მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებთან აქტიური თანამშრომლობით, აგრძელებს მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულყოფას:
როგორც იცით, დაგეგმილია „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავება. შესაბამისად, ცენტრი იწყებს საქმიანობას აღნიშული დოკუმენტის შექმნის მიზნით. აქვე შეგახსენებთ, რომ „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესი“ გააერთიანებს „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა“ და მასწავლებლის საქმიანობასთან დაკავშრებულ სხვა დოკუმენტებს.
აღნიშული წესის ამოქმედებამდე, ცენტრმა დაგეგმა სქემის დანერგვის პროცესის შეფასება, რათა დროულად მოხდეს არსებული რისკების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკის შენარჩუნება და ხარვეზების გამოსწორება. სქემის დანერგვის პროცესის შეფასება მოიცავს:
მასწავლებელთა, სკოლის დირექტორთა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას (ფოკუსჯგუფებს, ტრადიციულ საინფორმაციო შეხვედრებს ქვეყნის მასშტაბით როგორც პირისპირ, ასევე, ონლაინ ფორმატში);
დაინტერესებული პირების/ექსპერტებისა და ორგანიზაციების ჩართვას როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე;
ონლაინშეხვედრებსა და გამოკითხვებს.
შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემუშავდება „მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ საბოლოო ვერსია.
„მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის“ შემუშავების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი იწვევს თანამშრომლობისთვის დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს: [email protected].
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ქართულ სკოლებში ახალი პროექტი იწყება - რომელი საგნის მასწავლებლები დაეხმარებიან ბავშვებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციების მართვის შესახებ ცოდნის შეძენაში?
სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა თემო სუყაშვილმა ქართულ სკოლებში ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ემოციების მართვის შესახებ ცოდნის შეძენაში დაეხმარება:
„პროექტი „გავიღიმოთ“ აგებულია ხუთი თემისგან. ის სტრუქტურირებულია ოც გაკვეთილად. მოსწავლეები არიან აქტიურ როლში და მასწავლებელი გამოდის ფასილიტატორად. თითოეული თემა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიც არის ემოციები, ფსიქიკური ჯანმრთელობა, კომუნიკაცია, ურთიერთობები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები თვითონ ფიქრობენ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე.“
თემო სუყაშვილის თქმით, პროექტი მიზნად ისახავს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არსებული სტიგმის დაძლევასაც:
„გარკვეული სტიგმა არსებობს სასკოლო საზოგადოებაში. როდესაც ვახსენებთ ტერმინს „ფსიქიკური ჯანმრთელობა,“ ფიქრები მიდის ნეგატიურისკენ. არსებობს კვლევები, რომლითაც დასტურდება, რომ ყოველი ხუთი მოსწავლიდან ერთი განიცდის ამ პრობლემას. ეს პროექტი მასწავლებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს.“
„ახლა გვაქვს შემცირებული საგაკვეთილო პერიოდი და მასწავლებლები გადასულები ვართ ტექნიკურ საკითხებზე. საერთოდ არ გვრჩება დრო, რომ მოსწავლეებს ვკითხოთ, რა განწყობაზე არიან,“ - აღნიშნულ საკითხზე თემო სუყაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.