მასწავლებლის პროფესიული რეგულირების პროგრამის გარე დაკვირვების მიმართულების მენეჯერი, ქრისტინე ინგოროყვა გარე დაკვირვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ესაა ის ცვლილებები, რომლებიც სქემაში შევიდა უფროსის სტატუსის მქონე მასწავლებლებთან დაკავშირებით.
მხოლოდ გარე დაკვირვებით სტატუსს შეიცვლიან ის მასწავლებლები, რომლებიც უკვე დარეგისტრირებულები არიან გარე დაკვირვებაზე.
ახალი სქემის მიხედვით, სხვა უფროსს მასწავლებლებს წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად დასჭირდებათ კომპლექსური შეფასების გავლა.
ის მასწავლებლები, რომლებიც წარმატებით გაივლიან გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის იანვრისთვის (ეს ადრეც ეწერა).
ის მასწავლებლები, რომლებიც მეორე სემესტრში გადაიტანენ გარე დაკვირვებას, სტატუსს შეიცვლიან 2021 წლის 30 სექტემბრამდე,“ - წერს ქრისტინე ინგოროყვა.
თემის აქტუალობიდან და მასწავლებლების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც Moms.ge-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მიიღო.
„პროფესიული უნარების ტესტირების შედეგების დამუშავების პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს. შედეგები კვირის ბოლოს გამოქვეყნდება,“ - განაცხადეს ნაეკში.
მასწავლებლებს პროფესიული უნარების შედეგების ნახვა შეეძლებათ ბმულზე.
სააპელაციო განაცხადების მიღება ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოცხადების შემდეგ დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600-ზე მეტი აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, მათგან - 15 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი.