Baby Bag

,,გავშიფროთ, რას თხოვენ მასწავლებლებს...''

,,გავშიფროთ, რას თხოვენ მასწავლებლებს...''

ავტორი: თბილისის 136-ე სკოლის დირექტორი ელზა ბადაშვილი

მოიწონეთ გვერდი „მას​წავლებლების სანდო წყარო“


/ეს მხოლოდ ის ჩამონათვალია, რაც მასწავლებელმა სასწავლო წლის მანძილზე უნდა შეასრულოს. აქ წინსვლისთვის ჩასატარებელი აქტივობები არ წერია, თავად დაამატეთ./ 


ბოლო ცვლილება რომელმაც მთლიანად შეცვალა სქემა, 2020 წლის 26 ივნისის ​მთავრობის დადგენილება N390 „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ მუხლი 4.1.

გავშიფროთ, რას თხოვენ მასწავლებლებს - მათემატიკის მასწავლებელს რომ ჰქონდეს სრული დატვირთვა 18-20 საათი უნდა შევიდეს 4 კლასში, (კვირაში 2 საათიანი საგნის დატვირთვის მასწავლებელი უნდა შევიდეს 9 კლასში)


1.სასწავლო წლის დასაწყისში უნდა გააკეთოს თვითშეფასება;

2.უნდა შეადგინოს 4 კლასისთვის კურიკულუმი საგნობრივი სასწავლო გეგმა;

3. საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის (მაგ. მე-7 კლასის მათემატიკა შედგება 74 თემისაგან), ფარგლებში ჩაატაროს განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);

4.თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში(74 თემატური ერთეული) განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე გამოკვეთოს პროფესიული საჭიროებები და უზრუნველყოს გეგმის განვითარების დინამიკა; ყოველ დღე 4 გაკვეთილს რეფლექსიას რამდენი დრო დაჭირდება? ( არ განიხილება მომავალი დღის გაკვეთილის დაგეგმვა, სასწავლო რესურსის შექმნა/მოძიება და ა.შ.)


5.წლის მანძილზე მასწავლებელს ჩასატარებელი აქვს 9 შემაჯამებელი დავალება ანუ სულ 4 კლასში 36 კომპლექსური შემაჯამებელი დავალება. ამას უნდა წინასწარ მომზადება, შეფასების რუბრიკების გაკეთება,მერე შემოწმება,(საშუალოდ კლასში 29-30 მოსწავლეს თუ ავიღებთ 120 მოსწავლე) 120 მოსწავლის 36 შემაჯამებელი გამოდის და 1080 ნაშრომია გასასწორებელი, შემდეგ ანალიზი გასაკეთებელი (ამას ცალკე მოითხოვს ესგ). აქ უნდა აღინიშნოს კვირაში 2 საათიანი საგნები, ეს პედაგოგები მუშაობენ 9 კლასთან ანუ 270 მოსწავლესთან,მათ საგნებში არის 5 შემაჯამებელი დავალება 1350 შემაჯამებელი დავალება აქვთ გასასწორებელი.


6. უფროსი მასწავლებლის ვალდებულებაა ს/წლის მანძილზე ჩაატაროს 3 გაკვეთილი,წამყვანმა -2 და მენტორმა 1, რომელსაც უნდა დააკვირდეს დირექტორი ან ხარისხის განვითარების და მხარდაჭერის ჯგუფი.


7. სასწავლო წლის განმავლობაში, უნდა გაიარონ ტრენინგები:

ა) უფროსი მასწავლებელი -20 საკონტაქტო საათი;
ბ) წამყვანი მასწავლებელი - 12 საკონტაქტო საათი;
გ) მენტორი მასწავლებელი - 6 საკონტაქტო საათი;


8. სემესტრის და ს/წლის ბოლოს პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების შედეგების განხილვა უნდა მოხდეს დირექტორთან ,რომელიც აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს.

9. ამას კიდევ დამატებული "მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით" გათვალისწინებული მოთხოვნები (სგმკს მინისტრის 2020 წლის 30 ვნისის #67/ნ ბრძანება).

