Baby Bag

​პედაგოგობის სამი თვე - ახალგაზრდა მასწავლებლების თვალით დანახული სკოლა და პრობლემები

​პედაგოგობის სამი თვე - ახალგაზრდა მასწავლებლების თვალით დანახული სკოლა და პრობლემები

ალბათ ყველანი ვთანხმდებით, რომ მასწავლებლის პროფესიაში ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური კადრის მოზიდვა და შენარჩუნება ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემაა განათლების სისტემისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენი წელია „მაძიებლობის პროგრამა“ ხორციელდება, სკოლებში ახალგაზრდა მასწავლებლების დეფიციტია. ეს ერთი მხრივ, შეიძლება განათლების სისტემის მანკიერებებსა და მავნე თვისებებს დავაბრალოთ და მეორე მხრივ იმას, რომ ეს პროფესია ჯერ კიდევ არაა ისეთი პოპულარული, რომ ახალგაზრდა თაობას სურდეს, მისი ნაწილი იყოს.

მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლობა და სკოლაში შესვლა ძალიან რთულია, ამ ჩაკეტილი წრის გამრღვევი ახალგაზრდა პედაგოგები, მართალია, იშვიათად, მაგრამ მაინც იძებნებიან.

​MomsEdu.ge რამდენიმე მათგანს დაუკავშირდა და გთავაზობთ ახალგაზრდა მასწავლებლების თვალით დანახულ პედაგოგობის სამ თვეს.

ლაშა ჩალაძე თბილისის 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგია. სკოლაში მუშაობა სექტემბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა დაასრულა და განცხადებების გაგზავნის შემდგომ გასაუბრებაზე დაიბარეს. ლაშას თქმით, მასზე არჩევანის შეჩერება საკმაოდ სერიოზული კონკურენციის პირობებში მოხდა, რაშიც გარკვეული როლი სკოლის პრესტიჟმაც ითამაშა. ახლა ის სკოლაში რამდენიმე საგანს ასწავლის და მაქსიმალურად ცდილობს, თავის მოსწავლეებსა და გუნდს იმედები არ გაუცრუოს.

„დამწყები მასწავლებლისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თანამშრომლების კოლეგიალურ დამოკიდებულებას, რამაც მნიშვნელოვნად გამიადვილა საწყის ეტაპთან დაკავშირებული სირთულეების გადალახვა. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, რომელშიც შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოიაზრება, წარმოადგენს იმ მთავარ პრინციპს, რომელსაც სწავლა-სწავლების პროცესში მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობა ახალ ფაზაში გადაყავს,“ - აღნიშნავს ახალგაზრდა პედაგოგი.

მთავარ სირთულედ, რომელიც მისი პედაგოგობის პერიოდში სკოლაში შეხვდა, ლაშა ჩალაძე, პანდემიის პირობებში პედაგოგიურ საქმიანობას ასახელებს: „გლობალური პანდემიის პირობებში პედაგოგიური საქმიანობის დაწყება მარტივ გამოწვევას არ წარმოადგენს. სასწავლო ფორმატის მუდმივი ცვლილება და teams-თან დაკავშირებული ხარვეზები უარყოფითად აისახება მოსწავლისა და მასწავლებლის მენტალურ მდგომარეობაზე, რაც შესაძლოა, საბოლოოდ დასახული მიზნების მიღწევაში მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი გამოდგეს. სასწავლო პროცესის თანამდევი ნაწილია მოსწავლეთა მაქსიმალურ ჩართულობასა და ქცევის მართვაზე ზრუნვა. დღევანდელი მდგომარეობა გუნდური მუშაობის სრულყოფილ საშუალებას არ იძლევა, რაც გაკვეთილს გარკვეულწილად აღარიბებს, თუმცა მისი კომპენსირება შესაძლებელია საინტერესო კომპლექსური დავალებებით, რაც ცოდნასთან ერთად მოსწავლის უნარებისა და ღირებულებების გამოკვეთას უწყობს ხელს“.

