მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.
ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მასწავლებლობის მსურველი პირები მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებენ. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს აქვთ. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება. მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
პასუხები გამოცდებთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვებზე
აბიტურიენტების კითხვებს ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენელმა მაია გაბუნიამ უპასუხა. გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ კითხვებსა და პასუხებს:
✔️გამარჯობა, მაინტერესებს, როგორი კალმის შემოტანაა შესაძლებელი? ➡️სურვილის შემთხვევაში, გამოცდაში მონაწილეს შეუძლია, გამოიყენოს საკუთარი კალამი - გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5 - 0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.
✔️შეიძლება თუ არა გამოცდის ადგილის შეცვლა? ➡️საგამოცდო ქალაქის შეცვლა 3 აპრილის 18:00 საათამდე იყო შესაძლებელი. ამ ეტაპზე აპლიკანტთა განაწილების პროცესი დასრულებულია და მასში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი.
✔️საგამოცდო გრაფაში წერია 08:00 საათი. ამ დროს იწყება გამოცდა? ➡️საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო. რეგისტრაცია 1 საათის განმავლობაში გრძელდება.
✔️დაიშვება თუ არა აბიტურიენტი ვადაგასული პირადობის მოწმობით გამოცდაზე? ➡️თუ ახლი პირადობის აღებას ვერ მოასწრებთ, შეგიძლიათ გამოცდაზე პასპორტით ან იუსტიციის სახლის მიერ გაცემული ფოტოსურათიანი ცნობით გამოხვიდეთ (ფორმა N1).
✔️საგამოცდო ბარათი ამოვბეჭდე, თუმცა ფოტო მკვეთრად არ ჩანს. როგორ მოვიქცე? ➡️მთავარია ბარათზე დატანილი მონაცემები იკითხებოდეს მკაფიოდ.
✔️ბათუმში საგამოცდო ადგილად მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტია შერჩეული? ➡️ბათუმში ორი საგამოცდო ცენტრია გახსნილი. კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში ხართ გადანაწილებული და რომელ მისამართზე, ეს ინფორმაცია მითითებულია თქვენს საგამოცდო ბარათზე. საგამოცდო ცენტრებისა და მარშრუტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/1927