Baby Bag

როგორ მიენიჭება მასწავლებელს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით?

როგორ მიენიჭება მასწავლებელს სტატუსი ახალი სქემის მიხედვით?

მასწავლებლის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, პედაგოგის ყველაზე დაბალი სტატუსი იქნება უფროსი, ყველაზე მაღალ სტატუსად კი კვლავ მენტორი რჩება. რაც შეეხება პრაქტიკოსს, ეს სტატუსი უქმდება.

სქემაში დეტალურადაა გაწერილია, როგორ უნდა მიენიჭოს პედაგოგს ესა თუ ის სტატუსი.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. უფროსი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს საგნის გამოცდას. გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს.

2. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მიწოდებული მონაცემების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და გამოცდაში მიღებული ქულა) საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, რის შესახებაც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-ანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

ა) წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:

ბ. ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

3. სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

4. მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

5. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დაწესებულ ზღვარს. პირს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, პირს უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

6. მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

7. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭება

1. მენტორი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს წამყვან მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული ჰქონდა დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, წამყვანი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.

2. მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რომელიც მოიცავს:

ა) მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის ჩაბარებას;

ბ) მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს;

ბ.ა) გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას);

ბ.ბ) სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

3. სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრება (ინტერვიუირება) მიმართულია ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ხარისხის დასადგენად.

4. მასწავლებლის პორტფოლიო ფასდება ამ სქემის მე-4 მუხლით და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე.

5. ამ სქემის მე-4 მუხლითა და მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები განთავსებული უნდა იყოს ელექტრონულ სისტემაში არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

6. მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ პირი გადალახავს აღნიშნული გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დადგენილ ზღვარს. პირს მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი.

7. მასწავლებლის შეფასებას პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მასწავლებლის მიერ წამყვანი მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით დაძლევის შემთხვევაში.

8. მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის თითოეული კომპონენტი ფასდება კანონმდებლობის შესაბამისად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული შეფასების ინსტრუმენტებით.

სქემაში მოცემულია, როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ წინადადების წარდგენა:

1. უფროსი მასწავლებლის და წამყვანი მასწავლებლის მიერ შესაბამისად წამყვანი მასწავლებლის და მენტორი მასწავლებლის სტატუსის შესაბამისი პროფესიული უნარების გამოცდის (გამოცდების) ჩაბარების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს მასწავლებლის გარე დაკვირვებას, ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და აფასებს მასწავლებლის პორტფოლიოს.

2. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასებას ახორციელებენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული არანაკლებ 2 პირი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.

4. პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის ბოლოს, იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით სქემაში აღნიშნულია, რომ:

1. მასწავლებელს უფლება აქვს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების შესახებ დასკვნის თაობაზე საპრეტენზიო განაცხადით მიმართოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაციის მასწავლებლის ელექტრონულ პორტფოლიოში ასახვიდან ერთი თვის ვადაში.

2. საპრეტენზიო განაცხადის ფორმა და წარდგენის ვადები განისაზღვრება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საპრეტენზიო განაცხადის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანო

1. საპრეტენზიო განაცხადების განხილვის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას და ამტკიცებს საპრეტენზიო კომისიის დებულებას.

2. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მონაწილეობდა მასწავლებლის შეფასებასა და მასწავლებლისათვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით წინადადების შემუშავებაში.

საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება

1. საპრეტენზიო კომისია უფლებამოსილია, საპრეტენზიო განაცხადთან დაკავშირებით მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ.

2. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება, მისი მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წარედგინება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

მასწავლებლისთვის წამყვანი/მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება და მისი გასაჩივრება

1. მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის დადებითად შეფასების შემთხვევაში, ცენტრის დირექტორის გადაწყვეტილებით პირს ენიჭება წამყვანი მასწავლებლის ან მენტორი მასწავლებლის სტატუსი.

2. მასწავლებელს ამ სქემით განსაზღვრული სტატუსი ენიჭება სასწავლო წლის ბოლოს.

3. მასწავლებლისთვის ამ სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორ მოხდება უფროსი/წამყვანი/მენტორი მასწავლებლისათვის სტატუსის მინიჭების დადასტურება?

1. მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით, რომლის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. უფროსი მასწავლებლის სტატუსის, ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის, ან მენტორი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 2 თვის ვადაში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს მასწავლებელთა სერტიფიკატების საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს იმ ტერიტორიული ორგანოსათვის - საგანმანათლებლო რესურსცენტრისთვის გადაცემას, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელშიც დასაქმებულია მასწავლებელი.

3. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მასწავლებელთა სერტიფიკატების მიღებიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის პირებზე/პირებისთვის მასწავლებლის სერტიფიკატების გაცემას/ხელმისაწვდომობას.

სქემაში შესულ სხვა ცვლილებებს გაეცანით ბმულზე - ​„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილები შევიდა

Momsedu.ge-ს ახალი პროექტი - „მასწავლებლის ხმა“
მედიაპორტალი ​​MomsEdu.ge ახალ პროექტს  - „მასწავლებლის ხმას“ იწყებს. ​„მასწავლებლის ხმა“ პედაგოგებს მოგცემთ შესაძლებლობას, ფართო აუდიტორიას მიაწოდოთ თქვენი ფიქრები, მოსაზრებები, ი...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ პედაგოგებზე და ზოგადად, მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს

„ასეთ პედაგოგებზე და ზოგადად, მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა“ - იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ბათუმელი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში ბათუმელი მასწავლებლის წერილს აქვეყნებს. პედაგოგი, რომელიც ბავშვებს სახლში ამეცადინებს, ექიმს უსაფრთხოების დაცვის მიზნით ჩატარებული პროცედურების შესახებ უყვება და ეკითხება, რამდენად სწორად იქცევა. გთავაზობთ მასწავლებლის წერილს, რომელსაც ბიძინა კულუმბეგოვი ასაჯაროებს.

