Baby Bag

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

მიხეილ ბატიაშვილი - პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს

პედაგოგების გადამზადების მიმართულებით განათლების სამინისტრო სიახლეებს გეგმავს, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება მასწავლებლების გადამზადების ახალი მოდელი, რომელიც დაფუძნებული იქნება თბილისის 150-ე საჯარო სკოლაში საპილოტე რეჟიმში განხორციელებული სწავლების ახალი მეთოდის შედეგების გათვალისწინებით.

„ეს საპილოტე პროექტი, რომელიც თითქმის დასრულებულია, გაზაფხულიდან კიდევ 50 სკოლაში შევა და ეტაპობრივად უკვე ყველა სკოლაში გავრცელება. პედაგოგების გადამზადება სწორედ ახალ მეთოდზე იქნება მორგებული. შესაბამისად ამას სჭირდება გარკვეული განახლებები. ეს უნდა იყოს ორი მიდგომით, ერთი, პროგრამების განახლებით ცვლილებები იმ კუთხით, რომელიც უნდა იყოს აზროვნებითი უნარების განვითარებაზე მიმართული და ამის პარალელურად, იქნება პედაგოგების ახალი კადრების, ახალგაზრდების ამ სისტემაში შემოყვანა, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი.

განათლების მინისტრის თქმით, ამავე მიმართულებით სამინისტრო მუშაობს მეტი ფინანსების მოძიებაზე, იმისათვის, რომ ახალი პროგრამით დააინტერესონ ახალგაზრდა პედაგოგები და პარალელურად ხელი შეუწყონ ახალ მოდელზე გადასვლის პროცესში ამ დროისთვის სკოლებში მყოფ პედაგოგებს.

„პედაგოგების კუთხით თუ იგივე მიდგომები არ შევცვალეთ, ძალიან რთულია სისტემის ცვლილებაზე საუბარი. ამიტომ. ეს უნდა მოხდეს პარალელურად, უნდა შეიცვალოს მიდგომები, უნდა მოხდეს თანამედროვე მოთხოვნების შემოტანა ამ სისტემაში. ჩვენი მთავარი საზრუნავი ეს არის ბავშვი, ეს არის მაღალი ხარისხის განათლება, რომელსაც ალტერნატივა არა აქვს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

წყარო: 1tv.ge

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლის რეკომენდაციები გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით

მასწავლებლის სახლის რეკომენდაციები გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით
1 ოქტომბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით, eschool-ის ელექტრონულ სისტემაში ჩაირთვება გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია. რეგისტრაცია უნდა გაიაროს ყველამ, ვინც აკმაყოფილებს გარე დაკვირვებაზე რეგისტრაციის მოთხოვნებს, მიუხედავად იმისა, წინა სემესტრში იყო თუ არა დარეგისტრირებული.
წარმოგიდგენთ მასწავლებლის სახლის რეკომენდაციებს გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით:
  • მასწავლებელი რეგისტრაციას გადის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სავალდებულო საგანი/საგნობრივი ჯგუფში, რომელსაც ასწავლის. რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნოთ კლასი, რომელშიც სურთ გარე დაკვირვების გავლა და საგნის შესაბამისი საათობრივი დატვირთვა კვირის განმავლობაში; იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიერ შერჩეულ კლასში მიმდინარეობს დისტანციური სწავლება. რეგისტრაციის დროს, შენიშვნის ველში ჩაწერეთ ონლაინ გაკვეთილების განრიგი, ასევე მიუთითეთ ის ელექტრონული პლათფორმა, რომელზეც ატარებთ გაკვეთილს.
  • თუ მასწავლებელი დასაქმებულია, ორ ან მეტ სკოლაში, გარე დაკვირვების ველი გაეხსნება მხოლოდ იმ სკოლაში, სადაც სქემაშია ჩართული. თუ სკოლის ცვლილება გსურთ, მიმართეთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.
  • იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი წინა სასწავლო წელს უარყოფითად შეფასდა, რეგისტრაციის დროს აუცილებლად უნდა ატვირთოთ ხელმეორედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საბანკო რეკვიზიტები http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/243179.pdf).
  • რეგისტრაციის დასრულებიდან უმოკლეს ვადაში აგესახებათ დაკვირვების პერიოდი. დაკვირვების პერიოდის დაწყებამდე, 5 სამუშაო დღით ადრე, ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოთ 5 თანმიმდევრულად ჩასატარებელი გაკვეთილის გეგმა. გაკვეთილის გეგმის ფორმა ონლაინ და პირისპირ დაკვირვების შემთხვევაში არის ერთი (იხ. გაკვეთილის გეგმის ფორმა http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/105322.pdf).
  • გარე დაკვირვების ჩატარების კონკრეტული თარიღის შესახებ, ერთი დღით ადრე ვაცნობებთ შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას და რესურსცენტრს. ონლაინ გაკვეთილის შემთხვევაში მინიმუმ ნახევარი საათით ადრე გაკვეთილის დაწყებამდე, რათა შეძლოთ წინა საგაკვეთილო შეხვედრის ჩატარება.
  • იმ შემთხევაში, თუ გაკვეთილის ჩატარებამდე შეიცვლება გაკვეთილზე დაკვირვების ფორმატი, შეცვლილი გაკვეთილის ფორმები, შეგიძლიათ გარე დამკვირვებლებს გადასცეთ წინა საგაკვეთილო შეხვედრაზე, ხელმეორედ ატვირთვა არ არის საჭირო.
  • ონლაინ და პირისპირ ჩასატარებელი გაკვეთილის ხანგრძლივობას განსაზღვრავს სკოლა, გარე დაკვირვების გაკვეთილის ხანგძლივობა უნდა იყოს სკოლაში განსაზღვრული დროის შესაბამისი.
  • დისტანციური დაკვირვების შემთხვევაში, გაკვეთილი შეფასდება ონლაინ გარე დაკვირვების გაკვეთილის შეფასების რუბრიკით. პირისპირ გაკვეთილზე დაკვირვების რუბრიკას (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების გათვალისწინებით, განხორციელებული ცვლილებებით უმოკლეს ვადაში მიღებთ სკოლებში.
  • გარე დაკვირვების გაკვეთილის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ახალი კორონავირუსით (SARS-CoV -2) გამოწვეულ ინფექციასთან (CoVID - 19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.
წაიკითხეთ სრულად