სისტემისა და სკოლის პრობლემებზე საუბრისას ახალგაზრდა პედაგოგი გვეუბნება, რომ პრობლემები საქართველოში არსებულ სასკოლო სივრცეში თვალშისაცემია და ისინი ერთმანეთთან ლოგიკურ ბმაშია: „თითოეული ადამიანის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად დაკმაყოფილებულია მისი ბაზისური საჭიროებები. როდესაც ვსაუბრობთ მოსწავლის შედეგზე, დანაშაულია, არ ვისაუბროთ მის სოციალურ მდგომარეობაზე. არაერთი კვლევით დასტურდება მნიშვნელოვანი სხვაობა შეძლებული და ღარიბი ოჯახიდან წამოსული მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებას შორის. მისასალმებელია ბავშვების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფისა და ტრანსპორტირების დადებითად გადაწყვეტა, მაგრამ დღემდე გამოწვევად რჩება მათი კვებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხები, რაც ფუნდამენტურია თითოეული მათგანისთვის. სკოლას ესაჭიროება გამართული სამედიცინო პუნქტი. არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის პრობლემა, ასევე სპეც. მასწავლებლებისა და ფსიქოლოგების დეფიციტი. გამოკვეთილია უთანასწორობა ქალაქსა და რეგიონებში მყოფ მოსწავლეებს შორის, რომელთაც არ აქვთ მთელ რიგ რესურსებზე, მათ შორის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. თვალშისაცემია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების პრობლემები, რაც სახელმწიფო ენის სწავლებასა და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას უკავშირდება. პრობლემას წარმოადგენს სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზების მდგომარეობა, რომლის გამოც საბუნებისმეტყველო დარგების სწავლება მხოლოდ თეორიას ეფუძნება, რაც ლაბორატორიის გარეშე დარჩენილ მოსწავლეს საგნისადმი ინტერესს უკარგავს. ხშირად ბავშვები ერთმანეთისგან და სკოლისგან გაუცხოებულები არიან, რადგან აღნიშნულ დაწესებულებას განიხილავენ არა როგორც მათი ცხოვრების ორგანულ ნაწილს, რომელიც ჯანსაღი სოციალიზაციის საშუალებას იძლევა, არამედ, როგორც სადამსჯელო ორგანიზაციას, რომელმაც თითოეული მათგანი ერთ ყალიბში უნდა მოაქციოს და ძალაუფლების მჩაგვრელი ხელი მათზე აღმართოს. ძალადობა კი ძალადობას შობს და ის მოსწავლეებს შორის ურთიერთობაზეც აირეკლება. აღსანიშნავია მასწავლებლისა და სკოლის კოლექტივის დაბალი ანაზღაურება, რასაც ემატება მასწავლებელი ქალების უხილავი საოჯახო შრომა. ამ დროს ისინი იძლებულნი არიან, ფოკუსირდნენ ყოფით პრობლემებზე, რაც აისახება, როგორც მოსწავლეთა შედეგებზე, ისე საზოგადოების განწყობაზე ამ პროფესიის მიმართ. შესამჩნევია მასწავლებლებს შორის არსებული გენდერული დისბალანსიც. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ამგვარ პირობებში მყოფი მოსწავლე იქცევა ერთგვარ ბრმა იარაღად ძალაუფლების მქონე სუბიექტის ხელში, რასაც კონტრიარაღად შეგვიძლია დავუპირისპიროთ მისი ბაზისური საჭიროებების დაკმაყოფილება, აზროვნების თავისუფლების უზრუნველყოფა, დისკუსია და ადეკვატური უკუკავშირი. ბავშვის კრიტიკული აზროვნება უნდა ეფუძნებოდეს არამხოლოდ მოვლენების იმგვარ კრიტიკულ გააზრებას, რომელსაც მას განათლების თანამედროვე სისტემა სთავაზობს, არამედ კრიტიკულ ანალიზს თავად ამ სისტემისა, რომელიც ისევე ასახავს გაბატონებულ იდეებს, როგორც წარსულში“.

