Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე - კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე - კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გაიცა

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ისტორიული დღის, ანუ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის დამტკიცების შესახებ წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით: 

,,ისტორიული დღე იყო 2020 წლის 10 დეკემბერი. FDA-მ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. 17 ხმა 4-ის წინააღმდეგ. ერთმა თავი შეიკავა. დარწმუნებული ვარ, იმ 17-დან ვერცერთი ვერ დაიძინებდა ამ საღამოს მშვიდად.

ნაცნობი შეგრძნებაა. სიკვდილთან ყოველი დამარცხებისას განუწყვეტლივ ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა კიდევ რამის გაკეთება და შეცდომა ხომ არ დაუშვი სადმე; იქნებ ვერ იყავი საკმარისად გაბედული; იქნებ უფრო ფრთხილი უნდა ყოფილიყავი; იქნებ... იქნებ .. იქნებ ის ოთხი ადამიანი იყო მართალი; ისინიც ხომ ექსპერტები არიან? იქნებ ... იქნებ ...


დიახ, აქვს ვაქცინებს თავისი გართულებები. ყველამ ვიცით. მაგრამ კაცობრიობამ მიიღო მათი გამოყენების რისკი. პლანეტა ვერ გაჩერდება. ადამიანთა სამყარომ მიიღო და გაითავისა საკუთარ არსებობასთან დაკავშირებული ხიფათები, გათვალა უპირატესობები და პრაგმატული ნაბიჯებით გააგრძელა წინსვლა.

კოვიდმა მთელი წლით გაყინა პლანეტა; გადაასხვაფერა. ესპანური გრიპი ბევრად უფრო ფატალური პანდემია იყო, მაგრამ კოვიდი რატომღაც უფრო შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ალბათ იმიტომ, რომ მსოფლიო საოცრად დაპატარავდა და თან აჩქარდა. ინტერნეტმა შექმნა ეს ილუზია. ქვეყნებმა ერთმანეთის მოპირდაპირედ მდგარი კორპუსების მაცხოვრებლებივით დაიწყეს ერთმანეთის ფანჯრებში ჭვრიტინი, დაწვრილებით შეისწავლეს მეზობლების ქცევა, რუტინა; მოწმეები გახდნენ ერთმანეთის ბედნიერებისა და უბედურების, სიხარულისა და შიშის.

ნეტავ როგორ გავიხსენებთ ამ დღეს რამდენიმე წლის შემდეგ?

როგორც კაცობრიობის დიდი გამარჯვების დღეს? ასეთი სისწრაფით არასოდეს უმუშავია პლანეტის გაერთიანებულ გონს მიკროსამყაროს წინააღმდეგ. ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში შეიქმნა ვაქცინა, ყველაზე ეფექტური და გამანადგურებელი იარაღი სამყაროთაშორის ბრძოლაში. რა სიზუსტის აღმოჩნდება ეს იარაღი? გასროლისას მსროლელსაც ხომ არ დააზიანებს? არავინ იცის აბსოლუტური სიზუსტით, მაგრამ მოცდა აღარ შეიძლება. მხოლოდ ვირუსი არ ემუქრება პლანეტას, შეუცნობელის მოლოდინის შიში დათრგუნავს და დააძაბუნებს.

ექიმებზე უკეთ არავინ იცის ამ შიშის ძალა. უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტი ხომ შიშით მანამ კვდება, სანამ თავად დაავადება მოერევა ორგანიზმს. ამ შიშის გავრცელება უნდა აღიკვეთოს. ვაქცინა იმედია, რწმენაა და იმდენად რაციონალურია ეს რწმენა, რამდენადაც მსოფლიო გონი ენდობა საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს.

შეუცნობლის მიმართ შიშის გამო პლანეტის ნაწილი შეგნებულად უარს იტყვის ამ ვაქცინაზე, მაგრამ ეს შიში აუცილებლად გაიფანტება დროთა განმავლობაში. როგორც კი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება დაგროვდება, შიშის მოქმედების არეალიც შემცირდება.

მაგრამ, მაინც ... ნეტავ ვის უფრო მშვიდად სძინავს ამ ღამით, იმ 17-ს თუ იმ 4-ს?

ალბათ ერთ დღეს გავიგებთ. მანამ კი ყველას გილოცავთ პირველ ნაბიჯს ჩვენი ეგზომ მობეზრებული და ეგზომ მონატრებული რუტინის დასაბრუნებელ გზაზე,'' - აღნიშნავს ზურაბ გურული. 


წაიკითხეთ სრულად