ახლა დავითვალოთ სკოლის დირექტორის (რომელიც არ არის აუცილებელი რომ იყოს პედაგოგი) ვალდებულებები,
- ქალაქის საშუალოდ 1000 ბავშვიან სკოლაში მუშაობს დაახლოებით 80 მასწავლებელი, აქედან უმრავლესობა უფროსი მასწავლებელია ვთქვათ 70, მათ უნდა ჩაატარონ 70*3= 210 გაკვეთილი დავუმატოთ წამყვანი/მენტორის 20/10, დირექტორი დაახლოებით 240 გაკვეთილს უნდა დაესწროს , ს/წელში არის 170 სასწავლო დღე. სემესტრის დასაწყისს და ბოლოს თუ გამოვრიცხავთ 140 დღე, დაახლოებით ყოველ დღე უნდა დაესწროს 2 გაკვეთილს, თუ ხარისხის ჯგუფი ყავს ან თავადაც აქვს საათები, თავიანთი გაკვეთილები უნდა გააცდინონ.


სემესტრის და წლის ბოლოს უნდა მოისმინის 80 მასწავლებლის ანგარიში და მისცეს უკუკავშირი, სულ უნდა 160 ცალი უკუკავშირი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება დასაოქმებელი.


არ არის გაწერილი ინსტრუმენტები თუ მასწავებლებმა ეს ვალდებულებები არ შეასრულეს - რა ხდება?


თუ შევაჯამებთ სქემას არსად არაა ნახსენები მოსწავლის შედეგი. მასწავლებელი მუშაობს საკუთარ განვითარებაზე, თვითშეფასებაზე, რეფლექსიაზე, დადის ტრენინგებზე და იმისთვის, რომ მოემატოს ხელფასი. სხვა სარგებელი მას არა აქვს.


ვფიქრობ, რომ მასწავლებლის კარიერული ზრდა პირდაპირპროპორციულად უნდა იყოს მიბმული მოსწავლის შედეგზე, უნდა ჩამოყალიბდეს ,,ეროვნული შეფასების სისტემა”, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო ამოწმებს, რამდენად შეესაბამება მოსწავლეთა მიღწევები ესგ-ით დადგენილ მოთხოვნებს.


უნდა აღინიშნოს, რომ სქემაში ჩართვა ყოველთვის ნებაყოფლობითი იყო კერძო სკოლებისთვის, ამ ახალი დადგენილებით კი მათთვისაც სავალდებულო გახადეს, ამ დროს სტატუსის დანამატებს კერძო სკოლის მასწავლებლებს არ აძლევენ. ვფიქრობ, რომ კერძო სკოლის მასწავლებლებისთვის და არა სკოლებისთვის, სქემაში ჩართვა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ხოლო ვინც ჩაერთვება აუცილებლად უნდა მიეცეს დანამატი.

„ახალი სქემა ორიენტირებულია მასწავლებლის დასჯის და სამსახურიდან დათხოვნის პირობების განმარ...
​საქართველოს სკოლის ლიდერთა ასოციაცია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს. წერილში ასოციაცია მთავრობის მეთაურს ახალი სქემის გაუქმებას სთხოვს. ​MomsEdu.ge გთავაზობთ&nbs...

შეიძლება დაინტერესდეთ

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

როცა ერთდროულად დედა, დიასახლისი, მასწავლებელი და დირექტორი ხარ

დედებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად უწევთ ერთდროულად სხვადასხვა საქმიანობის შესრულება, კარანტინი ახალ გამოწვევად იქცა. ერთ-ერთი მათგანია გვანცა ხადილაშვილი. მას სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, ამავდროულად სოფელ ხევის საჯარო სკოლის დირექტორი და ინგლისურის მასწავლებელია. მისი საქმიანობა ყოველდღიურად დიდ ენთუზიაზმსა და ენერგიას მოითხოვს. გვანცა აღნიშნავს, რომ თვითიზოლაციის პერიოდმა მისი საქმიანობა კიდევ უფრო გაართულა: ,,ონლაინ რეჟიმში, ბავშვებთან ერთად მუშაობა გარკვეულ სირთულებთანაა დაკავშირებული,“ - აღნიშნავს გვანცა. 