საუბრის ბოლოს, ლაშა იმ ახალგაზრდებს მიმართავს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ამ პროფესიას მიუძღვნან თავი: „ახალგაზრდა პედაგოგებთან ერთად ჩემს თავს ვურჩევდი, რომ საგნობრივი კომპეტენციის გაძლიერების პარალელურად, მეტი ყურადღება დავუთმოთ მოსწავლეებთან ღირებულებებზე საუბარსა და მათი კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რათა თავად იქცნენ ჩვენ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებისა და უკეთესი მომავლის შექმნის გარანტად“.

ნია ხაჭაპურიძე ბოლო ერთი წლის მანძილზე აქტიურად ცდილობდა სკოლაში შესვლას. მის მცდელობას განსაკუთრებით ისიც ართულებდა, რომ მას საკუთარ რაიონში, ძამას ხეობაში სურდა მუშაობის დაწყება. „ვაკანსიები ცხადდებოდა, თუმცა ზოგან უკვე აყვანილი ჰყავდათ კადრი და ეს განცხადება ბუტაფორია იყო, ზოგი სკოლიდან მირეკავდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც სხვაზე აჩერებდნენ არჩევანს“. საბოლოოდ, ერთ დღეს საგანზე „მე და საზოგადოება“ გამოცხადდა ვაკანსია და ახალგაზრდა პედაგოგის მორიგი მცდელობა წარმატებით დასრულდა - ნია დღეს კეხიჯვრის საჯარო სკოლის პედაგოგია.

„არასდროს დამავიწყდება ჩემი პირველი გაკვეთილი მესამეკლასელებთან. ძალიან აფორიაქებული და აღელვებული ვიყავი, მინდოდა, ყველაფერს შევხებოდი და დამემახსოვრებინა. ერთი წელი ველოდი ამ სამსახურს, ვოცნებობდი მასწავლებლობაზე და ბოლომდე არც მჯეროდა, რომ ეს მოხდა. ვაკვირდებოდი ყველაფერს და ყველას და ვცდილობდი, მოგონებებში კარგად შემენახა. წარმოდგენა, რაც მქონდა, სულ სხვა იყო და რეალობა კი სულ სხვა. სკოლაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მქონდა თავიდანვე, ძლიერი გუნდი და დირექტორი გვყავს, რომლებიც თავიდან ფეხის ყოველ ნაბიჯზე მეხმარებოდნენ და რჩევებს მაძლევდნენ. მათი რჩევების დამსახურებაა, რომ მე დღეს მშვიდად შევდივარ გაკვეთილზე. თითოეული გაკვეთილი ნამდვილი განტვირთვაა ჩემთვის“ - გვიყვება ახალგაზრდა პედაგოგი.

