგრძელდეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროგრამის ერთ-ერთი მიზანია, განათლების სისტემის ახალგაზრდა მასწავლებლებით დაკომპლექტება:
„საპენსიო ასაკის 4 ათასზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს სახით ღირსეულ პენსიაზე იყო გაგზავნილი. ეს ფულადი ჯილდო მოიცავდა ორი წლის ხელფასს ერთჯერადად და ასევე დაზღვევას სიცოცხლის ბოლომდე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს პროგრამა აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მას (პროგრამას) აქვს ორი მიზანი: ჩვენს ღვაწლმოსილ, პენსიის ასაკს მიღწეულ ადამიანებს სწრაფად მივცეთ ღირსეულად პენსიაზე გაცილების შესაძლებლობა და სისტემა შევავსოთ ახალი, ახალგაზრდა მასწავლებლებით, რომლებმაც სწრაფად უნდა აიმაღლონ კომპეტენცია“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
საქართველოს ყველა რაიონში ტექნოლოგიების ექსპერტები სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან
კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი გადავადდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დისტანციურ სწავლების ერთ-ერთ საშუალებას ელექტრონულ ფორმატს განიხილავს, როგორც ალტერნატივას შექმნილ ვითარებაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვისთვის და აძლიერებს აღნიშნულ მიმართულებებს.
საქართველოს ყველა რაიონში შეიქმნა ვირტუალური საკონსულტაციო სივრცეები, რომლებშიც „ახალი სკოლის მოდელის“ მოხალისე ტექნოლოგიების ექსპერტები ტექნოლოგიების მიმართულებით სასკოლო საზოგადოებას დისტანციურ სწავლებაში ეხმარებიან.