Baby Bag

,,სასიამოვნო სიახლეა, რომ 2020 წელს მასწავლებლობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა...ასევე მნიშვნელოვანია, დაფასებული იყოს პედაგოგის პროფესია''

,,სასიამოვნო სიახლეა, რომ 2020 წელს მასწავლებლობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა...ასევე მნიშვნელოვანია, დაფასებული იყოს პედაგოგის პროფესია''

მასწავლებლობის მსურველებისთვის საგამოცდო პროცესი დღეიდან დაიწყო. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში გახსნილ ცენტრს ეწვია და საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მასწავლებლობის მსურველებს წარმატება უსურვა.

„დღეს დაიწყო მასწავლებელთა გამოცდა და მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს. სასიამოვნო სიახლეა, რომ 2020 წელს მასწავლებლობის მსურველთა უპრეცედენტო რაოდენობა დარეგისტრირდა. ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ ბევრ ადამიანს აქვს სისტემაში შემოსვლის სურვილი. განათლების სამინისტრო ხელს უწყობს ამ ადამიანების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას. ასევე მნიშვნელოვანია დაფასებული იყოს პედაგოგის პროფესია,“ - აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ. 

მასწავლებლობის მსურველები პირველ გამოცდას ქართულ ენაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში აბარებენ.

მათთვის საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია გახსნილი. ტესტირება ერთ სესიად დღის პირველ ნახევარში ტარდება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალმა სამინისტროებმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა დაცვითაც მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელთა და მეთვალყურეთა დაშვება ხდება მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილია გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით; მაგიდებს შორის სიგანეში დაშორება მინიმუმ 2 მეტრია, ერთმანეთის მიმდევრობით განლაგებულ მაგიდებს შორის მანძილი კი - 1 მეტრი.

მაგიდებზე არსებული დამცავი ფარების, თერმოსკრინინგის, შესაბამისი დისტანციის დაცვისა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება იძლევა საშუალებას, გამოსაცდელებს საგამოცდო მაგიდასთან ადგილის დაკავების შემდეგ, პირბადის გარეშე მიეცეთ გამოცდის დაწერის შესაძლებლობა.

ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის (ECDC) რეკომენდაციებით დაზუსტდა, რომ ბუნებრივი განიავების (ღია ფანჯარა) დროს ნებადართულია კონდიციონერების ჩართვა. ჩართული კონდიციონერის პირობებში სავალდებულოა პირბადის გაკეთება.

▶ კონდიციონერების ჩართვა ნებადართულია ქვემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

▶ კონდიციონერის მოხმარებისას აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს:

  • ფიზიკური დისტანცია;
  • დაცული უნდა იყოს ხელების ჰიგიენა;
  • რესპირატორული ეტიკეტი;
  • ნიღბების სავალდებულო ტარების წესი;
  • კონდიციონერიდან ჰაერის ნაკადი არ უნდა იყოს პირდაპირ მიმართული ადამიანებზე;
  • აუცილებელია მუდმივად ღია ფანჯარა, რაც კონდიციონერის გარეშეც სავალდებულოა, რადგან ჩაკეტილ სივრცეში ინფექციის გადაცემის რისკი მაღალია;
  • დაუშვებელია ერთი და იგივე ჰაერის რეცირკულაცია;

აღსანიშნავია, რომ ძალაში რჩება ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველა ის წესი, რომელიც აპლიკანტებმა უნდა დაიცვან საგამოცდო სივრცეებში.

მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებული მაძიებელი მასწავლებლები და სისტემაში შემოსვლის მსურველები გამოცდას 2020 წლის ზაფხულში აბარებენ, რომელიც 22 ივლისიდან - 30 ივლისის ჩათვლით ტარდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე მასწავლებელი ჩააბარებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა პროფესიულ უნარებში
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წელს პირველად ატარებს გამოცდას პროფესიულ უნარებში წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის. წინასწარ შემუშავდა საგამოცდო პროგრამა. იგი ეყრდნობა მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, რომელშიც წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისათვის განსაზღვრულია დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №67/ნ 2020 წლის 30 ივნისი ქ. თბილისი, თავი IV).

ტესტის მოკლე აღწერა

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტისათვის განსაზღვრული იქნება მინიმალური კომპეტენციის ორი ზღვარი - წამყვანი და მენტორი მასწავლებლების სტატუსების შესაბამისად. მინიმალური კომპეტენციის ზღვრები განისაზღვრება საგანგებოდ შექმნილი კომისიის მიერ შეფასების სტანდარტის დადგენის პროცედურის საშუალებით. საგამოცდო ტესტში გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის დავალება:

  • არჩევითპასუხებიანი;
  • შესაბამისობის;
  • ღია (პროექტის, კვლევის დაგეგმვა, მონაცემთა ანალიზი, რეკომენდაციების შემუშავება და სხვ.);
  • კონკრეტული შემთხვევის/პრობლემური სიტუაციის ანალიზი;
  • ფუნქციური/ანალიტიკური წერა.

მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით კვალიფიკაციის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საგანმანათლებლო რესურსი, რაც მათ გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარება. დამხმარე ლიტერატურის ჩამონათვალი იხილეთ ბმ​ულზე.

საგამოცდო ტესტთან და პროცედურებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ვებგვერდზე. 
წაიკითხეთ სრულად