Baby Bag

ყველაზე მეტად სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებლებზეა მოთხოვნა, შემდეგ მოდის მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა

ყველაზე მეტად სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებლებზეა მოთხოვნა, შემდეგ მოდის მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა
Pedagogi.Ge-ზე მასწავლებლების ახალი ვაკანსიები დაიდო. დირექტორები ახალი სასწავლო წლისთვის ახალ გამოცდილ კადრების შერჩევას აპირებენ. ამ დროისთვის 200-ზე მეტი აქტიური ვაკანსიაა. აღსანიშნავია, რომ ვაკანსიები ყოველდღიურად განახლდება და რაოდენობა იზრდება.

ვაკანსიები გამოცხადებულია როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებში, თბილისსა და რეგიონებში.

ყველაზე მეტად სკოლებში დაწყებითი კლასების მასწავლებლებზეა მოთხოვნა, შემდეგ მოდის მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური, ისტორია, ფიზიკა და გეოგრაფია. ასევე ეძებენ ქიმიის და სპორტის მასწავლებლებს. ასევეა მოთხოვნა რუსულის, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მუსიკის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ფრანგულისა და ბუნების მასწავლებლებზე.

მხოლოდ თითო ვაკანსიაა სამოქალაქო განათლების, იტალიურის, გერმანულის, მე და საზოგადოების, ასევე საგზაო ნიშნების მასწავლებლებისთვის.



მასწავლებლების გამოცდები 14 ივლისს იწყება, ათასობით პრაქტიკოს პედაგოგს გამოცდის ჩაბარების ბოლო შანსი აქვს, სწორედ მათი შედეგების გამოქვეყნების რეზულტატზე იქნება დამოკიდებული, ახალი სასწავლო წლისთვის გამოცხადდება თუ არა მასობრივად ვაკანსიები სკოლებში.

ვაკანსიები შეიძლება იხილოთ ვებგვერდზე - http://teac​herjobs.ge/

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვმა დაკარგა სიამოვნების უნარი, რომ თვითონ გადმოსცეს საკუთარი აზრი, თვითონ ისაუბროს,“ - ვასილ მაღლაფერიძე

„ბავშვმა დაკარგა სიამოვნების უნარი, რომ თვითონ გადმოსცეს საკუთარი აზრი, თვითონ ისაუბროს,“ - ვასილ მაღლაფერიძე

ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე გადაცემაში „ახალი დღე“ სკოლებში სწავლების მეთოდოლოგიის შეცვლის საჭიროების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ კლიშეებით აზროვნებას თავი უნდა დავაღწიოთ:

„ბევრი მასწავლებელი საუბრობს, რომ მეთოდოლოგია, რომლითაც ჩვენ სკოლებში ვასწავლით, არ არის სწორი. ეს არის კლიშეებით აზროვნება. შეიძლება ეს მოდის კომუნისტური წყობიდან. შენ იზრდებოდი, თითქოს გასწავლიდნენ თავისუფალ აზროვნებას ლიტერატურაზე, მაგრამ გეუბნებოდნენ, რომ ნესტანი არის კარგი, ის არის ცუდი. შემდეგ კი გავალებდნენ, რომ დაგეწერა თემა. შენ წერდი თემას. საქართველოში არის წერითი აზროვნების დეფიციტი. ეს იცის ყველა მასწავლებელმა. ეს იცის ყველა გამოცდილმა ადამიანმა. თითქოს ადამიანი კარგად აზროვნებს, ნიჭიერია, მაგრამ თემას ვერ წერს. ვერ წერ იმიტომ, რომ შენ უნდა დაწერო დახასიათება, თან ყველაფერი ნათელია. უკვე წინასწარ ვიცით, რა უნდა დაიწეროს. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ბავშვმა იცოდეს ლიტერატურით ტკბობა. მუსიკას რატომ უსმენ? ბევრი რამის გამო შეიძლება უსმინო, მაგრამ უნდა მოგწონდეს, რომ რაღაცას გრძნობდე.”

ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მასწავლებლები მოსწავლეებს თავისუფალი აზროვნების განვითარებაში უნდა დაეხმარონ და მათ დამოუკიდებლად ფიქრის შესაძლებლობა მისცენ:

“ლიტარატურის შეგრძნებას ვერაფერი შეცვლის. მეორეა, რომ თავისუფალი აზროვნებაც უნდა ვისწავლო. დამიტოვე უფლება, რომ მე ვიფიქრო და მაშინ ეს საინტერესო იქნება. შენ თუ თავიდანვე დამშტამპავ და მე ვიწყებ შუშანიკის წერით, რომელიც არის იდეალური გმირი, შეუძლებელია, რომ ეს დახასიათება დავწერო. მთლიანად შუშანიკი არის დახასიათება, რომელიც იაკობ ხუცესმა დაწერა, შენ რაღა უნდა დაწერო? თხზულება ფაქტობრივად განიდევნა სკოლიდან. ამის გარეშე კი ლიტერატურას ვერ სწავლობ. ბავშვმა დაკარგა სიამოვნების უნარი, რომ თვითონ გადმოსცეს საკუთარი აზრი, თვითონ ისაუბროს. ეს ხომ არ გგონიათ, რომ ახლა დაიწყო. ჩემს დროსაც იყო თემები, რომლებსაც წლიდან წლამდე კლასებში იწერდნენ, მერე ამ თემებს წერდნენ უმაღლესში, მერე ბრუნდებოდა სკოლებში. ყველაფერი დადგენილი იყო, აბა ერთი რამე გაგებედა და სხვანაირად გეთქვა. ავთანდილზე რომ გეთქვა არ მომწონსო, დაიბნეოდნენ, შეიძლება, ფსიქოლოგთან წაეყვანე ვინმეს. ყველამ ვიცით, რომ ავთანდილი კარგია, ვთქვათ, მე ვთქვი, რომ არ არის ავთანდილი კარგი, წარმოგიდგენიათ?“

„ტესტებით ლიტერატურა არ ისწავლება. თქვენ შეიძლება მთლიანად კარგად გახსოვდეთ ყველაფერი, მერე რა? ერთ-ერთ რომანში ერთი გენიალური პასაჟია ასეთი. მარსიანელი ჩამოვიდა, დედამიწას სწავლობს, ნახა რა როგორ არის, საჭმელი გასინჯა, აუხსნეს ყველაფერი. კონცერტზე რომ მიიყვანეს და მუსიკა მოასმენინეს, ვერ მივხვდიო, თქვა. მერე მოითხოვა, რომ ვიოლინო ეჩვენებინათ, დაშალა ინსტრუმენტი და თქვა, რომ გასაგები იყო ყველაფერი. მეტი არ არის ჩემი მტერი, რომ ის რამეს იყო მიხვედრილი. ამიტომ, ნელ-ნელა უნდა შევცვალოთ ბევრი რამ. როდესაც ჩვენ რეფორმაზე ვსაუბრობთ, რეფორმა არ არის მხოლოდ ხელფასის მომატება, ეს თავისთავად კარგია, გათბობა, საცურაო აუზი და კვება მშვენიერია სკოლაში, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ ვასწავლით. ყველა საგანი მნიშვნელოვანია. მათემატიკა საჭიროა რაციონალური აზროვნებისთვის, დიდი ფანტაზიის განვითარებისთვის. ლიტერატურა ბავშვს უნდა მშვენიერების აღქმის უნარისთვის. ეს მიზანი უნდა გვქონდეს უპირველეს ყოვლისა, როდესაც სკოლაში ვასწავლით,“ - აღნიშნავს ვასილ მაღლაფერიძე.

წყარო: ​ახალი დღე 

წაიკითხეთ სრულად