მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდების ძირითადი სესიები დასრულდა, ჩანიშნულია დამატებითი სესიები საგნების მიხედვით. აპლიკანტები გამოცდის შემდგომ ემოციებს ერთმანეთს უზიარებენ და თავიანთ მოსაზრებებსა და შეფასებებს გამოხატავენ.
აზრთა გაზიარება უმეტეს შემთხვევაში სოციალური ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა სხვადასხვა ჯგუფში. მოვიფიქრეთ, რომ ამ შეფასებებისა და ემოციებისთვის ერთად მოგვეყარა თავი და მასწავლებელთა ჯგუფში ჩავატარეთ გამოკითხვა, რამდენად რთული იყო ტესტი და როგორ გაართვეს თავი სამუშაოს?
გამოკითხვაში აქტიურად ჩაერთნენ და მთავარ პრობლემად შემცირებული დრო, კითხვების დახურულის ღიით შეცვლა, არაპროგრამული მასალის დავალებებში შეტანა დაასახელეს ხელოვნების მასწავლებელთა ჯგუფში.
მაიკო კვიჟინაძე წერს, რომ 1-6 ქართული და მე-7-მე-12 ქართული ჩაბარებული აქვს. წელს კომბინირებულის ქართული ძალიან მერთულაო. მზია ზურაბული იმ აპლიკანტთაგან ერთ-ერთია, რომელიც ამბობს, რომ 1-6 მათემატიკა რთული არ იყო, მაგრამ დრო არ მეყო დავალებების შესასრულებლადო. დროის სიმცირეს უჩივიან ასევე კომბინირებულის გამოცდაზე გასული მასწავლებლები. ცისმარი ბუწურაძე ამბობს, რომ დახურული კითხვები ცოტა იყო და ღია კითხვები მეტ დროს მოითხოვდა, ხოლო წელს დრო გასულ წელთან შედარებით, ერთი საათით შეამცირეს.
გამოკითხვის დროს გამოიკვეთა ერთი ფაქტი, რომ ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიის გამოცდაზე გასული მასწავლებლები ტესტის სიმარტივეს აღიარებდენ. უცხო ენის პედაგოგებსაც ემარტივათ დავალებები. ეს გამოიკვეთა გამოკითხვაში მონაწილეთა შორის.
მუსიკა, სამოქალაქო განათლება და დაწყებითი კომბინირებული იყო ყველაზე რთული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
სწორედ გამოკითხვის დროს წამოჭრილი პრობლემებისა და სირთულეების შესახებ ვესაუბრეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურს, რომელმაც კითხვებზე პასუხი წერილობით მოგვაწოდა და მას უცვლელად გთავაზობთ.
რის ხარჯზე შემცირდა დაწყებითი კლასების ტესტებისთვის დავალებების შესასრულებლად განკუთვნილი დრო?
შემცირდა დრო და შემცირდა დავალებების რაოდენობაც, თუმცა ტესტი არ გამარტივებულა - სირთულე დაახლოებით ისეთი იყო, როგორიც წინა წლებში. მასწავლებელთა მიერ საგამოცდო ტესტებში მიღებული შედეგების ყოველწლიურმა სტატისტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ დავალებების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, შესაძლებელია მასწავლებელთა კომპეტენციის ობიექტურად გაზომვა. დროის შემცირება მოხდა თავად მასწავლებელთა თხოვნის გათვალისწინებითაც (მათი აზრით, ძალიან ხანგრძლივი იყო გამოცდა).
პედაგოგები ჩივიან, თითქოს, ტესტებში შეხვდათ ისეთი საკითხები, რომლებიც პროგრამაში არ იყო მოცემული. მაგ., ხელოვნებაში. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
ხელოვნების ტესტში მოცემული არც ერთი საკითხი არ სცილდება პროგრამის ჩარჩოებს. ბუნებრივია, პროგრამაში ვერ იქნება მითითებული კონკრეტული ეპოქის ყველა მხატვარი და მათი ნამუშევრები, თუმცა მასწავლებლებს მოეთხოვებათ კონკრეტული ეპოქის ცოდნა ისე, რომ შეძლონ ესა თუ ის ავტორი მიაკუთვნონ მას. ყოველი დავალებისთვის შერჩეულია კონკრეტული ეპოქის ტიპური ნიმუში, რომელშიც ყველა თავისებურება ნათლად იკითხება. მნიშვნელოვანია, რომ ხელოვნების მასწავლებელი ზედმიწევნით ცნობდეს ეპოქას და ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანების შემოქმედებას.
თუ აპლიკანტი მიხვდა, რომ ტესტში წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალა, მაგალითად, რენესანსის ეპოქას განეკუთვნება, მან ვიზუალურ მასალაზე დაკვირვებით უნდა იმსჯელოს და გააანალიზოს ფერწერული სურათის მხატვრული თავისებურებები - დაასახელოს დარგი, ჟანრი, მასალა, ტექნიკა და ა. შ.
შედეგები დაახლოებით როდის გახდება ცნობილი?
ნაშრომების გასწორების პროცესი უკვე დაწყებულია და შედეგები ეტაპობრივად მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე განთავსდება ცენტრის ვებ-გვერდზე. მოამზადა მელანო ებრალიძემ
გააზიარეთ პოსტი
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.
„განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა რომ მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია“ - მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საჯარო თუ კერძო სკოლებში აუცილებელია პიროვნებაზე ორიენტირებული გარემოს ჩამოყალიბება, რათა თითოეულ მოზარდს მიეცეს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალება.
„იმისათვის, რომ განათლების სისტემამ XXI საუკუნის გამოწვევათა დასაძლევად შესაბამისი ცოდნა მისცეს მოსწავლეებს, საგანმანათლებლო მიდგომების შეცვლა გარდაუვალია. აუცილებელია ბიუროკრატიის შემცირების მიზნით, სკოლების დეცენტრალიზაციის მიმართულებით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, სკოლებში პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც ყველა მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას მისცემს. სწავლების მთავარი მიზანი არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ მოსწავლეებში კრიტიკული, კომპლექსური აზროვნების განვითარება უნდა იყოს.
სწორედ ამას გულისხმობს „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა, რომლის ფარგლებშიც 2019 წელს საქართველოს 100-ზე მეტ სკოლაში სწავლა-სწავლების პრინციპები, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების და თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გუნდური მუშაობის პრაქტიკა დაინერგა. პროგრამა აგრეთვე გულისხმობს ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირებას და წინსვლისა და განვითარების ხელშემწყობი შეფასების სისტემის შექმნას. ამ მოდელის დანერგვა მოსწავლეებისთვის კომპლექსური, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარების პირობებს ქმნის. ეტაპობრივად, 2023 წლამდე პროგრამა საქართველოს ყველა საჯარო სკოლას მოიცავს, “ - განაცხადა მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.