სირთულეებზე საუბრისას, რომელსაც სკოლაში გადააწყდა, ნია ხაჭაპურიძე რამდენიმე მათგანს გამოჰყოფს: „ყველაზე რთული ცოდნის გადაცემაა. ჩემი მოსწავლეები პატარები არიან და მათ მათ ენაზე, ბავშვურ ენაზე უნდა დაელაპარაკო. წიგნში ძალიან ბევრი უცხო ტერმინია, რომლებიც უნდა აუხსნა და მიაწოდო სწორად, ასევე წიგნში არაა საკმარისი რესურსი და ცალკე უნდა მოიძიო მასალები. თავიდან, როდესაც ახალი ხარ სკოლაში, უფრო მეტად უნდა ჩაერთო სასწავლო პროცესში, რადგან შეისწავლო, რომელი მოსწავლე როგორია, ვის როგორ უნდა მიუდგე და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ჩემი მასწავლებლობის ორი თვის დაკვირვების შედეგად მინდა ვთქვა, რომ ის პოზიტიური გარემო, რომლის შექმნასაც უკვე წლებია ცდილობენ მოსწავლეებისთვის, საკმარისი არაა და ასეთი გარემო სჭირდებათ მასწავლებლებსაც. ეს მხოლოდ სასკოლო კულტურაზე არაა დამოკიდებული და დირექტორმა, რაც არ უნდა სასიამოვნო გარემო შექმნას სკოლაში, საკმარისი არაა. ძალიან შემაწუხებელია დაუსრულებელი რეფორმები, რთულია ამდენ სიახლეს აუწყო ფეხი მაშინ, როდესაც გარემო არასტაბილური და არამდგრადია. იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივად სიახლეებია, მასწავლებლებს თავად უწევთ სტაბილურობის განცდის შექმნა, რაც ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ ამაზე სამინიტრომ მეტად უნდა იზრუნოს. ახლა ერთ პროექტში ვმონაწილეობ „ახალი სკოლის მოდელში“, კომპლექსური დავალებები უნდა შევქმნათ და მოსწავლეებს გავუზიაროთ. მიმაჩნია, რომ ეს პროექტიც ცოტა დაჩქარებულად მიმდინარეობს. ვფიქრობ, უფრო ეფექტური იქნებოდა, თუ მასწავლებლებს უფრო მეტ დროს მივცემდით, რადგან ისედაც ნახევარ კლასთან გვიწევს მუშაობა ამ სიტუაციიდან გამომდინარე. ასეთი აჩქარება მგონია, რომ ნაკლებეფექტური იქნება“.

ნიაც საუბარს რჩევებით ასრულებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ახალგაზრდა პედაგოგები ქმნიან ჯანსაღ გარემოს სკოლაში, სადაც მეტი კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლის აღზრდაა შესაძლებელი. „ვისაც აქვს სურვილი, რომ სკოლაში შევიდეს, ყველას ვუსურვებ, რომ მალე ეგრძნოთ ის სიხარული, რასაც მასწავლებლობა ჰქვია. ზოგადად კი ვისურვებ, რომ ეს პროცესი შედარებით მოქნილი და ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი იყოს, რადგან სწორედ ეს შექმნის იმ გარემოს სკოლაში, სადაც დამნაშავის ძიებას არა მხოლოდ ერთ ადამიანში, არამედ სისტემაში დაიწყებენ“.

თბილისის N70 საჯარო სკოლის პედაგოგს, გიგა გარიშვილს მასწავლებლობის სურვილი ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის დროს გაუჩნდა: „კაპიტალისტური ტოქსიკური ნარატივის თავსმოხვევა ბავშვებს კვლავწარმოებად, ნივთებად გარდაქმნის, სადაც მათი, პოლიტიკური კლასისთვის ცნობილი მომავალი „ლიდერობის“ ცნების ქვეშ იმალება. ამ დროს კი ხდება მათთვის ყველაზე მთავრის საკუთარ თავთან დაშორიშორება. ამდენად, ჩემი მიზანი ის არის, რომ ბავშვებს დავანახო ის წინასწარ განმსაზღვრელები, რომლებიც მათ ნივთად ქცევას უქადნიან. კრიტიკული აზროვნებით შეიარაღებულნი კი ვფიქრობ მეტად მოახერხებენ ადამიანობის შენარჩუნებას, რომელიც სწორედ საზოგადოებაშია მიღწევადი და არა ადამიანებთან ველურ შეჯიბრობითობასა და მარტო მყოფობაში“.

გიგაც, სხვა პედაგოგების მსგავსად, სკოლაში გასაუბრების წესით მოხვდა, რომელიც ღია კონკურსის წესისა და კონკურენციის ყველა პირობას აკმაყოფილებდა. მისი თქმით, სკოლაში ძალიან მეგობრული გარემო დახვდა: „ყველა მზად იყო დამხმარებოდა ყველაფერში. თუმცა, ამავდროულად, ნამდვილად არ ველოდი, რომ დამხვდებოდა ტრენინგების „ზღვა“, რომელიც, როგორც წესი, არაფრის მომცემია და ოდენ ინფორმაციულობას მიემართება“.

