მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ჩანიშნულია დამატებითი სესიები საგნების მიხედვით. აპლიკანტები გამოცდის შემდგომ ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ და თავიანთ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
აზრთა გაზიარება უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში. მოვიფიქრეთ, რომ ამ შეფასებებისა და ემოციებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მასწავლებელთა ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად რთული იყო ტესტი და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს?
გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ და მთავარ პრობლემად შემცირებული დრო, კითხვების დახურულის ღიით შეცვლა, არაპროგრამული მასალის დავალებებში შეტანა დაასახელეს ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფში.
მაიკო კვიჟინაძე წერს, რომ 1-6 ქართული და მე-7-მე-12 ქართული ჩაბარებული აქვს. წელს კომბინირებულის ქართული ძალიან მერთულაო. მზია ზურაბული იმ აპლიკანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ 1-6 მათემატიკა რთული არ იყო, მაგრამ დრო არ მეყო დავალებების შესასრულებლადო. დროის სიმცირეს უჩივიან ასევე კომბინირებულის გამოცდაზე გასული მასწავლებლები. ცისმარი ბუწურაძე ამბობს, რომ დახურული კითხვები ცოტა იყო და ღია კითხვები მეტ დროს მოითხოვდა, ხოლო წელს დრო გასულ წელთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეს.
გამოკითხვის დროს გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდაზე გასული მასწავლებლები ტესტის სიმარტივეს აღიარებდენ. უცხო ენის პედაგოგებსაც ემარტივათ დავალებები. ეს გამოიკვეთა გამოკითხვაში მონაწილეთა შორის.
მუსიკა, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კომბინირებული იყო ყველაზე რთული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
სწორედ გამოკითხვის დროს წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, რომელმაც კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა და მას უცვლელად გთავაზობთ.
რის ხარჯზე შემცირდა დაწყებითი კლასების ტესტებისთვის დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო?
შემცირდა დრო და შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა - სირთულე დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა. დროის შემცირება მოხდა თავად მასწავლებელთა თხოვნის გათვალისწინებითაც (მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა).
პედაგოგები ჩივიან, თითქოს, ტესტებში შეხვდათ ისეთი საკითხები, რომლებიც პროგრამაში არ იყო მოცემული. მაგ., ხელოვნებაში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ხელოვნების ტესტში მოცემული არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ბუნებრივია, პროგრამაში ვერ იქნება მითითებული კონკრეტული ეპოქის ყველა მხატვარი და მათი ნამუშევრები, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ კონკრეტული ეპოქის ცოდნა ისე, რომ შეძლონ ესა თუ ის ავტორი მიაკუთვნონ მას. ყოველი დავალებისთვის შერჩეულია კონკრეტული ეპოქის ტიპური ნიმუში, რომელშიც ყველა თავისებურება ნათლად იკითხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მასწავლებელი ზედმიწევნით ცნობდეს ეპოქას და ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებას.
თუ აპლიკანტი მიხვდა, რომ ტესტში წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა, მაგალითად, რენესანსის ეპოქას განეკუთვნება, მან ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს ფერწერული სურათის მხატვრული თავისებურებები - დაასახელოს დარგი, ჟანრი, მასალა, ტექნიკა და ა. შ.
შედეგები დაახლოებით როდის გახდება ცნობილი?
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები ეტაპობრივად მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე. მოამზადა მელანო ებრალიძემ
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილება შევიდა. შესაბამისი დოკუმენტი, რომელსაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აწერს ხელს, საკანონმდებლო მაცნეში დღეს, 4 ივნისს გამოქვეყნდა.
ბრძანების თანახმად,
1. დისტანციურ სასწავლო პროცესში მოზარდის ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების გათვალისწინებით, სარეკომენდაციო დატვირთვის (გაკვეთილებზე გატარებული ასტრონომიული საათების) მაქსიმალური რაოდენობა არის შემდეგი:
2. ონლაინ აკვეთილების რეკომენდებული ხანგრძლივობა არის შემდეგი:
ა) I-IV კლასებში – 20 წუთი;
ბ) V-IX კლასებში – 30 წუთი;
გ) X-XII კლასებში – 40 წუთამდე.
3. რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 3 გაკვეთილის ჩატარება.
4. რეკომენდებულია დაგეგმილი გაკვეთილი შეიცავდეს სხვადასხვა ინტერაქტიულ ტექნიკას, მათ შორის, 10-15-წუთიან შესვენებას ფიზიკური აქტივობით. პერიოდულად შეიძლება ჩატარდეს თვალის ვარჯიში, მაგ.: ეკრანიდან მზერის გადატანა შორს მდებარე საგანზე, თვალის 5-6-ჯერ დახამხამება.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, 2020 წლის 30 მარტიდან დისტანციური სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას სკოლა თავად განსაზღვრავს დროებით საათობრივ ბადეს ისე, რომ დროებითი საათობრივი ბადე ითვალისწინებდეს სასწავლო წლის დასაწყისისთვის დამტკიცებულ ყველა საგანს.
„დროებითი საათობრივი ბადის მოქმედების პერიოდში მასწავლებლის შრომის ანაზღაურება ხორციელდება 56-ე მუხლით განსაზღვრული საათობრივი ბადის საფუძველზე სკოლის მიერ სასწავლო წლის დასაწყისში დაზუსტებული საათობრივი დატვირთვის და „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანების შესაბამისად,“ - წერია ბრძანებაში.
დოკუმენტის თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე II სემესტრში მოსწავლეები შეფასდებიან I-IV კლასებში განმავითარებელი, ხოლო V-XII კლასებში განმავითარებელი და/ან განმსაზღვრელი შეფასებით სკოლის მიერ თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურად შეთავაზებული ფორმით.
ბრძანებაში ასევე წერია განმსაზღვრელი შეფასების და წლიური ქულის გამოყვანის წესი. დოკუმენტის თანახმად, სკოლა თავად განსაზღვრავს მოსწავლის შეფასებისას რომელ შესაძლებლობას/შესაძლებლობებს გამოიყენებს. სამინისტრო და რესურსცენტრები მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას გაუწევენ სკოლებს.
ამასთან, ბრძანებაში მოცემულია ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც მოსწავლე წლიური ქულის ამაღლებას შეძლებს.
ბრძანების თანახმად, 2019-2020 სასწავლო წელს საჯარო სკოლაში არ ტარდება გამოცდები, რომლებიც განსაზღვრულია ეროვნული სასწავლო გეგმით. თუ საბაზო-საშუალო საფეხურებზე მოსწავლემ სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინა კონკრეტული საგნისთვის 2019-2020 სასწავლო წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი, მოსწავლე ფასდება საგანში წლის განმავლობაში მიღებული მიმდინარე საკლასო, მიმდინარე საშინაო და შემაჯამებელი დავალებების ქულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ უფიქსირდება საგანში მიმდინარე დავალებების ქულები, შეფასდება ერთი შემაჯამებელი/კომპლექსური ტიპის დავალებაში მიღებული განმსაზღვრელი შეფასების საფუძველზე.
2019-2020 საწავლო წელს კერძო სკოლები და საგნის/საგნების გაძლიერებული სწავლების სტატუსის მქონე სკოლები დამოუკიდებლად იღებენ გამოცდების ჩატარების გადაწყვეტილებას და გამოცდების ჩატარების შემთხვევაში განსაზღვრავენ გამოცდის ფორმას.
2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში სკოლები თავად განსაზღვრავენ შემაჯამებელი დავალებების რაოდენობას.