„ბავშვები ჩემთან მოდიან ფარებით, მშობელს უკეთია ნიღაბი. ვცხოვრობ მესამე სართულზე და ისინი ამოდიან დისტანციის დაცვით. კარები ღია მაქვს, მიკეთია სათვალე და სამედიცინო ნიღაბი. პატარებს ოვაციით, სიყვარულით ვიღებ, ორი დეზობარიერი მაქვს, ერთი სადარბაზოში, მეორე - სახლში, კარებთან. ჯერ პირველზე იწმენდენ ფეხსაცმელებს და მერე დგებიან მეორეზე, ვუზომავ სიცხეს, ამის შემდეგ სხდებიან დეზობარიერთან სკამზე და იხდიან ფეხსაცმელებს, რომელსაც საკუთარი ხელით აწყობენ შემოსასვლელში სადეზინფექციო ხსნარით დასველებულ, გაშლილ ტილოზე.

შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით (სპირტი, წყალბადის ზეჟანგი...) ვუმუშავებ თავიდან ბოლომდე, ვეძახით სუნამოს დასხმას და სიამოვნებით ტრიალებენ, თავზეც ვასხამ, ხელებზეც. მერე იცვამენ ოთახის ჩუსტებს, რომელსაც ჩემთან ტოვებენ და პერიოდულად ვამზეურებ აივანზე. ფარის ქვემოთ ვუკეთებ პირბადეს. ამ პროცესს ესწრება სადარბაზოში მდგომი მშობელი და თუ ბავშვს ტემპერატურა არა აქვს, მიდის.

ბავშვი დგება საპირფარეშოსთან რიგში. როცა ცხრავე ბავშვი მოვა( მეათე მე ვარ), ვირჩევთ მორიგეებს. ისინი შედიან პირველები და ზედმიწევნით იბანენ ხელებს ყველა წესის დაცვით, მერე იკავებენ თავიანთ ადგილებს: ერთი მორიგე მეგობრებს უსხამს თხევად საპონს, მეორე - ურიგებს მშრალ სალფეთქებს, ბანენ წესების დაცვით, თავადვე ყრიან ურნაში გამოყენებულ სალფეთქებს. ამას ყველაფერს ხალისით ასრულებენ, ხუმრობენ, ერთმანეთს ესაუბრებიან, ,,ჭუკების ცეკვას" ცეკვავენ რიგში, ის მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი მათთვის სახალისოა, სიამოვნებთ ასრულებენ ყველაფერს. მერე შედიან სასტუმრო ოთახში( რომელსაც ყოველდღიურად ვუკეთებ სრულ დეზინფექციას ) აივნის კარები ღიაა, სხდებიან დისტანციურად და იხსნიან ფარებს (რომელთაც მერხებზე ვუწყობ), რჩებიან ნიღბებში.

ხელზე ვასხამ სანიტაიზერს. ნახევარ საათიანი მეცადინეობა ასე ტარდება მათი სრული ჩართულობით, ადგილზე მოძრაობით, თვალსაჩინოებების გამოყენებით, ესეც მოსწონთ და ხალისობენ, იცინიან , ნიღბებს უძლებენ, არ წუწუნებენ... შემდეგ გადამყავს სასწავლო ოთახში, სადაც მიდგას ერთმანეთისგან დისტანციურად დაშორებული მერხები. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური სასწავლო ნივთები. აქაც ჩატარებულია დეზინფექცია, ფანჯარა ღიაა. პირბადეს მხოლოდ პირზე ვუტოვებ, ცხვირს ვუთავისუფლებ. პატარები არიან და ხანდახან წამოახველებენ, დააცემინებენ და პირაკრულები, ვფიქრობ, დაცულები არიან. როცა აცემინებენ, პირბადეს ვუცვლი და ხელზე ისევ ვასხამ ხსნარს პატარა პულვერიზატორი მაქვს საამისოდ.

როცა საპირფარეშოთი სარგებლობენ, ხელს იბანენ, მაგრამ რომ შემოდიან, სანიტაიზერს მაინც ვასხამ. ამ მერხებთან ისინი კითხულობენ, ხატავენ, ძერწავენ, სახალისო ტესტებზე მუშაობენ, ჩხირკედელაობენ, მუსიკას უსმენენ, ერთმანეთს დისტანციურად ეკონტაქტებიან და რაც მთავარია, ეს ყველაფერი მოსწონთ, ჩემთან მოუხარიათ”

სახლშიც წასვლის დროსაც რიგს იცავენ, იცვლიან ჩუსტებს, დეზობარიერზე იცვამენ ფეხსაცმელს, პირბადეს იხსნიან და აგდებენ სპეციალურ ურნაში, ვუკეთებ ფარს, ისევ მუმუშავებ ხელებს და დამოუკიდებლად ჩადიან ქვემოთ მშობლებთან.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგწერეთ, რომ მინდა გკითხოთ, დასაშვებია? ხომ არ მეშლება რამე? იქნებ ასეთი რეგულაციების შემდეგაც არ ვართ დაცულნი?“ - წერს პედაგოგი ბიძინა კულუმბეგოვს.

როგორც იმუნოლოგი აღნიშნავს, ასეთ პედაგოგებზე და ზოგადად, მოქალაქეებზე უნდა იდგეს ჩვენი ქვეყანა. „რამდენი უფიქრია, როგორ სწორად ესმის ბევრი ასპექტი ინფექციის მართვის და ბავშვების უსაფრთხოების,“ - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

წაიკითხეთ სრულად