კითხვაზე თუ როგორ ასწრებს სამ შვილთან ერთად ონლაინ გაკვეთილების ჩატარებას გვპასუხობს: „დილით ბავშვები შედარებით გვიან იღვიძებენ, ამიტომ მაქვს შესაძლებლობა, რომ მათ საუზმე მშვიდად მოვუმზადო, შემდეგ მეწყება ონლაინ გაკვეთილები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, როდესაც დედები დროის ნახევარს კომპიუტერთან ატარებენ, ეს ბავშვებს თრგუნავთ. ისინი ყურადღების მიღმა არ უნდა დავტოვოთ, ამიტომ ხანდახან შვილებთან ერთად ვატარებ ონლაინ გაკვეთილებს. ისინი ასისტენტის როლს ასრულებენ. პატარებს ყოველთვის უხარიათ, როდესაც დიდების მსგავსად მუშაობენ“.

გვანცა აღნიშნავს, რომ ონლაინ გაკვეთილები გამოწვევაა, არა მარტო მისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც: „ბავშვები ძალიან იღლებიან ონლაინ კომუნიკაციისას. რთულია საგაკვეთილო პროცესის წარმართვა კომპიუტერისა და ტელეფონის საშუალებით. ისინი მონატრებული არიან მასწავლებელთან და მეგობრებთან ურთიერთობას. აუცილებელია ვეცადოთ, რომ ბავშვები ზედმეტი დავალებებით არ გადავტვირთოთ. რადგან სახლში არიან და მეტი დრო აქვთ, ეს არასწორი იქნება და მათ სტრესულ გარემოს შეუქმნის.''

კარანტინის პერიოდში ბავშვები საბავშვო ბაღში არ დადიან, ვერ ნახულობენ თანატოლებს, ამიტომ გვანცას აზრით: „მნიშვნელოვანია უფრო ხშირად ვითამაშოთ მათთან ერთად, ხშირად წავუკითხოთ ლექსები და მოთხრობები, ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როდესაც ჩვენთან ერთად ამზადებენ საჭმელს და ერთად ვშლით სუფრას. თუ საჭიროა, უნდა გადავდოთ სახლის საქმეც და მეტი დრო დავუთმოთ შვილებს. მათთვის თვითიზოლაციის პერიოდი ისედაც რთულია და ვეცადოთ, რომ ყოველდღიურობა გავუფერადოთ. მათი ღიმილი და სიხარული მეხმარება უფრო მეტი ენთუზიაზმით შევასრულო ჩემი მოვალეობები“.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებდა კარანტინის პერიოდამდე მისი პროფესიული საქმიანობისა და დედის მოვალეობების ერთმანეთისთვის შეთავსებას გვპასუხობს: ,,მიფიქრია ამ თემაზე, თუმცა ფიქრის ნაცვლად, სჯობს იმოქმედო. ამ ყველაფრის გამკლავებაში მეხმარება ჩემი პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარული და მონდომება. მიუხედავად იმისა რომ სამი შვილი გავაჩინე, არც ერთხელ არ ვყოფილვარ დეკრეტულ შვებულებაში, არ გამიცდენია საგაკვეთილო პროცესი და ტრენინგები. უნდა გახსოვდეს შენს საქმეს სხვა არავინ გააკეთებს. ჩემი შვილები ყოველდღიურად მაძლევენ სტიმულს, რომ ამდენ საქმეს გავუმკლავდე. ასევე, რომ არა ჩემი ოჯახის წევრების გვერდში დგომა, ალბათ, ვერც შევძლებდი ამ ყველაფერს.“

კარანტინთან ეფექტურად გამკლავებისთვის გვანცა გვეუბნება, რომ: „მნიშვნელოვანია, დრო სწორად, პრიორიტეტების მიხედვით გადავანაწილოთ. მოვალეობებს კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ, თუ ოჯახის წევრები გადაინაწილებენ ფუნქციებს. მთავარია, მოვინდომოთ და თვითიზოლაციას აუცილებლად გადავაქცევთ მხიარულ და ნაყოფიერ პერიოდად“.


ავტორი: სოფიკო ტაბატაძე

წაიკითხეთ სრულად