Baby Bag

მასწავლებლის სახლი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

მასწავლებლის სახლი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსს აცხადებს

მას​წავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2021 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად შემდეგ კონკურსებს აცხადებს:

  • 2021 წლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საუკეთესო მასწავლებელი
  • 2021 წლის ფიზიკის საუკეთესი მასწავლებელი
  • 2021 წლის ქიმიის საუკეთესო მასწავლებელი
  • 2021 წლის ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი
  • 2021 წლის ბუნებისმეტყველების საუკეთესო მასწავლებელი
  • 2021 წლის მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი


​კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველების, მათემატიკის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე 3-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით.

კონკურსში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და თითოეული კონკურსის ფარგლებში მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება.

კონკურსში კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს:

ა) თავად პედაგოგს, რომელიც ავსებს ცენტრის მიერ განსაზღვრულ ფორმას.

ბ) პედაგოგიური / სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით სკოლის ადმინისტრაციას;

გ) ადგილობრივ მუნიციპალიტეტს და/ან არასამთავრობო ორგანიზაციას;

დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;

ე) პროფესიულ გაერთიანებას.

„ბ-ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მასწავლებლის კანდიდატურის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენის შემდეგ ცენტრი წერილობით მიმართავს მასწავლებელს იმისთვის, რათა მან შეავსოს დანართით განსაზღვრული ფორმა ცენტრის ვებგვერდზე მითითებული ბმულის მეშვეობით ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა 2021 წლის 14 მაისის ჩათვლით უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/1O4n2qt3B3NL2

საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) საგნისა და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა - რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება), და ზეპირად (მაქსიმუმ 3-წუთიანი ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ ჩემი პედაგოგიური კრედოს საშუალებით, რომელიც შეფასდება, N5 დანართით განსაზღვრული „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ შეფასების რუბრიკით, ასევე, მის მიერ ჩატარებულ გაკვეთილზე / გაკვეთილებზე დასწრებით; (გაკვეთილი ფასდება მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტების დამტკიცების შესახებ“ ცენტრის დირექტორის ფუნქციების დროებითი შემსრულებლის 2019 წლის 12 ივნისის N124 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტის ან/და ცენტრის დირექტორის ბრძანება N745829 „ონლაინ გაკვეთილის შეფასების რუბრიკის“ მიხედვით.)

ბ) შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება - რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);

გ) მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა - რაც დადასტურდება მოსწავლეების სწავლის შედეგების გაუმჯობესების ამსახველი მასალით (მაგ., მოსწავლეების მხრიდან აკადემიური მოსწრების, დასწრების/ქცევის გაუმჯობესება);

დ) სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება - რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებითა და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;

ე) ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება - რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;

ვ) საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - რაც გამოვლინდება სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მასწავლებლის მონაწილეობითა და თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულებით (მაგ., მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი, დამსახურება).

ზ) პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება - რაც დადასტურდება მასწავლებლის მხრიდან როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვით (მაგ., ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით); სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით;

საკონკურსო ვიდეოში (მაქსიმუმ 3წთ. ხანგრძლივობის) ისაუბრეთ:

1. თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანი პრინციპებისა და ღირებულებების შესახებ;

2. აღნიშნეთ (მოიყვანეთ მაგალითები), როგორ ასახვას პოულობს ეს პრინციპები და ღირებულებები თქვენს პედაგოგიურ პრაქტიკაში

გთხოვთ, ვიდეოჩანაწერი გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

შეგახსენებთ, რომ საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.

Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლები​ს სანდო წყარო“.

შეიძლება დაინტერესდეთ

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი აბიტურიენტების მომზადების პროგრამის პრეზენტაცია ​გამართა.

პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისსა და ზუგდიდში გაივლიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციას სტუდენტები ესწრებოდნენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რომლებიც სხვადასხვა უნივერსიტეტში სწავლობენ.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, აბიტურიენტები სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან:
„ეს ბავშვები ძალიან რთულ ვითარებაში სწავლობენ. ისინი მართლაც გმირები არიან. ამავდროულად ძალიან კარგ შედეგებს აჩვენებენ. გვინდა მომავალში მეტად შევუწყოთ ხელი, რომ კიდევ უფრო წარმატებულები იყვნენ. დღეს მათთან განსაკუთრებული სიახლით მოვედი, რომელიც მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის უმნიშვნელოვანესია - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის უფასო მოსამზადებელი ცენტრი შეიქმნება. მოგეხსენებათ, მათ სასკოლო განათლების მიღება ძალიან რთულ პირობებში უწევთ. გალსა და ახალგორში ეს პროცესი შეფერხებულია, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღების საშუალება არ ეძლევათ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მსურველებს სრულიად უფასოდ და უგამოცდო მოსამზადებელ ცენტრს შესთავაზებს, სადაც ისინი სხვადასხვა სასურველ საგანში მოემზადებიან და შემდეგ გამარტივებული წესით უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან. ეს პროგრამა მოქმედებს არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებისათვის, არამედ ოსებისა და აფხაზებისათვისაც, ვინაიდან კურსები სხვადასხვა ენაზე წარიმართება“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
პროგრამის საპილოტე ვერსია 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდება, ხოლო ამავე წლის სექტემბრიდან სრული კურსი შევა ძალაში. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია.

წაიკითხეთ სრულად