Baby Bag

​„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა

​„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილებაა

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ​ცვლილებაა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

ბრძანების თანახმად, მასწავლებლის მიმართ დადგენილი ძირითადი მოთხოვნები შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდა:

1. პირი მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება შიდა ან ღია კონკურსის საფუძველზე, ხოლო სპეციალური მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე.

2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) ქმედუნარიან პირს, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესით დადგენილ სპეციალურ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ბ) 2015 წლის 1 იანვრამდე სერტიფიცირებულ პირს;

გ) 2015 წლამდე მოქმედ მასწავლებელს.

3. მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი, მოწვეული ან/და შემცვლელი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არ აქვს ნასამართლობა.

4. სკოლას უფლება აქვს ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარმოდგენა მოსთხოვოს როგორც მასწავლებლობის/სპეციალური მასწავლებლობის მსურველ კანდიდატს (შემდგომში – კანდიდატი), ასევე პირს, რომელიც სკოლაში უნდა დასაქმდეს მოწვეულ ან/და შემცვლელ მასწავლებლად.

სკოლაში სპეციალური მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს და ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

ა) უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;

ბ) უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა;

გ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, სპეციალურ მასწავლებლად/მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა გაიაროს სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა;

დ) უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.

8. სპეციალური მასწავლებელი, რომელიც ასწავლის და მუშაობს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ერთ-ერთ მოთხოვნას და გავლილი უნდა ჰქონდეს მხედველობის ან სმენის დარღვევის მქონე ან მრავლობითი სენსორული დარღვევის მქონე (ყრუ და უსინათლო) ან მძიმე/ღრმა ინტელექტუალური ან/და მრავლობითი დარღვევის მქონე ან ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის სწავლების სპეციალიზებული სასერტიფიკატო პროგრამა.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, სკოლაში დასაქმების შემთხვევაში მასწავლებელთან შესაძლებელია გაფორმდეს შემდეგი კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

ა) უფროსი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

ბ) წამყვანი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

გ) მენტორი მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

სკოლაში დასაქმების შემთხვევაში სპეციალურ მასწავლებელთან შესაძლებელია გაფორმდეს შემდეგი კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

ა) პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

ბ) უფროსი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება;

გ) წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

სტატუსების მიხედვით შრომითი ხელშეკრულების დაყოფა მიზნად ისახავს მასწავლებლისთვის და სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციური დატვირთვისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ვალდებულების დაკისრებას და შესაბამისი შრომის ანაზღაურების გაცემას.

ბრძანების თანახმად, სკოლა უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, შრომითი ხელშეკრულება გააფორმოს მასწავლებლობის მაძიებელთან ან მოწვეულ მასწავლებელთან, ან შემცვლელ მასწავლებელთან.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში (რაც წერილობით დასაბუთებული უნდა იქნეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის მიერ), ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია მაღალი სტატუსის მქონე მასწავლებელთან/სპეციალურ მასწავლებელთან გაფორმდეს შედარებით დაბალი სტატუსის მქონე მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულება.

სკოლის დირექტორი ან/და ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკვირდება თითოეული სტატუსის მასწავლებლის საქმიანობას სასწავლო წლის განმავლობაში და პერიოდულად აძლევს უკუკავშირს ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შესახებ, წლის ბოლოს კი აფასებს მას.

წამყვანი მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ფუნქცია:

ა) კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, დახმარება მათი საჭიროებების განსაზღვრაში; ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციების შესრულება, ან/და მათთვის რეკომენდაციების გაცემა;

ბ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;

გ) სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება;

დ) სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობა;

ე) მოსწავლეთა საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით გამოყენება;

ვ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება;

ზ) სოციალური აქტივობების ინიცირება და სასკოლო/სკოლათშორისი/სათემო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა.

მენტორი მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნეს მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი:

ა) კოლეგა მასწავლებელთა საჭიროებების დადგენა, მათ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიანი სტრატეგიის დაგეგმვა;

ბ) ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების დახმარება;

გ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად სკოლაში დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და სხვათა/სასკოლო საზოგადოების ჩართვა ამ აქტივობებში;

დ) სკოლაში მოსწავლეების პროფორიენტაციის ხელშეწყობისთვის პროფორიენტაციის, სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების და კვალიფიციური კადრების იდენტიფიცირება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა;

ე) სკოლის საჭიროების კვლევების განხორციელება და მიგნებების სკოლის განვითარების მიზნით გამოყენება;

ვ) ზოგადი განათლების სფეროში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე საგანმანათლებლო სიახლეების და პროფესიულ ლიტერატურის გაცნობა და კოლეგებთან გაზიარება;

ზ) საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად საერთაშორისო საგანამანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება და ერთობლივიპროექტების განხორციელება;

თ) სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნვესაყოფად შესაბამისი რესურსების მოზიდვა;

ი) რესურსების შექმნა და მასწავლებლებისთვის გაზიარება.