უმთავრეს პრობლემად ახალგაზრდა პედაგოგი სახელმძღვანელობსა და მათ შინაარსს ასახელებს. „უმთავრესი პრობლემაა თავად სახელმძღვანელოები მისი შინაარსით, რომელიც მოსწავლეებს მხოლოდ ფაქტობრივ ინფორმაციას აძლევს. ამავდროულად, დაცლილია თანაგრძნობისგან და ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ კონკურენციასა და ლიდერობაზე. ამდენად, მჭირდება დამატებითი რესურსების შეთავაზება მოსწავლეებისთვის, რომლებიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მოსწავლისათვის გარდა ინფორმაციულობისა, ცოდნასთან, როგორც სისტემურობასთან წვდომას, რომელიც თავის თავში მოიცავს მიზეზ-შედეგობრიობას, ხოლო მეორე მხრივ, წიგნში მოცემული „იდეების“ სხვა იდეებთან შედარებას. ეს კი მოსწავლეს საშუალებას აძლევს გზა გაეხსნას კრიტიკული აზროვნებისკენ და კონკრეტული სახელმძღვანელოს მიერ შემოთავაზებული კონკრეტული საკითხის გააზრებისკენ“ - აღნიშნავს ის.

გიგა განათლების სისტემაში არსებულ თუ მიმდინარე რეფორმებსაც კრიტიკულად აფასებს: „ის პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს განათლების სისტემაში ცალკე აღებული მოსაწონია, თუმცა, ვეჭვობ, როგორც სხვა აქამდე განხორციელებული რეფორმა, არ იმუშავებს, რადგან მხოლოდ კოსმეტიკური ხასიათისაა. მაგალითად, როდესაც კომპლექსური დავალების დანერგვა მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოხელთებას ცდილობს და ამ დროს ის, ვინც ეს უნდა განახორციელოს, თავადაა შორს მსგავსი გააზრებისგან, რთულია ამ დროს მნიშვნელოვან შედეგებს ველოდოთ. სტატისტიკურად, უამრავი პედაგოგი საკუთარ საგანში ვერ ადასტურებს კომპეტენციას. ეს კი იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს რეფორმის წარმატებულობას. ამიტომ, რეფორმის განხორციელება ბაზისის კვლევის გარეშე მხოლოდ დროის კარგვაა“.

გიგაც საუბარს ახალგაზრდა პედაგოგებისთვის რჩევების გაზიარებით ასრულებს: „ვურჩევ, რომ მათ ბავშვებს არ მიაწოდონ მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ ერთ კითხვას პასუხობს, კერძოდ, „რა არის ეს“, არამედ მათ უნდა გასცენ პასუხი კითხვაზე - „რატომ არის ეს“.

სკოლა პატარა სამყაროა, სადაც ახალგაზრდა პედაგოგების ყოფნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ხედავთ, მათ ნამდვილად შესწევთ ძალა, რომ ამ სამყაროში ცვლილებებისთვის საჭირო ამინდი შექმნან.

ავტორი: მარიამ მაშა გვარამია 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება დაიწყო ფართო საზოგადოებრივი განხილვების, პედაგოგთა ჩართულობის გარეშე“ - პედაგოგთა პროფკავშირები „ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრის შესახებ

„ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება დაიწყო ფართო საზოგადოებრივი განხილვების, პედაგოგთა ჩართულობის გარეშე“ - პედაგოგთა პროფკავშირები „ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრის შესახებ

„ახალი სკოლის მოდელთან“ დაკავშირებით გამართული შეხვედრის შესახებ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას: 

„​ძვირფასო კოლეგებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, „ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნებთან დაკავშირებით, თქვენ მიერ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნები განხილულ იქნა მასწავლებლებთან საგნობრივ შეხვედრებზე და საგნობრივი ექსპერტების ჯგუფთან.

