Baby Bag

„ცვლილების თანახმად, თუ უფროსი მასწავლებელი, რომელიც წამყვანობისთვის აბარებს გამოცდას და მენტორობისთვის დაწესებულ ზღვარს გადალახავს, მას მენტორობისთვის განკუთვნილი გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს“

„ცვლილების თანახმად, თუ უფროსი მასწავლებელი, რომელიც წამყვანობისთვის აბარებს გამოცდას და მენტორობისთვის დაწესებულ ზღვარს გადალახავს, მას მენტორობისთვის განკუთვნილი გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს“

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწავლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა ბარაბაძემ ​ახალ განათლებასთან მიცემულ ინტერვიუში სქემაში ცვლილებები განმარტა. როგორც მან უფროს მასწავლებლებზე საუბრისას აღნიშნა, მათთვის წამყვან მასწავლებლობამდე სქემაში ახალი გზა არის გაწერილი:

„როგორ ცნობილია, უფროსი მასწავლებლებისთვის განკუთვილი გარე დაკვირვება, რომელიც გასულ სასწავლო წელს, გაზაფხულზე, უნდა ჩატარებულიყო, კოვიდ პანდემიის გამო გადაიდო და რეალურად, ეს მასწავლებლები აღმოჩნდნენ დაზარალებულები, რადგან მათ, 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, შესაბამისი კრედიტქულები მოგროვილი ჰქონდათ და გარე დაკვირვების გავლა ეკუთვნოდათ. ეს ყველაფერი კალენდრითაც გაწერილი იყო, მაგრამ, როგორც უკვე გითხარით, პანდემიის გამო, სკოლებში სასწავლო პროცესი შეფერხდა და მთლიანად დისტანციურ ფორმატზე გადავიდა. ამის შემდეგ მოხდა დისტანციური სწავლების აღიარება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებაც განხორციელდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარე დაკვირვების დისტანციური რუბრიკა მოვამზადეთ. ბუნებრივია, ამ ყველაფერს გარკვეული დრო დასჭირდა. ცვლილება განხორციელდა გარე დაკვირვების წესშიც და უფროს მასწავლებლებს, სექტემბრიდან, რუბრიკის გავლის შესაძლებლობა მიეცათ - პირისპირ ან დისტანციურად. ჩვენ ორივე ტიპის გარე დაკვირვების განსახორციელებლად ვიყავით მზად, თუმცა, კოვიდ სიტუაციის გამო, პროცესი ახლა ისევ შეფერხდა. შეიზღუდა გადაადგილება, იმ მასწავლებლებს კი, რომლებსაც პირისპირ სურთ გარე დაკვირვების გავლა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ დავაკვირდებით.

3080 დარეგისტრირებული მასწავლებლიდან, უმეტესობამ გარე დაკვირვება უკვე გაიარა - ნაწილმა პირისპირ, ნაწილმა დისტანციურად; 500-მდე მასწავლებელია დარჩენილი, ვინც, ასე ვთქვათ, არ ისურვა დისტანციურ რეჟიმში დაკვირვება. მართალია, რაიონებში ჯერ კიდევ შენარჩუნებულია პირიპირ სწავლება, მაგრამ სრულად შეიზღუდა მუნიციპალური ტრანსპორტი და დამკვირვებლებს რეალურად გაუჭირდებათ სკოლაში მისვლა. ამიტომ, საჭიროებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ სასწრაფო წესით განახორციელა ცვლილება, რომლის თანახმადაც, მასწავლებლებს უფლება მიეცემათ, იმ შემთხვევაში, თუ პირისპირ დაკვირვებას აირჩევენ, დაელოდონ სკოლებში სწავლის განახლებას, ანუ მათ გარე დაკვირვების დრო მეორე სემესტრის განმავლობაში გაუხანგრძლივდათ. თუ დისტანციურად გადაწყვეტენ გარე დაკვირვების განხორციელებას, რასაკვირველია, დისტანციურად დავაკვირდებით. ასე რომ, პირისპირ დაკვირვება დამოკიდებული იქნება რეგულაციებზე, რომელსაც სახელმწიფო გამოაცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ მეორე სემესტრის ბოლომდე სკოლები არ გაიხსნება, მაშინ მათ გარე დაკვირვების დისტანციურად გავლა უნდა შეძლონ, სხვა გამოსავალი არ ექნებათ.

ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ უფროს მასწავლებლებს, ვინც დარეგისტრირებული იყვნენ გარე დაკვირვების რუბრიკაზე. დანარჩენი უფროსი მასწავლებლები ერთმნიშვნელოვნად არ განიხილებიან, მათთვის წამყვან მასწავლებლობამდე სქემაში ახალი გზა არის გაწერილი და აქაც საკმაოდ საინტერესო ცვლილება შევიდა, ვფიქრობ, ეს ცვლილებაც დააინტერესებთ მასწავლებლებს. სქემის ბოლო რედაქციაში, რომელიც 26 ივნისს დამტკიცდა, ასეთი ჩანაწერი იყო: უფროს მასწავლებელს წამყვანობისა და მენტორობისთვის ცალ-ცალკე, ანუ ორჯერ უწევდათ გამოცდის ჩაბარება. ცვლილების თანახმად კი, ახლა, თუ უფროსი მასწავლებელი, რომელიც წამყვანობისთვის აბარებს გამოცდას და მენტორობისთვის დაწესებულ ზღვარს გადალახავს, მას მენტორობისთვის განკუთვნილი გამოცდის ჩაბარება აღარ მოუწევს. ეს იმას ნიშნავს, რომ თავისუფალია გამოცდის კომპონენტისგან და მენტორის სტატუსისთვის განკუთვნილ სხვა დანარჩენ აქტივობებს განახორციელებს.

კიდევ ერთი ცვლილება აკადემიური ხარისხის მოპოვებას ეხება – ადრე არსებული წესით, მასწავლებელს, რომელიც აკადემიურ ხარისხს მოიპოვებდა, პირდაპირ ენიჭებოდა წამყვანის სტატუსი, მაგრამ ეს ჩანაწერი ახალ სქემაში აღარ არის და აღმოჩნდა, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც, ამ ხნის განმავლობაში, დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად იმუშავეს და მხოლოდ დაცვა დარჩათ, ამდენი შრომა წყალში უნდა ჩაყროდათ. გავითვალისწინეთ მათი თხოვნა და მივეცით უფლება, დაცვის შემდეგ მოგვმართონ სტატუსის მისანიჭებლად. აქვე გეტყვით, რომ ასეთი ადამიანების რიცხვი ძალიან მცირეა - 2-3 ადამიანია,“ - აღნიშნა ხათუნა ბარაბაძემ.

ინტერვიუ ვრცლად იხილეთ ბმულზე - ​ახალი განათლება

შეიძლება დაინტერესდეთ

ტექნოლოგიები ხდება სასკოლო პროცესის ნაწილი

ტექნოლოგიები ხდება სასკოლო პროცესის ნაწილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა, მიხეილ ბატიაშვილმა, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სკოლაში ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიცვალოს მიდგომა სასწავლო პროცესის მიმართ და აღნიშნა, რომ ახალ მიდგომებთან ერთად სასწავლო პროცესში ერთერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ტექნოლოგიების შეტანა:

„ცვლილებები უნდა განხორციელდეს თვითონ კლასში და ორიენტირებული უნდა იყოს ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის ანალიტიკური უნარები, ამოცანების გადაწყვეტაზე ორიენტირება, გუნდურობა, კრეტიულობა. დღეს მართალც შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ 150 სკოლაში, ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვასრულებთ იმ გეგმებს, რომელთაც ამ ტრიბუნიდან რამდენიმე თვის წინ დაგპირდით. 2022 წელს ახალი სასწავლო მიდგომა დედაქალაქისა და რეგიონის ყველა სკოლაში დაინერგება,“ - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა სკოლების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვის მნიშვნელობასაც: „მოხარული ვართ, რომ ახალი სასწავლო წლიდან 55 000 ახალი კომპიუტერი შევა სკოლებში. ეს იქნება არა ნეთბუკები, არამედ სრულყოფილი კომპიუტერები, რომლებითაც ბავშვები მრავალი წლის განმავლობაში ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპიუტერებში ოფიციალურად იქნება დაინტეგრირებული ყველა ლიცენზირებული პროგრამა, როგორიც არის მაიკროსოფტი და ბევრი სხვა. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სკოლების WIFI-ით უზრუნველსაყოფად, რადგან წარმოუდგენელია დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე ინტერნეტის გარეშე. წლევანდელ წელს მართლაც უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა ამ მიმართულებით და სკოლების მეოთხედი ფაქტიურად გადაფარული გვაქვს უკაბელო ინტერნეტით. ვფიქრობთ, ამ სამუშაოს ორი წლის განმავლობაში მთლიანად დავასრულებთ და ყველა სკოლა იქნება უზრუნველყოფილი მაღალი ხარისხის ინტერნეტით.“

წაიკითხეთ სრულად