Baby Bag

„იმ მასწავლებლებს, ვისაც აწი მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, სტატუსი იანვრისთვის ექნებათ მინიჭებული“ - მანანა რატიანი

„იმ მასწავლებლებს, ვისაც აწი მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, სტატუსი იანვრისთვის ექნებათ მინიჭებული“ - მანანა რატიანი

„ვინც უკვე გაიარა გარე დაკვირვება, მათ სტატუსი ჩვეულებრივ, სექტემბრისთვის შეეცვლებათ, ხოლო იმ მასწავლებლებს, ვისაც აწი მოუწევთ გარე დაკვირვების გავლა, (მთელი სემესტრის განმავლობაში შევძლებთ გარე დაკვირვების პროცესის დასრულებას) სტატუსი იანვრისთვის ექნებათ მინიჭებული - ახალ სემესტრს სტატუსით შეხვდებიან,“ - ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ მანანა რატიანმა ​ახალ განათლებასთან ინტერვიუში განაცხადა.  

მისივე თქმით, გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია თავიდან გამოცხადდება:

„რადგან მასწავლებლებს ეცვლებათ ცხრილები, იცვლება კლასიც, რომელშიც უნდოდათ დაკვირვება, შესაბამისად, რა თქმა უნდა, რეგისტრაცია ხელახლა უნდა გამოცხადდეს. უბრალოდ, ეს იქნება ძალიან მოკლევადიანი რეგისტრაცია, რომ პროცესი ისევ არ გაიწელოს და ერთ სემესტრში ყველას დაკვირვება მოვასწროთ. აქედან გამომდინარე, სექტემბერში, როცა უკვე ცხრილები იქნება შედგენილი/განაწილებული, გამოცხადდება სწრაფი რეგისტრაცია და მასწავლებლები სემესტრის ცხრილის მიხედვით განაწილდებიან. გარე დაკვირვების მომლოდინე მასწავლებელთა რიცხვი საკმაოდ დიდია - 2000-მდე მასწავლებლი, ხოლო 1400-მდე მასწავლებელი სასექტემბროდ უკვე სტატუსის შეცვლას ელოდება,“ - აღნიშნა მანანა რატიანმა. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, გარე დაკვირვების რუბრიკის განხორციელება როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ფორმატში იქნება შესაძლებელი:

„​გარე დაკვირვებას პრობლემა ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ შეუქმნა, რადგან არც ჩვენ და არც არავინ ამისთვის მზად არ იყო, არ გვქონდა ონლაინ გარე დაკვირვების შეფასების ინსტრუმენტი, შესაბამისად, ეს არც გარე დაკვირვების წესში იყო ასახული. სქემის მიხედვით, მასწავლებლები პირისპირ დაკვირვებას გადიოდნენ და გარე დაკვირვების წესშიც სწორედ ამ ფორმატის მიხედვით იყო ის კრიტერიუმები დადგენილი, რასაც მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ რუბრიკის მიხედვით. მაგრამ, მთავარი, რაც მოხდა, არის ის, რომ პენდემიის პერიოდში, ვიდრე სკოლები ონლაინ სწავლებაზე იყვნენ გადასულები, ჩვენ შევიმუშავეთ ონლაინ გარე დაკვირვების კრიტერიუმები. ამ პროცესში ჩართული იყო 12 სკოლა (შეირჩა რაიონის, მთის, მცირეკონტინგენტიანი, არაქართლენოვანი და ქალაქის სკოლები) და ამ სკოლების დირექტორებთან ერთად, დავიწყეთ საგაკვეთილო პროცესის კრიტერიუმების შემუშავება. შესაბამისად, ახლა, პირისპირ დაკვირვებასთან ერთად, უკვე ონლაინ საგაკვეთილო დაკვირვების რუბრიკაც გვექნება და შემდეგ სასწავლო წელს, უკვე სექტემბრიდან, რომელ ფორმატშიც განახლდება სწავლება, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით – პირისპირ თუ ონლაინ – იმ ფორმატში შევძლებთ გარე დაკვირვების რუბრიკის განხორციელებას. ასე რომ, რადგან ჩვენ უკვე ორივე ფორმატისთვის გვაქვს მექანიზმები, მასწავლებლებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან გარე დაკვირვებაზე, პრობლემა არ შეექმნებათ და მიუხედავად იმისა, სწავლება ონლაინ ფორმატში იქნება თუ პირისპირ, ჩვენ შევძლებთ დაკვირვებას. რეალურად, შეიქმნა ალტერნატივა და მას იმისდა მიხედვით გამოვიყენებთ, როგორც დაგვჭირდება, ამიტომ გადავადება აღარ დაგვჭირდება,“ - აღნიშნა მანანა რატიანმა.

გაეცნით ინტერვიუს სრულად ამ ბმულზე


შეიძლება დაინტერესდეთ

სოციო-ემოციური სწავლების სტრატეგიები

სოციო-ემოციური სწავლების სტრატეგიები

მოქალაქეობრივი განათლების ძირითად მიზანს დემოკრატიული საზოგადოების აქტიური წევრის ჩამოყალიბება წარმოადგენს, ხოლო მოქალაქეობრივ კომპეტენციად განსაზღვრულია მემკვიდრეობის დაფასება და მასზე ზრუნვა, ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის გააზრება და დაფასება, საკუთარი და განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან/ჯგუფებთან წარმატებული კომუნიკაცია, კონფლიქტების არაძალადობრივი მეთოდებით მართვა და სხვა.

ბოლო რამდენიმე ათწლეულია თანამედროვე სკოლის წინაშე მდგარ პრიორიტეტულ ამოცანებს შორის განსაკუთრებით მზარდი მნიშვნელობით გამოირჩევა მოსწავლის სოციალური და ემოციური განვითარება, როგორც საზოგადოების კეთილდღეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ჯანსაღი, სოციალურად ჰარმონიული და უსაფრთხო საზოგადოების ფორმირებაზე დაკვეთა მიმართულია სკოლისაკენ.

დღეს სოციო-ემოციური სწავლება მოსწავლეთა წარმატების ინდიკატორად მიიჩნევა.

სოციო-ემოციური სწავლება, როგორც კონცეპტუალური ჩარჩო წარმოდგენილია შემდეგი ხუთი კომპონენტის სახით:

თვითშემეცნება - მოიცავს საკუთარი ემოციების, პირადი მიზნების, ღირებულებების გაცნობიერებას, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების გააზრებას.

თვითმართვა - მოიცავს უნარებსა და დამოკიდებულებებს, რომლის დახმრებითაც შესაძლებელია ემოციების და ქცევების რეგულირება.

სოციალური ცნობიერება - მოიცავს განსხვავებული გამოცდილების კულტურის მქონე ადამიანების შეხედულებების მიღებას, ემპათიის და თანაგრძნობის განცდას. ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების შეცნობასა და მხარდაჭერას.

ურთიერთობის უნარები - მოიაზრებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობები.

პასუხისმგებლობაზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღება - გულისხმობს სხვადასხვა სიტუაციაში პირად ქცევასა და სოციალურ ინტერაქციასთან დაკავშირებული სოციო-ემოციური სწავლის შესაძლებლობის მიცემა.

წარმოგიდგენთ სოციო-ემოციური სწავლის წარმატებული პრაქტიკის მაგალითებს, რომლებიც სოციალური და ემოციური განვითარების გზით ეხმარება მოსწავლეს აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

„ბრაზის თერმომეტრი“

„ბრაზის თერმომეტრი“ სოციო-ემოციური სწავლის ხელშემწყობი სახალისო აქტივობაა.განსაკუთრებით სასარგებლოა მისი გამოყენება დაწყებით საფეხურზე.ვინაიდან სოციო-ემოციური სწავლის ერთ-ერთ მიზანს ემოციების ამოცნობის ,გააზრების და მართვის უნარის განვითარება წარმოადგენს.ამ აქტივობის შედეგად: მოსწავლეები სწავლობენ, რომ გაბრაზება ბუნებრივი მოვლენაა,რომ ყველა შეიძლება გაბრაზდეს სხვადასხვა მიზეზის გამო: სხვადასხვა სიტუაციაში ბრაზის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს ,როგორც წყლის ტემპერატურა იმატებს ნელ-ნელა ,სანამ ადუღდება.

პრაქტიკული რჩევები /ნაბიჯები „ბრაზის თერმომეტრის“ გამოყენებისათვის.

მოამზადეთ სამუშაო ფურცელი, რომელიც თამაშის ძირითად მასალას წარმოადგენს -სამუშაო ფურცლები შეგიძლიათ თითოეული ნიშნული სხვადასხვა ფერით მონიშნოთ ისე, რომ ფერის გრადაციამ ქვევიდან ზემოთ 1-დან 5-ის ჩათვლით.