„ახალი სკოლის მოდელის“ პრობლემებმა საინტერესო და ლოგიკური გაგრძელება ჰპოვა. საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციასთან თანამშრომლობით შემუშავდა სამოქმედო გეგმა, რაც გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელის“ შესახებ კონსტრუქციული დიალოგის პროცესში საზოგადოების ფართო ჩართულობას. საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციისა და საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და ორგანიზებით, პირველი შეხვედრა ჩატარდა 30 ივნისს, წყნეთის პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირის ბაზაზე.

​პანელურ დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი სსიპ-ების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე განათლების ექსპერტები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები.

​დისკუსია სამი მთავარი მიმართულებით წარიმართა:
  • სარეფორმო პროცესის თეორიული წანამძღვრები
  • საკადრო უზრუნველყოფა
  • დანერგვის პრობლემატიკა და გამოწვევები

​სამივე მიმართულების ფასილიტატორებმა გია მურღულიამ, არჩილ სუმბაძემ და გიორგი ჭანტურიამ საფუძვლიანად განიხილეს ნაკლოვანებები, გამოთქვეს პრინციპული მოსაზრებები და დასვეს კრიტიკული შეკითხვები, ყველა იმ საკითხზე, რაც დღეს აწუხებთ სკოლის ხელმძღვანელებსა და მასწავლებლებს. განხილულ იქნა ყველა ნაკლოვანება, რაც თან ახლავს „ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის“ დანერგვას და „ახალი სკოლის მოდელის“ მოთხოვნების განხორციელებას სკოლებში.

