მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ჩანიშნულია დამატებითი სესიები საგნების მიხედვით. აპლიკანტები გამოცდის შემდგომ ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ და თავიანთ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
აზრთა გაზიარება უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში. მოვიფიქრეთ, რომ ამ შეფასებებისა და ემოციებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მასწავლებელთა ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად რთული იყო ტესტი და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს?
გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ და მთავარ პრობლემად შემცირებული დრო, კითხვების დახურულის ღიით შეცვლა, არაპროგრამული მასალის დავალებებში შეტანა დაასახელეს ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფში.
მაიკო კვიჟინაძე წერს, რომ 1-6 ქართული და მე-7-მე-12 ქართული ჩაბარებული აქვს. წელს კომბინირებულის ქართული ძალიან მერთულაო. მზია ზურაბული იმ აპლიკანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ 1-6 მათემატიკა რთული არ იყო, მაგრამ დრო არ მეყო დავალებების შესასრულებლადო. დროის სიმცირეს უჩივიან ასევე კომბინირებულის გამოცდაზე გასული მასწავლებლები. ცისმარი ბუწურაძე ამბობს, რომ დახურული კითხვები ცოტა იყო და ღია კითხვები მეტ დროს მოითხოვდა, ხოლო წელს დრო გასულ წელთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეს.
გამოკითხვის დროს გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდაზე გასული მასწავლებლები ტესტის სიმარტივეს აღიარებდენ. უცხო ენის პედაგოგებსაც ემარტივათ დავალებები. ეს გამოიკვეთა გამოკითხვაში მონაწილეთა შორის.
მუსიკა, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კომბინირებული იყო ყველაზე რთული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
სწორედ გამოკითხვის დროს წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, რომელმაც კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა და მას უცვლელად გთავაზობთ.
რის ხარჯზე შემცირდა დაწყებითი კლასების ტესტებისთვის დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო?
შემცირდა დრო და შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა - სირთულე დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა. დროის შემცირება მოხდა თავად მასწავლებელთა თხოვნის გათვალისწინებითაც (მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა).
პედაგოგები ჩივიან, თითქოს, ტესტებში შეხვდათ ისეთი საკითხები, რომლებიც პროგრამაში არ იყო მოცემული. მაგ., ხელოვნებაში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ხელოვნების ტესტში მოცემული არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ბუნებრივია, პროგრამაში ვერ იქნება მითითებული კონკრეტული ეპოქის ყველა მხატვარი და მათი ნამუშევრები, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ კონკრეტული ეპოქის ცოდნა ისე, რომ შეძლონ ესა თუ ის ავტორი მიაკუთვნონ მას. ყოველი დავალებისთვის შერჩეულია კონკრეტული ეპოქის ტიპური ნიმუში, რომელშიც ყველა თავისებურება ნათლად იკითხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მასწავლებელი ზედმიწევნით ცნობდეს ეპოქას და ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებას.
თუ აპლიკანტი მიხვდა, რომ ტესტში წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა, მაგალითად, რენესანსის ეპოქას განეკუთვნება, მან ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს ფერწერული სურათის მხატვრული თავისებურებები - დაასახელოს დარგი, ჟანრი, მასალა, ტექნიკა და ა. შ.
შედეგები დაახლოებით როდის გახდება ცნობილი?
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები ეტაპობრივად მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე. მოამზადა მელანო ებრალიძემ
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
გამოცდები ჩატარდება ყოველწლიურად და სტატუსშეწყვეტილ მასწავლებლებს არ შეეზღუდებათ მასში მონაწილეობის და კვალიფიკაციის დადასტურების უფლება, ამ გზით დაბრუნდებიან სკოლაში
სტატუსშეწყვეტილი მასწავლებლების პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მასწვლებლის პროფესიის რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა ბარაბაძე.
- მასწავლებლები გვწერენ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში მაღალმთიან რეგიონებში არ მიეცათ ონლაინ ტრენინგებში ჩართვის საშუალება და ამის გამო ვერ დაადასტურეს კომპეტენცია. იქნება თუ არა რამე შეღავათი ასეთ მასწავლებლებზე?
- ხარისხიანი მასწავლებელი ყველა რეგიონშია საჭირო, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ცვლილებით, რომელიც ახლა მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით, თუ ერთი კრედიტი მაინც აქვს მიღებული მასწავლებელს საგნობრივ და პროფესიული უნარების გამოცდაზე, ანუ კომპეტენცია დადასტურებული აქვს მინიმუმ ერთ კრედიტ ქულაზე, მას აქვს უფლება, სკოლაში დარჩეს და გააგრძელოს საქმიანობა. 2017 წლიდან დაიწყო კომპეტენციის დადასტურება და გამოცდის ჩაბარების ვალდებულება 2010 წლიდან არის, ასე რომ, მათ საკმაოდ დიდი დრო ჰქონდათ, გამოცდა ჩაებარებინათ მინიმუმ ერთ კრედიტ ქულაზე.