ნუმერაციის მიხედვით დაიტანეთ მინიშნებები:

1. მშვიდი

2. გაღიზიანებული

3. ნაწყენი

4. გაბრაზებული

5. განრისხებული

სამუშაო ფურცლები შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი დისკუსიისას რაიმე თემაზე, ასევე კონკრეტული ტექსტის, ვიდეომასალის, მოვლენის, ამბის ანალიზისას: მოსწავლეები (ინდივიდუალურად ,წყვილებში ან ჯგუფებში) ავსებენ „ბრაზის თერმომეტრის „სამუშაო ფურცელს კონკრეტული ნიშნულის (შინაარსის, ემოციის) შესაბამისად, ასახელებენ მაგალითებს: ფურცლების შევსების შემდეგ მოსწავლეებს მიეცით მსჯელობის, დისკუსიის საშუალება - ისაუბრონ თავიანთ ნაშრომებზე, ახსნან რა შეესაბამება მათ მიერ დასახელებული მაგალითები თერმომეტრზე ემოციური „ტემპერატურის“ მატებას. მოსწავლეებმა ემოციების მართვის სტრატეგიებზეც ისაუბრონ, რა გამოსავლი შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ ემოციის მართვისას. დისკუსიის დროს მოსწავლეებმა შეძლონ ერთმანეთის მოსმენა და განსხვავებული მოსაზრებების მიღება.

სავარჯიშო 2

სავარჯიშოს მიზანია, ბავშვებმა განიხილონ ბრაზის წარმოშობის ზოგადი მიზეზები, რომლებიც შესაძლოა განსხვავებული იყოს ცალკეული ადამიანისთვის, დაფიქრდნენ, რა არის ხშირად მათთვის ბრაზის გამომწვევი მიზეზი და როგორ არის შესაძლებელი მისი კონტროლი. ასევე, დაფიქრდნენ ბრაზის გამოხატვის დადებით და უარყოფით შედეგებზე. 

საჭირო მასალა:

ფლიპჩარტის ქაღალდი;

ფერადი ფანქრები ან მარკერები.

ინსტრუქცია: 1. ჯგუფის წევრებს სთხოვეთ დასხდნენ წრეზე. სავარჯიშო დაიწყეთ ფრაზით: „მისტერ რობინსი ბრაზდება, როცა... (მაგ.) მას მიმართავენ ზედმეტსახელით“. სთხოვეთ წრეზე მჯდომ მომდევნო ბავშვს, გაიმეოროს იგივე ფრაზა და დაასახელოს სხვა მიზეზი, რის გამოც მისტერ რობინსი ბრაზდება, მაგ. „მისტერ რობინსი ბრაზობს, როცა მიმართავენ ზედმეტსახელით“.

მომდევნო ბავშვი იმეორებს ფრაზას, მანამდე დასახელებულ მიზეზებს და ამატებს ახალს. სავარჯიშო დასრულდება მაშინ, როცა წრეში მყოფი ყველა ბავშვი დაასახელებს მიზეზს. სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს: • როცა ვინმე უყვირის; • როცა ბევრი სამუშაო აქვს; • როცა მშიერია და არა აქვს ფული;

შემდეგ თვითონ გაიხსენონ ბოლოს როდის და რაზე გაბრაზდნენ.სთხოვეთ დაფიქრდნენ ორ მიზეზზე, რის გამოც უკიდურესად ბრაზდებიან ხოლმე. თითოეული ბავშვი აკეთებს ჩამონათვალს და (საჭიროების შემთხვევაში მასწავლებლის დახმარებით), მონიშნავს ბრაზის გამომწვევ ორ ყველაზე უფრო ძლიერ მიზეზს.საბოლოოდ დასვით შეკითხვები დისკუსიისთვის: - არსებობს ადამიანი, რომელიც არასოდეს ბრაზდება? - შეგიძლია პრობლემები გადაჭრა მაშინ, როცა გაბრაზებული ხარ? - რა დადებითი შედეგი მოაქვს ბრაზს? - რა უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ბრაზის გამოხატვას? პასუხები ჩამოწერეთ (ან სიმბოლურად გამოხატეთ) ფლიპჩარტზე და შეჯამებისას ხაზი გაუსვით ბრაზის აგრესიული ფორმით გამოხატვის უარყოფით შედეგებს და საფრთხეებს.

სავარჯიშო 3.

„რა გვემართება, როცა ვბრაზდებით?“

სავარჯიშოს მიზანია მოზარდების ინფორმირება ბრაზის თანმხლები ფიზიკური რეაქციების შესახებ.

საჭირო მასალა:

ფლიპჩარტი;

ფერადი მარკერები.