წამყვანი სპეციალური მასწავლებლის შრომით ხელშეკრულებაში, ქვემოთ ჩამოთვლილი ფუნქციებიდან, გათვალისწინებული უნდა იქნას მინიმუმ ოთხი ქვეპუნქტი:

ა) მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში;

ბ) სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/სხვა კანონიერი წამომადგენელისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება ან/და ინტერვიუს წარმოება;

გ) სასწავლო გარემოს შეფასება;

დ) დამხმარე ტექნოლოგიების, აპლიკაციების, ინფორმაციული რესურსების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლების პროცესში;

ე) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ხელშეწყობა სხვა სასწავლო საფეხურზე ტრანზიციის მიზნით, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობა;

ვ) მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, შეფასება და დასკვნის გაკეთება;

ზ) მოსწავლის საჭიროების იდენტიფიცირება და საჭირო სპეციალისტების ინტერვენციის დასკვნა;

თ) ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტების კოორდინირება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განვითარების მიზნით;

ი) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა და შედეგების გამოყენება მათი განვითარების და სასწავლო შედეგების გაუმჯობესებისათვის;

კ) საკუთარი და სხვა სკოლების/დღის ცენტრების სპეციალური მასწავლებლებისა და სხვა სპეციალისტების მხარდაჭერა ინკლუზიური და სპეციალური განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;

ლ) პროფესიული რესურსების შექმნა, წერილობითი, ვიდეო ან აუდიო მასალები პროფესიულ განვითარებაზე.

Momsedu.ge-ს ახალი პროექტი - „მასწავლებლის ხმა“
მედიაპორტალი ​​MomsEdu.ge ახალ პროექტს  - „მასწავლებლის ხმას“ იწყებს. ​„მასწავლებლის ხმა“ პედაგოგებს მოგცემთ შესაძლებლობას, ფართო აუდიტორიას მიაწოდოთ თქვენი ფიქრები, მოსაზრებები, ი...

შეიძლება დაინტერესდეთ

7 შეცდომა, რომელიც მშობლებმა ბავშვის სკოლაში წასვლისას არ უნდა დაუშვან

7 შეცდომა, რომელიც მშობლებმა ბავშვის სკოლაში წასვლისას არ უნდა დაუშვან

მშობლები ბავშვის აღზრდისას ყოველთვის ფიქრობენ, რამდენად სწორად იქცევიან. ყველა შეკითხვაზე ერთი სწორი პასუხის მიღება შეუძლებელია, თუმცა რიგ შემთხვევებში მშობლებს შეცდომების თავიდან არიდება ნამდვილად შეუძლიათ. თუ ბავშვები სკოლაში მიდიან, ეს 7 შეცდომა არ უნდა დაუშვათ:

1. ბავშვის სკოლაში მიყვანისას ზედმეტად ემოციური ნუ იქნებით

ბავშვები სკოლაში მისვლისას ძლიერ ემოციებს განიცდიან. ზოგიერთი ტირის, შფოთავს და ღელავს. პატარებს მშობლებთან განშორება არ სურთ, რადგან მათთან თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. თუ მშობელი ბავშვზე მეტად ღელავს და მას აგრძნობინებს, რომ უჭირს შვილთან განშორება, ბავშვს ეს განწყობა გადაედება. თუ სკოლის პირველ დღეს ღელავთ, თქვენი განცდები ბავშვს არ აგრძნობინოთ. ბავშვს მშვიდად დაემშვიდობეთ და მის თვალწინ დადებითი განწყობა შეინარჩუნეთ.

