Baby Bag

„გთხოვთ, საშუალება მოგვცეთ, ჩვენც გავიდეთ მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე“ - მასწავლებლობის მსურველთა პეტიცია

„გთხოვთ, საშუალება მოგვცეთ, ჩვენც გავიდეთ მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე“ - მასწავლებლობის მსურველთა პეტიცია

2020 წლის შემოდგომის გამოცდაზე გასვლის უფლებას მასწავლებლობის მსურველები ითხოვენ. მათ პეტიციაც შექმნეს ​„შემოდგომის გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველთა დაშვება“, რომელსაც 5 313 ხელმომწერილი ჰყავს.

„როგორც მოგეხსენებათ, მასწავლებლობის მსურველები ვაბარებდით 2020 წლის სასერტიფიკაციო გამოცდებს. ვფიქრობთ, რომ არათანაბარ პირობებში ვართ პრაქტიკოს მასწავლებლებთან შედარებით. თუ მათ გადაუვადეს გამოცდა, ჩვენთვისაც შეიძლებოდა შეღავათის გაწევა. გთხოვთ, საშუალება მოგვცეთ, რომ ჩვენც გავიდეთ მიმდინარე წლის მასწავლებელთა შემოდგომის გამოცდაზე,“ - წერია პეტიციაში.

შეგახსენებთ, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლების ტესტირება გადავადდა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შემოდგომაზე ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველთა გამოცდა კი ივლისში გაიმართა და მათ შემოდგომის გამოცდაზე გასვლის უფლება არ აქვთ.

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვიდი წლის რომ შემიყვანეს სკოლაში, მას მერე აქ ვარ, ამ სკოლაში... 3 თაობის მასწავლებელი ვარ,“ - გაიცანით 80 წლის მერი გულუა, რომელიც 60 წელია პედაგოგია

მერი გულუა 60 წელია პედაგოგია. თავის პროფესიაზე შეყვარებული მასწავლებელი მოსწავლეებთან დღემდე ენერგიულად მუშაობს:

„არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაიმე გზით რომ მიუდგებით გულში რამე დადებითი არ ჰქონდეს. ძალიან რთული და საყვარელი პროფესიაა. მასწავლებელი რომ იყო, უნდა გიყვარდეს ბავშვები, შენი საგანი და უნდა გქონდეს დიდი მოთმინებაც. შვიდი წლის რომ შემიყვანეს სკოლაში, მის მერე აქ ვარ, ამ სკოლაში. 60 წელი მთავრდება, 3 თაობის მასწავლებელი ვარ. არიან ისეთები, რომლის ბაბუასაც ვასწავლიდი, მამასაც და შვილიშვილსაც.

ჩემი მშობლებიც პედაგოგები იყვნენ. ჩემი ძმა, სერგო გულუა, ძალიან ნიჭიერი მათემატიკოსი იყო. ჩემი და მუშაობს ინგირის პირველ საჯარო სკოლაში, ისიც მათემატიკის მასწავლებელია. სამივემ მასწავლებლობა დავიწყეთ. მე ვასწავლი ქართულს, მათემატიკას და ბუნებას. ჩვენი სოფლის სკოლა არის პირველი სკოლა ზემო სამეგრელოში. სხვაგან არსად არ იყო მაშინ სკოლა. ეზოში რომ შემოვალ დილით, არაფერი პრობლემა არ მახსოვს. ჩემი პრობლემები, რაც უნდა მქონდეს, ყველაფერი მავიწყდება, სულ ბავშვებზე ვარ გადართული.

შვილიშვილებიც აქ არიან, სკოლაში. ერთი მეცხრე კლასშია, მეორე - მესამე კლასში, პატარა ბაღში დადის ჯერ. ბავშვების გულში რომ ჩაიხედო, ძალიან რთულია. წაჯიკავებას და დაცემას ბევრი არაფერი არ უნდა, ჭაობში ჩაძირვას არ უნდა ბევრი არაფერი. ჭაობიდან ამოყვანაა საქმე. ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო არის ჩემი ყოფილი მოსწავლეები რომ შემხვდებიან და სიყვარულით მომიკითხავენ. ამაზე უფრო დიდი ბედნიერება არაფერი არ არის ჩემთვის.

ზოგიერთი მასწავლებელი რომ გაუშვეს ჯილდოთი და წავიდნენ, ვისაც სურვილი ჰქონდა, წავიდა. მე ჩავაბარე, სტატუსი მივიღე და რატომ წავიდოდი? გავაგრძელე მუშაობა. მიყვარს მე ეს პროფესია და თავიდან რომ ვიწყებდე მუშაობას, ისევ ამ პროფესიას გავაგრძელებდი. დროა დავისვენო, ხომ? მაინც რაღაც მეზიდება აქით. თუ რამე კანონი გამოვიდა, კი ბატონო...“ - აღნიშნა მერი გულუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო.“

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“ 

წაიკითხეთ სრულად