ინსტრუქცია: „დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა მოსდის ჩვენ სხეულს, როცა ვბრაზდებით. დაფიქრდით და მითხარით, რა ემართება თქვენს სხეულს მაშინ, როცა ძლიერი ბრაზი გიპყრობთ? მონაწილეთა პასუხები ფლიპჩარტზე დაწერეთ, შემდეგ კი აუხსენით ქვემოთ მოცემული ინფორმაცია:

„გულისცემა გვემატება“;

„სწრაფად ვსუნთქავთ“;

„გულმკერდი გვტკივა“;

„სუნთქვა არ გვყოფნის“;

„ვკანკალებთ“;

„ვოფლიანდებით“.

ინფორმაცია ბრაზის შესახებ რაც უფრო ძლიერად ვბრაზდებით, მით ძლიერი რეაქცია აქვს ჩვენს სხეულს და მეტიც, - რაც უფრო ძლიერია ჩვენი სხეულის რეაქცია, მით უფრო მეტად ვბრაზდებით. იმისთვის, რომ ვისწავლოთ, თუ როგორ გავბრაზდეთ ნაკლებად, ჩვენს სხეულს უნდა ვასწავლოთ მოდუნება. რაც უფრო მეტად დუნდება ჩვენი სხეული, მით მეტად მოდის ჩვენთან კარგი ფიქრები და შეგრძნებები. ასე რომ, ჩვენ ვისწავლით, როგორ შეიძლება მოდუნება..

სავარჯიშო 4. მოთხრობა: „ბრაზის დაჭედება“.

სავარჯიშოს მიზნები:

ბრაზის მართვა;

პრობლემის გადაჭრის ძიება;

ენერგიის კრეატიულად გამოყენება;

ქცევის შედეგების გაცნობიერება;

პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივება;

ახალი შესაძლებლობების ძიება;

პოზიტიური ალტერნატივების შექმნა.

ინსტრუქცია: მოუყევით მოზარდებს მათეს ამბავი და ქვემოთ მოცემული შეკითხვების დახმარებით წარმართეთ დისკუსია.