2. ბავშვს საშინაო დავალების მომზადებაში დახმარებაზე უარი არ უთხრათ

ბავშვისთვის დამოუკიდებლობის სწავლება მნიშვნელოვანია, თუმცა მას გარკვეული წინამძღოლობა სჭირდება, რათა დროის სწორად გადანაწილება ისწავლოს და დავალების მომზადება შეძლოს. მშობელმა ბავშვს უნდა აუხსნას, რომ გაკვეთილების მომზადება ბოლო წუთისთვის არ უნდა გადადოს. ზოგჯერ სასწავლო წლის დასაწყისში მსგავსი ტიპის დახმარება უფროსკლასელებსაც სჭირდებათ. როგორც წესი, მათ ბევრად მეტი დავალება აქვთ შესასრულებელი და პატარებზე მეტადაც იღლებიან, რის გამოც, ზოგჯერ დროის გადანაწილებასა და პრიორიტეტების შემუშავებაში მშობლების თანადგომა სჭირდებათ.

3. ნუ მოახვევთ ბავშვს თავს საკუთარ შიშებს

ბავშვის სკოლაში წასვლის წინ მშობელი ხშირად ბავშვზე მეტადაც ღელავს. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა კლასში კარგი შთაბეჭდილება დატოვოს და კარგად ისწავლოს. ხშირად მშობელი საკუთარ შიშებს ბავშვს უზიარებს, რაც მას ზიანს აყენებს. არ უთხრათ ბავშვს, რომ შიშობთ, შეიძენს თუ არა ის მეგობრებს, ან მიიღებს თუ არა კარგ შეფასებას. ნუ დაზაფრავთ ბავშვს ნეგატიური მოლოდინებით.

4. კარგად გაარკვიეთ, რა უნდა შეიძინოთ სასკოლოდ ბავშვისთვის

ხშირად მშობლები თვლიან, რომ ზუსტად იციან, რა ნივთები სჭირდება ბავშვს სკოლისთვის, თუმცა აღმოჩნდება, რომ ბავშვი უამრავი საჭირო ნივთის გარეშე რჩება, როდესაც სკოლაში მიდის. კარგად გაარკვიეთ მასწავლებელთან, რა ნივთები უნდა შეიძინოთ.

5. ნუ დატვირთავთ ბავშვს ზედმეტი აქტივობებით

ზოგჯერ მშობლები ფიქრობენ, რომ რაც უფრო მეტი აქტივობით დაკავდება ბავშვი, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს მისთვის. ყოველდღიურად სხვადასხვა აქტივობით დაკავება ბავშვს ძალიან ღლის და გამოფიტავს. მართალია, ხელოვნების ან სპორტული აქტივობები ბავშვისთვის ძალიან სასარგებლოა, თუმცა მათ თქვენი შვილის თავისუფალი დრო მთლიანად არ უნდა დაეთმოს. ბავშვს ძალიან ბევრი ენერგია აქვს, მაგრამ მას ზოგჯერ საკუთარ ოთახში მშვიდად ყოფნა და თამაში სჭირდება. ჰკითხეთ თქვენს შვილს, რომელი აქტივობა მოსწონს ყველაზე მეტად და წრეები, რომელზეც ის უნდა ატაროთ, ბავშვთან ერთად შეარჩიეთ.

6. ნუ ისაუბრებთ მასწავლებელზე ცუდად ბავშვის თანდასწრებით

მშობლებს და მასწავლებლებს ხშირად ბევრ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. ყველაზე ცუდი, რაც მშობელმა შეიძლება გააკეთოს, ბავშვის თანდასწრებით მასწავლებელზე ცუდად საუბარია. მსგავსმა დამოკიდებულებამ, შესაძლოა, კლასში ვითარება გაამწვავოს და ბავშვის განათლებაზე ნეგატიურად იმოქმედოს. კვლევებით დგინდება, რომ მასწავლებლები, რომლებსაც ბავშვის მშობლებთან დადებითი დამოკიდებულება აქვთ, ბავშვთან მუშაობაში მეტ ძალისხმევას დებენ.

7. ნუ გააცდენინებთ ბავშვს სკოლის პირველ დღეებს

მართალია, სწავლის დაწყების შემდეგ პირველ დღეებში აკადემიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი არაფერი ხდება, თუმცა ბავშვები სკოლაში არიან. ამ დღეებში ბავშვები ერთმანეთთან ურთიერთობენ, მასწავლებლებს ეცნობიან, სკოლაში მოქცევის წესებს ითვისებენ. ბავშვები მეგობრებს სწრაფად იძენენ. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობების ჩამოყალიბების პირველ დღეებში ბავშვი სკოლაში იყოს და კლასელებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა მიეცეს.

წყარო: ​Brightside.me

წაიკითხეთ სრულად