​„შევხედოთ პრობლემებს თვალებში, სახელი დავარქვათ ამ პრობლემებს, გავიხაროთ ერთად წარმატებებით და ამისათვის საჭიროა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი... შევეცადოთ, ჩვენი ძალისხმევა ერთვექტორიანი იყოს. საერთო საქმისათვის ერთად უნდა გავისარჯოთ! ამჟამად ვიმყოფებით დანერგვის, იდეების ლეგალიზების სტადიაზე... ჩვენი მიზანია, რაციონალური და ობიექტური ხედვის ფორმირება... მოდელის თეორიული წანამძღვრებისა და მოდელის საკადრო უზრუნველყოფაში იკვეთება მთავარი საფრთხე!“ - გახსნა პანელური დისკუსიის პირველი საკითხი ბატონმა გია მურღულიამ და საკვანძო კითხვები დასვა:
  • რა თეორიულ, პედაგოგიურ, საგანმანათლებლო პრინციპებს ვგულისხმობთ და რა უდევს საფუძვლად ე.წ. „ახალი სკოლის მოდელს“? რომელ დოკუმენტშია ჩადებული?
  • რა კვლევა ჩატარდა? რა ადასტურებს იმას, რომ პრობლემები, რაც ჩვენ წლების და ათწლეულების განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა განათლების სისტემაში, მოგვარდება სწორედ ამ ნაბიჯებით, რასაც ვგეგმავთ?
  • არსებობს თუ არა რაიმე დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს დანერგვის ალგორითმს, თავისი ვადებით და თავისი კონკრეტული, მათ შორის, თავისი პერსონალური პასუხისმგებლობებით?
  • ვინ არიან ამ მოდელის მთავარი განმახორციელებლები და რა დოკუმენტით არის განსაზღვრული მათი უფლებები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები? როგორ იხარჯება ადამიანური, დროითი და ფინანსური რესურსები ვინ იღებს ამ გადაწყვეტილებას და რა პრინციპებსა და საფუძვლებზე დაყრდნობით? თუ არ ივარგა, ვის მოვთხოვოთ პასუხი?
  • ვინ და როგორ ამოწმებს საპილოტე აქტივობათა შედეგებს და რა კორელაციაშია ეს შედეგები სწავლების ხარისხის ამაღლებასთან, ან არსებული სისტემის გაუმჯობესებასთან? ყოველივე ეს, როგორ უზრუნველყოფს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევას?
  • რატომ არ შეიქმნა მუდმივმოქმედი სადისკუსიო სივრცე, სადაც რაციონალურად და ობიექტურად შეფასდება მოდელის თეორიული წანამძღვრები?
  • როდის შევეცადეთ ეს წანამძღვრები ყველასთვის მისაღები და აღქმადი გამხდარიყო? მოვუსმინოთ მასწავლებელს! ძალიან ბევრი მასწავლებელი სვამს კითხვებს, რასაც სჭირდება პასუხი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმონადგენლებმა - ლალი კალანდაძემ, მარიამ ჩიქობავამ და ნიკო სილაგაძემ „ახალი სკოლის მოდელის“ გააზრებისა და ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და შეკითხვებზე განმარტებები გააკეთეს. სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ლალი კალანდაძემ ასევე ისაუბრა სამინისტროს მხრიდან თანამშრომლობის მზაობაზე, მასწავლებლებთან ერთად ყველა სიახლის საგაკვეთილო პროცესში დანერგვაზე, სკოლის მიერ თვითშეფასების განხორციელებაზე, 24 მხარდამჭერი ჯგუფის შექმნა/გადამზადებაზე, სკოლის ბაზაზე ლიდერების გამოვლენასა და რესურსცენტრების შინაარსობრივ ფუნქციებზე.
პრინციპული და კრიტიკული მოსაზრებები დააფიქსირა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ.
სპმთპ-ის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში იყო კრიტიკული და ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რაც მასწავლებლების მიერ არის გამოთქმული „ახალი სკოლის მოდელის“ მიმდინარეობის პერიოდში.
კერძოდ:
  • „ახალი სკოლის მოდელი“ დაიწყო მოუმზადებლად ისე, რომ არ არსებობს ნორმატიული აქტები და მეთოდური მასალები. შეუსაბამობაა სახელმძღვანელოებსა და ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს შორის;
  • მოუმზადებელია სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც არ შეესაბამება „ახალი სკოლის მოდელით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას;
  • „ახალი სკოლის მოდელის“ განხორციელება დაიწყო ფართო საზოგადოებრივი განხილვების, პედაგოგთა ჩართულობისა და მათთან მსჯელობის გარეშე;
  • პედაგოგთა მომზადების სისტემაში ხარვეზებია;
  • წარმოდგენილი მოდელი რამდენჯერმე ზრდის პედაგოგის დატვირთვას, რაც პირდაპირ კავშირშია მათი შრომითი უფლებების დარღვევასთან.

​იმედს გამოვთქვამთ, „ახალი სკოლის მოდელის“ ავტორები გაითვალისწინებენ შეხვედრაზე გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. ამით პროცესი არ მთავრდება, შემდეგი განხილვა დაგეგმილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ძვირფასო კოლეგებო, ამ ეტაპზე თქვენი ჩართულობა შემოიფარგლება კრიტიკული შენიშვნებით, ვინაიდან, ყველა სიახლე ხორციელდება მასწავლებლის მიერ საკლასო ოთახში და არათანმიმდევრული, ნაჩქარევი რეფორმის წარუმატებლობა გადაბრალდება მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, სპმთპ გეგმავს „ახალი სკოლის მოდელის“ განხილვას მასწავლებლების მონაწილეობითაც.

​დისკუსია გრძელდება! ჩვენი მიზანია, კონსტრუქციული დიალოგით, ექსპერტების, პედაგოგებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობით, შევქმნათ ისეთი მოდელი, რაც მისაღები იქნება უპირველეს ყოვლისა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის, საგაკვეთილო პროცესის ეფექტურად და შეფერხების გარეშე წარმართვის მიზნით,“ - წერია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წაიკითხეთ სრულად