მათეს ამბავი

მათე კარგი ბიჭი იყო. მას სიამოვნებდა მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ყოფნა და მათაც სიამოვნებდათ მათესთან ურთიერთობა. მაგრამ მათეს ერთი პრობლემა ჰქონდა: როცა რამე არ მოსწონდა, ძალიან ბრაზდებოდა, ხმამაღლა ყვიროდა, კარს აჯახუნებდა, მხარს გაჰკრავდა ხოლმე ირგვლივ მყოფ ბავშვებს ან ნივთებს ისროდა. დედა და მამა ეუბნებოდნენ: „მათე, სჯობს ისწავლო შენიხასიათის კონტროლი, თორემ ერთდღესაც პრობლემები შეგექმნება“. მართლაც, მათემ ნელ-ნელა შენიშნა, რომ სკოლის მეგობრები თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობას. რაც უფრო მეტად ბრაზდებოდა, მით უფრო ნაკლებად ატარებდნენ მეგობრები დროს მასთან ერთად. ეს მათეს ძალიან აწუხებდა. მას მოსწონდა თავისი მეგობრები და არ უნდოდა მათი დაკარგვა, მაგრამ, ამავე დროს, არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ის ცდილობდა თავი ეკონტროლებინა, მაგრამ მისი ბრაზი ვულკანივით გროვდებოდა და მერე ფეთქდებოდა. რა უნდა ექნა მათეს?! ერთ მშვენიერ დღეს, შაბათს, დილით, მამამ საჩუქარი მოუტანა. თქვენი აზრით, რას მოუტანდა მამა მათეს? - მან ახალი ჩაქუჩი და ლურსმნებით სავსე ჩანთა აჩუქა. შემდეგ ლურსმნები ძველი კონსერვის ქილაში ჩაყარა და მათეს მიმართა: „ყოველ ჯერზე, როცა გაბრაზდები, გადი გარეთ და ჩაარჭვე ეს ლურსმანი ხის ღობეზე“. თავიდან მათემ იფიქრა: „ალბათ მამა ბევრს მუშაობს და გადაიღალაო“. ბოლოს მან მხრები აიჩეჩა და იფიქრა: „რა აღარ ვცადე, რომ ჩემი თავი გამეკონტროლებინა და რატომაც არ უნდა ვცადო ის, რაც მამამ მირჩია?“ მართლაც, ყოველთვის, როცა მათე სახლში ყოფნის დროს გაბრაზდებოდა, მივიდოდა ხის ღობესთან და ლურსმანს აჭედებდა. თუ მათე სკოლაში ყოფნისას ბრაზდებოდა, ის იმახსოვრებდა და რამდენჯერაც გაბრაზდებოდა, იმდენ ლურსმანს აჭედებდა სახლში მისვლისას. მალე მათეს მობეზრდა ლურსმნების ჩაჭედება. მას აღარ მოსწონდა იმის დამახსოვრება, თუ რამდენჯერ ბრაზდებოდა, მერე ფარდულში გასვლა, ლურსმნების და ჩაქუჩის წამოღება და ბოლოს, ღობეზე ჩაჭედება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით მაშინ უძნელდებოდა, როცა გარეთ წვიმდა ან ციოდა.მათემ აღმოაჩინა, რომ ბოლო დროს უფრო და უფრო იშვიათად ბრაზდებოდა. მისთვის უფრო ადვილი გახდა ხასიათის კონტროლი, ვიდრე გაბრაზების რაოდენობის დამახსოვრება და ლურსმნების ჩაჭედება. ერთხელაც, როცა ერთი კვირა ისე გავიდა, რომ მათეს არ მოუწია არც ერთი ლურსმნის ჩაჭედება, ის ამაყად მივიდა მამასთან და მოუყვა თავისი ამბავი. „კარგია“, - თქვა მამამ, - სასიამოვნოა ამის მოსმენა. მოდი, ახლა იცი რა გააკეთო? ყოველდღე, როცა კი არ გექნება ბრაზის შემოტევა, თითო ლურსმანი გამოაძვრე ღობიდან“. მათემ დაუჯერა მამას. დღეები გადიოდა და სულ ცოტა ლურსმანი იყო დარჩენილი ღობეზე. მაგრამ მათემ შენიშნა, რომ ხვრელებირჩებოდა მათ ადგილზე და ლურსმნების ამოძრობის დროს ღობეც იბრიცებოდა. მათე შეწუხდა ამ ღრეჩოების გამო. როცა ეს მამას უთხრა, მან უპასუხა: „ზუსტად ასე ხდება გაბრაზების დროსაც - ბრაზს შეუძლია ტკივილი მიაყენოს ადამიანს და ხანდახან ჭრილობაც კი დაუტოვოს მას. ბრაზი გაივლის, მაგრამ მის მიერ მიყენებული ტკივილი ადამიანებს დიდხანს არ ავიწყდებათ“. მათე რამდენიმე დღის განმავლობაში ფიქრობდა მამის ნათქვამზე. მას არ მოსწონდა ის, რომ ხვრელირჩებოდა ღობეზე. ყოველთვის, როცა ჩაივლიდა, ხედავდა თავისი ნამოქმედარის შედეგს. ერთ შაბათ დღეს მან მამას წებო სთხოვა და ხვრელების ამოვსება დაიწყო, მაგრამ ისინი მაინც შესამჩნევი იყო. მათეს უნდოდა შეეკეთებინა თავისი ნამოქმედარი, ამიტომ ღობის შეღებვა გადაწყვიტა. მას რამდენიმე იდეა ჰქონდა ღობის ფერთან დაკავშირებით. მათეს შეეძლო ერთი ფერით შეეღება მთელი ღობე ან თითოეული ფიცარი სხვადასხვა ფერის ყოფილიყო. ის ასევე ფიქრობდა მეგობრების მოწვევას და მათთან ერთად ღობეზე სხვადასხვა ნახატის შექმნას. მან ამ ყველაფერზე ფიქრის დროს აღმოაჩინა, რომ უამრავი რამით შეეძლო გამოესწორებინა თავისი ნამოქმედარი. მათე მიხვდა, რომ ეს ყველაფერი გაცილებით სახალისო იყო, ვიდრე ძლიერ გაბრაზება და შემდეგ ლურსმნების დაჭედება.

შეკითხვები დისკუსიისთვის:

რა იწვევდა მათეს ძლიერ გაბრაზებას?

რას გრძნობდნენ მათეს მეგობრები, როცა მათე მათ ასე ექცეოდა?

რას გრძნობდა მათე მაშინ, როცა აღმოაჩინა, რომ მეგობრებს კარგავდა?

კიდევ რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მათეს რომ გაეგრძელებინა ასე გაბრაზება?

თქვენ როგორ გამოხატავთ ხოლმე ბრაზს?

თქვენ რას გააკეთებთ იმისთვის, რომ დაძლიოთ თქვენი ბრაზი?

ავტორი: ზესტაფონის მუნიპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის ისტორიის მასავლებელი თეა კელენჯერიძე

წაიკითხეთ სრულად