მასწავლებლობის მსურველმა საგნის გამოცდის გარდა, პროფესიული უნარებიც უნდა ჩააბაროს თუ არა და რას ისახავს მიზნად ეს ტესტი? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.
ცენტრის წარმომადგენლების თქმით, მასწავლებლობის მსურველი პირები მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებენ. პროფესიული უნარების ჩაბარების ვალდებულება კი პრაქტიკოსის სტატუსის მქონე პედაგოგებს აქვთ. პროფესიული უნარების ტესტი მიზნად ისახავს იმის შეფასებას, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგი მასწავლებლის სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რამდენად შეუძლია მას სწავლების პროცესის ეფექტიანად წარმართვა, მოსწავლეთა სწავლით დაინტერესება და სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა, მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობებისა და კლასში ეთიკური ღირებულებების დამკვიდრება. მასწავლებლის პროფესიული უნარების კომპეტენციის დადასტურება იმის ერთგვარი წინაპირობაა, რომ სკოლებში იმუშავებენ პედაგოგები, რომელთაც არა მარტო შესაბამისი საგნის საფუძვლიანი ცოდნა ექნებათ, არამედ პროფესიისათვის აუცილებელი უნარებიც.
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსი
ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსისათვის საბუთების მიღება 24 აპრილიდან დაიწყება და 5 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.
კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს:
ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2 ან C1) ან CELTA სერტიფიკატი;
ტესტური დავალებების შექმნაზე მუშაობის გამოცდილება;
მინიმუმ ხუთი წლის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ზოგად ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
გარდა ამისა, კონკურსანტის ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი CV-ების შერჩევა.
მეორე ეტაპზე კონკურსის მონაწილეები დაწერენ მცირე მოცულობის თხზულებას. კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც გაეცნობიან თხზულების შეფასების სქემასა და შეფასების კრიტერიუმებს.
მესამე ეტაპზე მონაწილეები შეაფასებენ იმიტირებულ საგამოცდო თხზულებას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის დასკანერებული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]