Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია,“ - თენგიზ ცერცვაძე

„სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია,“ - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ფონი შეაფასა და აღნიშნა, რომ კოვიდ-19-ის გაზრდილი შემთხვევების გამო სახელმწიფო იძულებული გახდება სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღოს:

„თუ რაღაც რადიკალური ზომები არ მივიღეთ და არ გამოვფხიზლდით, ​ამ სიტუაციის შენარჩუნება დიდხანს ძნელი იქნება და გარდაცვალების რაოდენობა მოიმატებს.“

„მე მიმაჩნია, რომ მოსახლეობა ან გათავისუფლდება სიურეალისტური გავლენებისგან, შემობრუნდება მასობრივი ვაქცინაციისა და პირბადეების ტარებისკენ, ან მთავრობა იძულებული გახდება შემოიღოს სავალდებულო ვაქცინაცია, რაც უნდა პროტესტი მოჰყვეს ამას. სავალდებულო ვაქცინაციის ვერსია განიხილება, მაგრამ უარყოფილია.​ ჯერჯერობით მთავრობის მზაობა არ არის, რომ სავალდებულო ვაქცინაცია დააწესოს, პირველ რიგში, ცალკეული ჯგუფებისთვის, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, ორსულებისთვის და ა.შ.“ - აღნიშნულ საკითხზე თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

დღეს საქართველოში კოვიდ-19-ით ინფიცირების 4 467 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 1790 და გარდაიცვალა 42 ადამიანი.

წყარო: ​ტელეკომპანია „იმედი“

წაიკითხეთ სრულად