- თუ გაუშვებთ მაღალმთიანი რეგიონის მასწავლებლებს, არსებობს რამე პროგრამა, რისი საშუალებითაც თბილისიდან ან სხვა დიდი ქალაქიდან წავლენ ახალი პედაგოგები იქ?
- ასე არ არის დიფერენცირებული მაღალმთიანი რეგიონების მასწავლებლები და სხვა მასწავლებლები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში არსებობს მიზნობრივი პროგრამა, რომელიც სწორედ ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში, შორეული სოფლების მასწავლებლების დეფიციტური კადრების შევსებას, ასეთი პროგრამა მუშაობს „ასწავლე საქართველოსთვის“, თუმცა მეტსაც გეტყვით, თუ მოხდა ისე, რომ დეფიციტური აღმოჩნდა კადრი და ვაკანსია ვერ შეივსო, მაშინ სკოლას აქვს უფლება და არა ვალდებულება, იგივე მასწავლებელთან გააფორმოს ხელშეკრულება, ვაკანსიის შევსებამდე. საგაკვეთილო პროცესი რომ არ ჩაიშალოს, ამისთვის არის შემოტანილი ეს რეგულაცია. უკვე მუშაობს ეს პროგრამა და სტატისტიკის მიხედვით 200-მდე მასწავლებელია ჩართული 2009 წლიდან და შესაბამისად არის დასაქმებულიც საჭიროების მიხედვით. რესურსცენტრიდან და სკოლიდან უნდა იყოს მოთხოვნა და ამის შემდეგ მოხდება კადრის შევსება. რაც შეეხება იმას, რომ თავად სკოლაში ვაკანტური ადგილი გაჩნდება თუ არა, პირველ რიგში, თავად სკოლაში კათედრაზე უნდა მოხდეს განაწილება. მას შემდეგ რაც ყველა მასწავლებელი შესაბამის საათებს მიიღებს, თუ მაინც გამოცხადდება ვაკანსია, ბუნებრივია, უნდა დაველოდოთ კონკურსის შედეგებს. შესაძლოა, შარშან არ იყო მსურველი, მაგრამ თაობები იზრდება და წელს შეიძლება გაჩნდა კადრი, რომელმაც დაადასტურა კომპეტენცია. თუ ასე არ მოხდა, ამის შემდეგ მოგვმართავს სკოლა და მივლინებული იქნება პედაგოგი, აუცილებლად მოხდება შევსება. ეს არის დამატებითი პროგრამა და სკოლის ხელშეკრულებასთან ერთად სახელმწიფო აძლევს დანამატს ხელფასზე.
- როგორ აპირებთ საბუნებისმეტყველო საგნებში (სადაც ძალიან მცირეა დაინტერესება ახალი თაობის მხრიდან) სტატუსშეწყვეტილი მასწავლებლების ჩანაცვლებას?
- საბუნებისმეტყველო საგნების პრობლემა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში დგას. ფიზიკის მასწავლებლების პრობლემა საკმაოდ სერიოზულია. საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლები უნდა მომზადდეს. ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ ესაა, რომ ეროვნული სკოლის ფარგლებში შეიძლება ადგილობრივი მასწავლებლების გადამზადება მოხდეს მასწავლებელსთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. დაწყებულია ამ საგნობრივი ჯგუფის მზადების პროცესი. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ერთი ნაკადი ასეთი მასწავლებლებისა უკვე გადამზადდა და ეს პროცესი კვლავ გაგრძელდება.
- უფრო მეტი რომ გვითხრათ სტატუსშეწყვეტილი მასწავლებლების ბედზე და მათ სამომავლო განვითარების გეგმებზე?
- ასეთმა მასწავლებლებმა უნდა ჩააბარონ თავიანთი საგნობრივი გამოცდა, დაიბურნონ სტატუსი და აიმაღლონ კომპეტენცია, ამით ისინი დაბრუნდებიან სასკოლო სივრცეში. შეიძლება ეს მოხდეს იმავე სკოლაში, ან იქ, სადაც იქნება გამოცხადებული ვაკანსია. გამოცდები ჩატარდება ისევ, ყოველწლიურად და მათ არ შეეზღუდებათ გამოცდაში მონაწილეობის და კვალიფიკაციის დადასტურების უფლება და ამ გზით დაბრუნდებიან სკოლაში. მასწავლებლის სახლის დახმარებას რაც შეეხება, ის არის მოქმედი მასწავლებლებისთვის და არა სკოლაში არმყოფთათვის. მასწავლებლის პროფკავშირში ქალბატონმა მაია კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ მზად არიან გამოცდებისთვის მოსამზადებლად უსასყიდლოდ მოემსახურონ ყველა მასწავლებელს, როგორც მოქმედს, ისე სტატუსშეწყვეტილს.