Baby Bag

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

განათლების სფეროს წარმომადგენელთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთის მუნიციპალიტეტში სკოლის წარმომადგენელთა იმუნიზაციისთვის გამოყოფილი სპეციალური სივრცე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან დავით ნოზაძესთან ერთად დაათვალიერა.

ვაქცინაციაზე მოსულმა პედაგოგებმა მინისტრის პირველ მოადგილესთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათ და მათ კოლეგებს კარგად აქვთ გაცნობიერებული იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რაც განათლების სფეროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით ეკისრებათ.

ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა მცხეთელ პედაგოგებს და სკოლის წარმომადგენლებს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისთვის და კვლავ მოუწოდა სასკოლო საზოგადოებას, გააქტიურდნენ, დროულად ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში და საკუთარი ჯანმრთელობის დაცვით, ხელი შეუწყონ პანდემიის დამარცხებას. მისივე თქმით, მისასალმებელია ის გარემოება, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40%-ს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და მინისტრის პირველი მოადგილე იმედოვნებს, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იმუნიზაციის პროცესის მაქსიმალურად გამარტივების მიზნით, განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის საქართველოს მასშტაბით მოქმედ იმუნიზაციის ყველა ცენტრში დამატებით გამოყოფილია ამცრელი კაბინეტები და ამცრელი ჯგუფები. ცენტრებში სასურველი ვაქცინით აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.
„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 911 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 66 561-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 421 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 49 811-მდე.

​სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის თბილისში - 18, აჭარაში - 14, იმერეთში - 7, ქვემო ქართლში - 3, კახეთში - 2, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 566 გარდაცვალების შემთხვევა.

​დღეს გამოვლენილი 2 911 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 056 შემთხვევა, აჭარაში - 476, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 201, შიდა ქართლში - 134, გურიაში - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 294, კახეთში - 69, მცხეთა-მთიანეთში - 19, სამცხე-ჯავახეთში - 92, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 25.

​ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 158. 4 878 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 373, აჭარაში - 787. მძიმე პაციენტი გვყავს 632, მათ შორის, თბილისში - 306, აჭარაში - 111. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 308 პირი - მათ შორის, თბილისში - 146, აჭარაში - 105. 3 181 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 569 - აჭარაში, ხოლო 1 088 - თბილისში. 8 099 პირი მკურნალობს ბინაზე.

​საკარანტინო სივრცეში გვყავს 2 656 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 508, აჭარაში -1 328. სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია 14 098 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 39 721 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 6 568 პირი, აჭარაში - 16 826, იმერეთში - 4 385“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

წაიკითხეთ სრულად